15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, 12 ქალაქიდან სულ ცოტა რვაში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ თბილისში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმში, თუმცა მათ 50%–იანი ბარიერი ვერ გადალახეს და ამიტომ ამ ქალაქებში მეორე ტური გაიმართება.
წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატები, სავარაუდოდ, პირველი ტურში მოიგებენ არჩევნებს ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხეში და ამბროლაურში. თუმცა, ქუთაისში, სადაც წინასწარი შედეგები 125 უბნიდან 116–ის შემაჯამებელ ოქმებს ეფუძნება, ქართული ოცნების კანდიდატ შოთა მურღულიას 51.11% აქვს და ჯერ კიდევ გასარკვევია, შენარჩუნედება თუ არა ეს შედეგი მას შემდეგ, რაც დარჩენილი უბნების ხმებიც დაითვლება.
წინასწარი ოფიციალური შედეგებით, 8–დან 4 ქალაქში, სადაც სავარაუდოდ მეორე ტურები გაიმართება, ქართული ოცნების კანდიდატებს ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან, ხოლო დანარჩენ 4 ქალაქში, მმართველი კოალიციის ოპონენტები სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატები იქნებიან.
თბილისი
თბილისის წინასწარი შედეგების თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს 46.35%–ით და მას მეორე ტურში მოუწევს ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან ნიკა მელიასთან, რომელსაც ხმების 27.58% აქვს.
ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატს დიმიტრი ლორთქიფანიძეს ხმების 12.85% აქვს. მას მოყვება საქართველოს პატრიორთა ალიანსის მიერ წარდგენილი ირმა ინაშვილი ხმების 5.38%-ით. ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს ასმათ ტყაბლაძეს 2.48% აქვს; ახალი მემარჯვენეების და თავისუფალი საქართველოს საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კახა კუკავას 2.36%, ხოლო საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერს, დეპუტატ გიორგი გაჩეჩილაძეს 1.16% აქვს.
წინასწარი მონაცემებით, დანარჩენ შვიდ კანდიდატს 1%–ზე ნაკლები აქვს თითოეულს.
თბილისის საკრებულოს არჩევნების წინასწარი შედეგებით, პროპორციული სისტემით ქართული ოცნება ლიდერობს 46.07%–ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობა – 26.24%–ით.
კიდევ ორი პარტია, რომელთაც 4%–იანი ბარიერი გადალახეს თბილისის საკრებულოში პარტიული სისტემით ადგილების მოსაპოვებლად, არიან: ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული ოპოზიცია 10.34%–ით და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 6.14%–ით.
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები ეფუძნება თბილისის 729 უბნიდან 532 უბანში დათვლილ ხმებს.
თბილისის 50–წევრიანი საკრებულოს ადგილების ნახევარი პროპორციული სიით გასულ წევრებს, მეორე ნახევარი კი 25 ერთმანდატიან ოლქში არჩეულ მაჟორიტარებს შორის ნაწილდება.
ქუთაისი
ქუთაისში ქართული ოცნების კანდიდატი შოთა მურღულია ლიდერობს მერის არჩევნებში ხმების 51.11%–ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, დეპუტატი გიორგი თევდორაძე 25.91%–ით.
თემურ შაშიაშვილს, ქუთაისის ყოფილ მერს და იმერეთის გუბერნატორს ედუარდ შევარდნაძის ადმინისტრაციაში, რომელიც ბურჯანაძის კოალიციამ წარადგინა, 13.38% აქვს.
ორშაბათს 12 საათის შემდეგ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები 125–დან 116 უბნის შემაჯამებელ ოქმებს ეფუძნება.
ბათუმი
ბათუმში ქართული ოცნების კანდიდატს გიორგი ერმაკოვს ხმების 45% აქვს; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი დიასამიძე 17.66%–ით.
საქართველოს გზის კანდიდატს გოჩა გუგუნავას 7.92% აქვს; საქართველოს პარტიოტთა ალიანსის კანდიდატს თეიმურაზ მიქელაძეს – 7.61%; მურმან ბერიძეს ბურჯანაძის კოალიციიდან 6%–ზე ოდნავ მეტი.
რუსთავი
86 უბნიდან 24–ის შემაჯამებელ ოქმებზე დაფუძნებული წინასწარი შედეგების თანახმად, რუსთავში მეორე ტური გაიმართება ქართული ოცნების კანდიდატს დავით ჯიქიას, რომელსაც 38.56% აქვს, და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, მამუკა ჩიქოვანს შორის, რომელსაც 29.3% აქვს.
მესამე ადგილზეა ეროსი კიწმარიშვილი 12.71%–ით. კიწმარიშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილი თანამფლობელი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში რამდენიმე წლის წინ, თუმცა რუსთავის მერობის კანდიდატად გამოჩენამდე პასიური პოზიცია ეკავა.
თელავი
თელავში ქართული ოცნების კანდიდატი პლატონ კალმახელიძე ლიდერობს 42.44%–ით.
მას მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან ალექსი ძულიაშვილთან მოუწევს ბრძოლა, რომელსაც 21.7% აქვს.
გორი
გორი ერთ–ერთი იმ ოთხი ქალაქთაგანია, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები მეორე ტურში ვერ გადიან.
გორში ქართული ოცნების კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი ლიდერობს 40.78%–ით.
ის მეორე ტურში, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს, კახაბერ ერგემლიძეს (29.19%) დაუპირისპირდება.
ოქრუაშვილს თავად სურდა გორის მერად კენჭისყრა, მაგრამ თავისი მოკავშირის დასახელება მოუხდა მას შემდეგ, რაც მას საცხოვრებელი ცენზის დარღვევის მოტივით არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.
ნაციონალური მოძრაობის გორის მერობის კანდიდატს მესამე ადგილი უკავია 14.52%–ით.
ზუგდიდი
ქართული ოცნების კანდიდატი ზუგდიდში, ირაკლი გოგოხია პირველი ტურში იმარჯვებს ხმების 58.33%–ით.
ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თეიმურაზ ბასილაიას 33.16% აქვს.
მცხეთა
მცხეთაში ქართული ოცნების კანდიდატი ავთანდილ ნემსიწვერიძე ლიდერობს ხმების 33.64%–ით; შემდეგ მოდის საქართველოს მწვანეთა პარტიის მიერ წარდგენილი დავით მაჩხანელი 25.5%–ით – ორივე კანდიდატს მეორე ტურში მოუწევს ერთმანეთთან დაპირისპირება, თუ ეს წინასწარი შედეგები შენარჩუნდება.
ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატს ილია რუხაძეს მესამე ადგილი უკავია 23.87%–ით.
ფოთი
ფოთში ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი კაკულია ხმების 45.66%–ით ლიდერობს.
მეორე ადგილისთვის ერთმანეთში იბრძვიან საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი უშანგი გეგენავა (20.85%) და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვახტანგ დარცმელიძე (19.36%).
ფოთის წინასწარი შედეგები ეფუძნება 32 უბნიდან 28 უბანში დათვლილ ხმებს. ყველა უბნის შედეგი გადაწყვეტს, თუ ვინ დაუპირისპირდება მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატს.
ოზურგეთი
მეორე ტური გაიმართება ოზურგეთშიც ქართული ოცნების კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს (35.15%) და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს შოთა გოგიბერიძეს (21.41%) შორის.
საქართველოს გზის მიერ წარდგენილ კანდიდატს ივანე ტაბატაძეს მესამე ადგილი უკავია 17%–ით.
ახალციხე
ახალციხეში ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი კოპაძე ლიდერობს ხმების 60.44%–ით.
მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გელა დემეტრაძე ხმების 31.03%.
ამბროლაური
ქართული ოცნების კანდიდატი რატი ნამგალაძე ამბროლაურში უპირობო ლიდერია ხმების 82.22%–ით; ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ამირან ლომთაძეს ხმების 17.78% აქვს.