ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, 59-ვე ოლქში ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა სულ ცოტა 13 ოლქში გამგებლის გამოსავლენად შესაძლოა მეორე ტურები გაიმართოს.
ეს 13 ოლქია: ყვარელი, თელავი, ახმეტა,თიანეთი, გორი, თერჯოლა, ბაღდათი, ხონი, ტყიბული, ლანჩხუთი, მარტვილი, ქობულეთი და ხულო.
დანარჩენ ოლქებში ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატები ხმების 50%-ზე მეტს იღებენ, რაც საკმარისია პირველივე ტურში არჩევნების მოსაგებად.
თუმცა, იმ დროს, როდესაც ზოგიერთ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ, წინასწარი შედეგები ასევე აჩვენებს, რომ ზოგიერთ სხვა ოლქში ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატები 50%–იანი ბარიერის ზღვართან ახლოს არიან.
ქვემოთ მოცემულია გამგებლების არჩევნების წინასწარი შედეგები მუნიციპალიტეტების მიხედვით:
კახეთის რეგიონი
საგარეჯო
საგარეჯოში უბნების უმეტესობის წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით, ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი გზირიშვილი ხმათა 57.6%-ით პირველივე ტურში იგებს გამგებლის არჩევნებს.
მეორე ადგილზე 22%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გარსევან ბუხნიკაშვილი გავიდა.
გურჯაანი
გურჯაანში ხმათა 61.39%-ით ქართული ოცნების კანდიდატი გივი გერგიძე იგებს. მეორე ადგილზე ხმათა 23.15%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გავიდა.
სიღნაღი
ქართული ოცნების კანდიდატი დავით ჯანიკაშვილი 66.58%-ით იგებს გამგებლის არჩევნებს სიღნაღში, სადაც მეორე ადგილზე, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზაზა ზედელაშვილი გადის ხმათა 16.94%-ით.
დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროში ქართული ოცნების კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი დამაჯერებლად იმარჯვებს ხმების 87.86%-ით.
მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ემზარ ჯანაშვილი (10.2%).
ლაგოდეხი
ლაგოდეხში ქართული ოცნების კანდიდატი კარლო ჯამბურია, წინასწარი შედეგებით, ხმათა 51.41% იგებს არჩევნებს
მეორე ადგილზეა ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი ისაკო ცქიფურიშვილი 30.97%-ით.
ყვარელი
ამ მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ მეორე ტური გამოავლენს გამგებელს, რომელშიც ერთმანეთს ქართულ ოცნების კანდიდატი ილია მზექალაშვილი (47.91%) და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე (24.15%) დაუპირისპირდებიან.
თელავი
დიდი ალბათობით მეორე ტურში გამოვლინდება ასევე თელავის გამგებელი ხმათა 49.8%-ით პირველ ადგილზე მყოფ ქართული ოცნების კანდიდატს ალექსანდრე შათირიშვილსა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გიორგი ბოტკოველს შორის, რომელმაც ხმათა 26.86% დააგროვა, წინასწარი შედეგებით.
მესამე ადგილზე ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატი ჯემალ ბაღათრიშვილი გავიდა 21.39%-ით.
ახმეტა
ახმეტის გამგებელიც სავარაუდოდ მეორე ტურის შედეგად გამოვლინდება.
წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატმა ბექა ბაიდაურმა 41.81% მიიღო; მეორე ადგილზეა ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატი ზურაბ ფილაშვილი 27.97%-ით და მესამეზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი შაქრო ტერტერაშვილი 23.97%.
მცხეთა–მთიანეთის რეგიონი
მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტში ასევე მაღალია მეორე ტურის ალბათობა, სადაც პირველ ადგილზე ხმათა 50.34%-ით ქართული ოცნების კანდიდატი ზურაბ აბესაძე გავიდა.
მეორე ადგილისთვის ამ ოლქში დაძაბული ბრძოლაა მერაბ კოსტავას საზოგადოების კანდიდატს კახაბერ წოწინაშვილს (15.18%), ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ცირა ჯავახიშვილს (12.28%) და საქართველოს პატრიოტთა ალიანსიის კანდიდატს ვლადიმერ ხუციშვილს (11.25%) შორის.
ეს მონაცემები ეფუძნება 40 უბნიდან 36 უბნის შედეგებს.
დუშეთი
ქართული ოცნების კანდიდატმა ვაჟა ჩოხელმა, წინასწარი არასრული მონაცემებით, ხმების 52.5% მიიღო, მეორე ადგილზე ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატი გიორგი ხუციშვილია 20.23%-ით და მესამეზე ირმა ცხორაგაული 17.82%-ით საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან.
ამ ოლქში, სადაც არსებული 53 უბნიდან 48 უბნის შედეგებია გამოქვეყნებული, მეორე ტურის დაბალი ალბათობა არსებობს.
ყაზბეგი
გამგებლის არჩევნებს, ყველა უბნის წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატი გივი ქირიკაშვილი იგებს ხმათა 50.51%-ით. მეორე ადგილზეა ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატი 19.03%-ით.
თიანეთი
ამ მუნიციპალიტეტში ერთმანეთს გამგებლობისთვის მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი (47.37%) და ნინო ბურჯანაძე‐ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი ილია არჩემაშვილი (29.93%) დაუპირისპირდებიან.
ქვემო ქართლის რეგიონი
გარდაბანი
ამ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი გარსევან ნიორაძე ლიდერობს 56.98%-ით, მეორე ადგილზეა ხმათა 27.78%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ბესიკ კახაბრიშვილი.
მარნეული
86 უბნიდან 80-ის ოქმებზე დაფუძნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, მარნეულში ქართული ოცნების კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი 52.44%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი ხმათა 31.86%-ით.
ამ მუნიციპალიტეტში მეორე ტურის მცირე ალბათობა არსებობს, თუ შედეგები გასაჩივრდება.
მარნეული 15 ივნისის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს საარჩევნო ადმინისტრაციამ საცხოვრებელი ცენზის მოთხოვნის საფუძველზე საარჩევნო რეგისტრაცია მოუხსნა; ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც დაგმო ეს გადაწყვეტილება და ხელისუფლების მიერ „ლიდერი“ კანდიდატის ჩამოშორების მცდელობად შეაფასა, საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და ამ უკანასკნელმა იმამკულიევს რეგისტრაცია აღუდგინა. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ის თავის მარნეულის გამგებლობის კანდიდატს მარათონიდან ხსნიდა იმ მოტივით, რომ ოპონენტები ცდილობდნენ ეთნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიის დროს. თუმცა თოფჩიშვილი რეგისტრაციიდან მოხსნის ვადის გასვლის გამო, მაინც დარჩა საარჩევნო ბიულეტენში
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნების მეორე დღეს განაცხადა, რომ მართალია კოალიცია თავის კანდიდატს არჩევნებიდან გამოთიშვა ურჩია, მაგრამ „მოხდა ისე, რომ მარნეულის მოსახლეობამ გადაწყვიტა და ხმა მისცა ქართული ოცნების კანდიდატს. შესაბამისად ჩვენ უფლება არ გვაქვს არ დავემორჩილოთ ხალხის არჩევანს“.
ბოლნისი
ამ მუნიციპალიტეტში გამგებლის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, დამაჯერებლად იმარჯვებს ქართული ოცნების კანდიდატი გოგი მეშველიანი ხმათა 71.16%-ით.
მას თითქმის ხუთჯერ ჩამორჩება მეორე ადგილზე გასული ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატი.
დმანისი
პირველივე ტურში დამაჯერებლად იგებს ხმათა 70.88%-ით გამგებლის არჩევნებს ქართული ოცნების კანდიდატი გოგი ბარბაქაძე.
მეორე-მესამე ადგილებს ბურჯანაძის კოალიცია და ნაციონალური მოძრაობა იყოფენ.
წალკა
წინასწარი სრული შედეგებით, წალკის გამგებელი ქართული ოცნების კანდიდატი ილია საბაძე ხდება 55.42%-ით.
თეთრიწყარო
ამ მუნიციპალიტეტში არჩევნები, წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატმა ბესიკ წიკლაურმა მოიგო, რომელმაც ხმათა 57.78% დააგროვა.
მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხმათა 32.79%-ით.
შიდა ქართლის რეგიონი
გორი
გორის რაიონის გამგებლის გამოსავლენად დიდი ალბათობით მეორე ტური დაინიშნება ქართული ოცნების კანდიდატს დავით ონიაშვილს (46.26%) და ირაკლი ოქრუაშვილის ქართული პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს ბონდო ვათიაშვილს (26.88%) შორის.
კასპი
კასპში ხმათა 64.34%-ით დამაჯერებლად ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა გოჩიტაშვილი.
ქარელი
წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატი ზაზა გულიაშვილი ხმათა 61.16%-ით იგებს ამ მუნიციპალიტეტში გამგებლის არჩევნებს.
მეორე ადგილზეა სალომე ზურაბიშვილი ‐ საქართველოს გზის კანდიდატი.
ხაშური
ქართული ოცნების კანდიდატმა, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 57.6%-ით გამარჯვება მოიპოვა ასევე ხაშურის ოლქში, სადაც მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გავიდა.
სამცხე–ჯავახეთის რეგიონი
ბორჯომი
ქართული ოცნების კანდიდატმა დიმიტრი ყიფიანმა, წინასწარი შედეგებით, მოიგო ბორჯომში გამგებლის არჩევნებში ხმათა 58.65%-ით.
მეორე-მესამე ადგილებს ბურჯანაძის კოალიცია და ნაციონალური მოძრაობა იყოფენ.
ახალციხე
ქართული ოცნების კანდიდატი ზაზა მელიქიძე ხმათა 59.7%-ით ლიდერობს, წინასწარი შედეგების მიხედვით.
მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 32.16%-ით.
ადიგენი
ქართული ოცნების კანდიდატი ზაქარია ენდელაძე იგებს არჩევნებს ადიგენში ხმათა 58.93%-ით, წინასწარი შედეგების საფუძველზე.
მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატია 31.46%-ით.
ასპინძა
ქართული ოცნების კანდიდატი ლევან ცაბაძე ასპინძის გამგებლის არჩევნებს ხმათა 53.04%-ით იგებს, წინასწარი შედეგების მიხედვით.
ახალქალაქი
ახალქალაქში დამაჯერებლად ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი ედუარდ აღასარიანი ხმათა 60.55%-ით.
მეორე ადგილზეა ახალი მემარჯვენეებისა და თავისუფალი საქართველოს კოალიციის კანდიდატი 36.02%-ით.
ნინოწმინდა
ამ მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ გამგებლის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა დააგროვა რა მისმა კანდიდატმა გაგიკ კარსლიანმა 80.57%, რომელსაც მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა ბლოკიდან თვითმმათველობა ხალხს.
რაჭა–ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის რეგიონი
ონი
ონში გამგებლის თანამდებობას, წინასწარი სრული შედეგებით, სავარაუდოდ ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ლობჯანიძე დაიკავებს, რომელმაც ხმათა 53.11% მიიღო.
მეორე ადგილზე ნინო ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატი გავიდა.
ამბროლაური
ამ მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი მალხაზ ლომთაძე ხმათა 76.43%-ით.
ცაგერი
რევაზ ბენიძე, ქართული ოცნების კანდიდატი ასევე დამაჯერებლად ლიდერობს ცაგერში 71.09%-ით.
მის ერთდერთ კონკურენტს ნაციონალური მოძრაობიდან ხმათა 28.91% აქვს.
ლენტეხი
ქართული ოცნების კანდიდატმა ამირან ჯამბურიძემ, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 62.01%-ით გამარჯვება მოიპოვა ლენტეხში.
მეორე ადგილზე ქრისტიან დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გავიდა.
იმერეთის რეგიონი
ხარაგაული
ამ მუნიციპალიტეტში გამგებლის თანამდებობას, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი ხმათა 64.64%-ით დაიკავებს.
მას დაახლოებით სამჯერ ჩამორჩება მეორე ადგილზე გასული ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.
თერჯოლა
თერჯოლაში მეორე ტურია მოსალოდნელი, რომელშიც, წინასწარი შედეგების მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატი თეიმურაზ ჯაფარიძე (46.81%) და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი (36.96%) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
საჩხერე
საჩხერეში გამგებლის არჩევნებს დამაჯერებლად იგებს ქართული ოცნების კანდიდატი მალხაზ ბაზაძე, რომელმაც ხმათა 83.32% დააგროვა.
მას დაახლოებით რვაჯერ ჩამორჩება მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ბურჯანაძის კოალიციიდან.
ზესტაფონი
ზესტაფონში ნაკლებად სავარაუდოა მეორე ტური, სადაც ქართული ოცნების კანდიდატმა ტარიელ თუთარაშვილმა, წინასწარი მონაცემებით, ხმათა 52.85% დააგროვა.
მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გავიდა.
ბაღდათი
ამ მუნიციპალიტეტში წინასწარი შედეგები მეორე ტურის ალბათობაზე მიანიშნებს ქართული ოცნების კანდიდატს ირაკლი გეგეშიძეს (44.4%) და სალომე ზურაბიშვილი ‐ საქართველოს გზის კანდიდატს მევლუდ კიკნაველიძეს შორის (37.59%).
ვანი
ვანში ქართული ოცნების კანდიდატი ზაზა ხურციძე ლიდერობს 53.96%-ით, ხოლო მეორე ადგილზეა ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატი ბეჟან ხურციძე ხმათა 32.5%-ით.
სამტრედია
ამ მუნიციპალიტეტში არჩევნებს ქართული ოცნების კანდიდატი ვალერიანე ფოცხვერია იგებს 58.79%-ით.
მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 24.32%-ით.
ხონი
ხონში მეორე ტურია მოსალოდნელი, სადაც ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი ჯემალ მებუკე (46.87%) და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია (42.11%) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ჯიბუხაიას ჯერ კიდევ კანდიდატად წარდგენამდე წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და დღემდე დაკავებული რჩება.
ჭიათურა
ქართული ოცნების კანდიდატმა სულხან მახათაძემ, წინასწარი მონაცემებით, 55.81%-ით მოიგო ჭიათურის გამგებლის არჩევნები.
მეორე ადგილზე 22.91%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გავიდა.
ტყიბული
ამ მუნიციპალიტეტში მეორე ტურია მოსალოდნელი ქართული ოცნების კანდიდატს რობიზონ გვენეტაძეს (43.51%) და ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატს თენგიზ ჭიქაბერიძეს (33.82%) შორის.
წყალტუბო
ქართული ოცნების კანდიდატი კონსტანტინე მამისეიშვილი ხმათა 52.03%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 32.07%-ით.
გურიის რეგიონი
ოზურგეთი
ქართული ოცნების კანდიდატი მერაბ ჭანუყვაძე ოზურგეთში ხმათა 68.77%-ით დამაჯერებლად ლიდერობს.
ლანჩხუთი
ლანჩხუთში მეორე ტურია მოსალოდნელი ქართული ოცნების კანდიდატს ზაზა ურუშაძეს (44.6%) და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს ბარნაბ ჭყონიას (36.71%) შორის.
ჩოხატაური
ქართული ოცნების კანდიდატი ირაკლი კუჭავა ხმათა 53.82%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი 25.04%-ით.
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი
მესტია
ქართული ოცნების კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი დამაჯერებლად იგებს მესტიაში გამგებლის არჩევნებს ხმათა 69.67%-ით.
აბაშა
ქართული ოცნების კანდიდატი მამუკა კვიტაშვილი ხმათა 61.86%-ით იგებს გამგებლის არჩევნებს. მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობა გავიდა.
სენაკი
ქართული ოცნების კანდიდატმა გოჩა დგებუაძემ გამგებლის პოსტის დასაკავებლად ხმათა 53.45% დააგროვა.
მარტვილი
წინასწარი შედეგების მიხედვით, მარტვილში მეორე ტურია მოსალოდნელი ქართული ოცნების კანდიდატს ალექსანდრე გრიგალავას (45%) და ბურჯანაძის კოალიციის კანდიდატს დავით ინჯიას (25.76%) შორის.
ხობი
ხობში ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა ქაჯაია ხმათა 57.31%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობა გავიდა.
ზუგდიდი
ზუგდიდში, წინასწარი შედეგების მიხედვით, ქართული ოცნების კანდიდატმა ედიშერ თოლორაია ხმათა 52.13%-ით ამარცხებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორს თენგიზ გუნავას, რომელსაც 41.14%-იანი მხარდაჭრა აქვს.
წალენჯიხა
წალენჯიხაში დამაჯერებლად ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი გოგა გულორდავა ხმების 62.57%-ით. მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობა გავიდა.
ჩხოროწყუ
ამ მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების კანდიდატი დათო გოგუა დამაჯერებლად იგებს არჩევნებს ხმათა 61.83%-ით. მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 27.98%-ით.
აჭარის რეგიონი
ქედა
წინასწარი შედეგებით, ქედაში ქართული ოცნების კანდიდატი დავით დუმბაძე ხმათა 51.88%-ით იგებს არჩევნებს.
მეორე-მესამე ადგილებს ბურჯანაძის კოალიცია და ნაციონალური მოძრაობა იყოფენ.
ქობულეთი
წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ქობულეთში მეორე ტური დაინიშნება, რომელშიც ერთმანეთს ქართული ოცნების კანდიდატი სულხან ევგენიძე (46.19%) და ნაციონალური მოძრაობიდან მისი კონკურენტი რევაზ ხარაზი (23.19%) დაუპირისპირდებიან.
შუახევი
ამ მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების კანდიდატი ტარიელ ებრალიძე დამაჯერებლად იგებს არჩევნებს ხმათა 73.26%-ით. მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი.
ხელვაჩაური
წინასწარი შედეგებით, ხელვაჩაურში ქართული ოცნების კანდიდატმა ნადიმ ვარშანიძემ 54.3%-ით მოუგო არჩევნები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.
ხულო
წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ხულოში ქართული ოცნების კანდიდატმა ბესიკ ბაუჩაძემ ხმათა 46.19% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ხმათა 31.54%-ით გავიდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი ემზარ ბოლქვაძე.
ხულოში სავარაუდოდ მეორე ტური დაინიშნება.