Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს დაინიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 4 ივლ.'14 / 13:02

ხუთშაბათს გვიან ღამით გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12 ივლისს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური დანიშნა.

არჩევნების მეორე ტური მერის ასარჩევად თბილისში და კიდევ შემდეგ შვიდ თვითმმართველ ქალაქში გაიმართება: ბათუმი, რუსთავი, თელავი, გორი, მცხეთა, ოზურგეთი და ფოთი.

მეორე ტური გამგებლის ასარჩევად 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ესენია: ყვარელი, თელავი, თიანეთი, ახმეტა, თერჯოლა, ხონი, ტყიბული, მარტვილი, ქობულეთი, ბაღდათი, გორი, ლენტეხი და ხულო.

ნაციონალური მოძრაობის წევრს ცესკოში სურდა, რომ მეორე ტური უფრო გვიან დანიშნულიყო, რათა კანდიდატებს კამპანიისთვის მეტი დრო ჰქონოდათ. ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ მეორე ტურის თარიღად 16 ივლისი შესთავაზა, თუმცა ცესკომ 7 ხმით 5–ის წინააღმდეგ 12 ივლისი დაამტკიცა არჩევნების მეორე ტურის დღედ – ცესკოს ექვსივე წევრმა ქართული ოცნებიდან და ასევე ცესკოს მდივანმა გიზო მჭედლიძემ მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნას დაუჭირეს მხარი.

მერების არჩევნები

დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 46.09%  მიიღო – 50%–იანი ბარიერის დაძლევისთვის საჭირო ოთხი პროცენტული პუნქტით ნაკლები. 

ნარმანია თბილისში მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ნიკა მელიას დაუპირისპირდება, რომელმაც ხმათა 27.92% დააგროვა.

რვავე ქალაქში, სადაც მეორე ტურია დანიშნული, ქართული ოცნების კანდიდატებმა სხვებზე მეტი ხმა მიიღეს (თუმცა 50%–ზე ნაკლები); ოთხ ქალაქში მეორე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები გავიდნენ, ხოლო დანარჩენ ოთხ ქალაქში სხვა პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატები.

ბათუმში ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ერმაკოვი, რომელმაც ხმების 45.24% მიიღო, მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გიორგი დიასამიძეს დაუპირისპირდება, რომელმაც 17.54% მიიღო.

რუსთავში მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დავით ჯიქია (40.49%) ქართული ოცნებიდან და მამუკა ჩიქოვანი (29.23%) ნაციონალური მოძრაობიდან.

თელავში პლატონ კალმახელიძე ქართული ოცნებიდან (43.18%) ალექსი ძულიაშვილს (22.26%) დაუპირისპირდება ნაციონალური მოძრაობიდან.

ფოთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ირაკლი კაკულია (45.68%) საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს უშანგი გეგენავას (21.14%) დაუპირისპირდება; ფოთში მესამე ადგილზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გავიდა, რომელმაც 15 ივნისის არჩევნებში ხმათა 19.08% მიიღო.  

გორი ერთ–ერთი იმ ოთხი ქალაქთაგანია, სადაც ნაციონალური მოძრაობის  კანდიდატები მეორე ტურში ვერ გადავიდნენ. გორში ქართული ოცნების კანდიდატი ზურაბ ჯირკველიშვილი (40.38%) დაუპირისპირდება კახაბერ ერგემლიძეს (29.27%), რომელიც   ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ქართულმა პარტიამ წარადგინა. თავად ოქრუაშვილს სურდა გორის მერად ეყარა კენჭი, მაგრამ თავისი ნდობით აღჭურვილი პირის დასახელება მოუხდა მას შემდეგ, რაც მას საცხოვრებელი ცენზის მოტივით არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

მცხეთაში ქართული ოცნების კანდიდატი ავთანდილ ნემსიწვერიძე (33.64%) მწვანეთა პარტიის მიერ დასახელებულ კანდიდატს, დავით მაჩხანელს (25.6%) დაუპირისპირდება მეორე ტურში.

ოზურგეთში მეორე ტური ქართული ოცნების კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს (33.87%) და საქართველოს  პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს შოთა გოგიბერიძეს (21.99%) შორის გაიმართება.

გამგებლების არჩევნები

12 ივლისს გამგებელთა არჩევნების მეორე ტური 13 მუნიციპალიტეტში გაიმართება, სადაც 15 ივნისის არჩევნებზე ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატებმა სხვა კანდიდატებზე მეტი ხმები დააგროვეს.

ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხონში, სადაც ოპოზიციური პარტიის კანდიდატი თებერვლის შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, ქართული ოცნების შემდეგ უკეთესი შედეგები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა მიიღეს.

ოთხ მუნიციპალიტეტში მეორე ადგილზე ნინო ბურჯანაძე- ერთიანი ოპოზიციის კანდიდატები გავიდნენ.

საქართველოს პატრიატთა ალიანსის კანდიდატებმა მეორე შედეგი ორ მუნიციპალიტეტში აჩვენეს; ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის “საქართველოს გზას“ და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის „ქართულ პარტიას“ მეორე ადგილზე გასული გამგებლობის კანდიდატები ყავთ დარჩენილ ორ მუნიციპალიტეტში.

მეორე ტური შემდეგ 13 მუნიციპალიტეტში იმართება:

  • ყვარელი – ქართული ოცნების კანდიდატი ილია მზექალაშვილი (48.68%) და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე (24.15%), რომელიც პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორია;
  • თელავი – ქართული ოცნების კანდიდატი ალექსანდრე შათირიშვილი (49.88%) და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი (26.88%);
  • თერჯოლა – თეიმურაზ ჯაფარიძე ქართული ოცნებიდან (46.89%) და ტარიელ ფანჩულიძე ნაციონალური მოძრაობიდან (36.74%);
  • ხონი – ჯემალ მებუკე ქართული ოცნებიდან (46.73%) და ზურაბ ჯიბუხაია ნაციონალური მოძრაობიდან (42.02%), ხონის ყოფილი გამგებელი, რომელიც თებერვლის შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება;
  • ქობულეთი – სულხან ევგენიძე ქართული ოცნებიდან (45.85%) და რევაზ ხარაზი ნაციონალური მოძრაობიდან (23.67%);
  • თიანეთი – ლელა ქიტესაშვილი ქართული ოცნებიდან (47.37%) და ილია არჩემაშვილი ბურჯანაძის კოალიციიდან  (29.93%);
  • ახმეტა – ბექა ბაიდაური ქართული ოცნებიდან (42.75%) და ზურაბ ფილაშვილი ბურჯანაძის კოალიციიდან (27.89%);
  • ტყიბული – რობინზონ გვენეტაძე ქართული ოცნებიდან (43.95%) და თენგიზ ჭიქაბერიძე ბურჯანაძის კოალიციიდან (32.98%);
  • მარტვილი – ალექსანდრე გრიგალავა ქართული ოცნებიდან (45.1%) და დავით ინჯია ბურჯანაძის კოალიციიდან (25.95%);
  • ლანჩხუთი – ზაზა ურუშაძე ქართული ოცნებიდან (44.41%) და ბარნა ჭყონია პატრიოტთა ალიანსიდან (37.05%);
  • ხულო – ბესიკ ბაუჩაძე ქართული ოცნებიდან (49.71%) და ემზარ ბოლქვაძე პატრიოტთა ალიანსიდან (31.54%);
  • გორი – დავით ონიაშვილი ქართული ოცნებიდან (46.83%) და ბონდო ვათიაშვილი ქართული პარტიიდან (26.88%);
  • ბაღდათი – ირაკლი გეგეშიძე ქართული ოცნებიდან (45.12%) და მევლუდ კიკნაველიძე საქართველოს გზიდან (36.04%).

მეორე ტურში მერობისა და გამგებლობის ის კანდიდატები გაიმარჯვებენ, რომლებიც კონკურენტებზე მეტ ხმას დააგროვებენ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23