Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ნდობა გამოუცხადა
Civil Georgia, Tbilisi / 26 ივლ.'14 / 18:20

ორდღიანი მოსმენების შემდეგ პარლამენტმა 26 ივლისს 89 ხმით ნდობა გამოუცხადა განახლებულ მთავრობას, რომელშიც ხუთი ახალი მინისტრია, ხოლო ორმა მინისტრმა თანამდებობები შეიცვალა.

კენჭისყრამდე სხდომათა დარბაზი დატოვეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომელთაც დებატების დროს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „რუსი ოლიგარქის“, ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „მარიონეტი“ უწოდეს და ასევე იმის გამო გააკრიტიკეს, რომ  იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციური დეპუტატების „ლეგიტიმური“ კითხვებისთვის გაეცა პასუხი, მათ „შეურაცხყოფა“ მიაყენა.

მთავრობის განახლებამდე რვა თვით ადრე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ–მინისტრის პოსტზე იქნა დამტკიცებული. პარლამენტის მიერ ხელახალი ნდობის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 21–წევრიანი მთავრობის ერთი მესამედი შეიცვალა მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბერში ის პარლამენტმა დაამტკიცა.

მთავრობის განახლების თაობაზე საკუთარი გადაწყვეტილების მოტივად პრემიერ–მინისტრმა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ „ახალი გამოწვევები და ახალი რეალობები“ და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დაასახელა; შედეგად, სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ, გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძემ მთავრობაში ადგილები დაკარგეს.

სოზარ სუბარმა, რომელსაც სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობა ეკავა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელმძღვანელად გადაინაცვლა; ხოლო ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, გარემოს დაცვის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი გახდა; მას დეკემბრიდან ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. მღებრიშვილი 1997 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო შემდეგ ფინანსურ პოლიციასა და შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე; 2012-13 წლებში ის საბაჟო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2013 წლის ნოემბრამდე მას რამდენიმე თვით შსს–ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა ოთარ დანელია, აწ უკვე მოხსნილი მინისტრის, შალვა ფიფიას პირველი მოადგილე. აპრილიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადასვლამდე, დანელია 2013 წლიდან შსს-ში მუშაობდა საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და შემდეგ მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელად. 2011 წლიდან ის კომპანია „სილქნეტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, მანამდე კი ბანკ რესპუბლიკაში მუშაობდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი გახდა, რომელსაც ამ დრომდე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 30 წლის შავლიაშვილი მანამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხელმძღვანელობდა და ვიდრე 2012 წლიდან საჯარო სამსახურში დაიწყებდა მუშაობას, კერძო სექტორში სხვადასხვა კომპანიებს ხელმძღვანელობდა.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი გელა დუმბაძემ დაიკავა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრია 1998 წლიდან და კულტურული მემკვიდრეობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელობდა 2005-2007 წლებში. ის  საქართველოს საელჩოებში მუშაობდა აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და უზბეკეთში. დუმბაძე დიასპორის საკითხებში აწ უკვე ყოფილი სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის მოადგილედ 2014 წლის ივნისში დაინიშნა.

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გახდა. პროფესიით ეკონომისტი, მიხეილ გიორგაძე კომპანია "ისტერნ პრომოუშენის“ გენერალური მენეჯერი იყო, კომპანიის, რომელიც წლების ჯაზ-ფესტივალებს უწევს საქართველოში ორგანიზებას. 

დანარჩენმა მინისტრებმა თავიანთი თანამდებობები შეინარჩუნეს: 

  • ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე–პრემიერი – კახა კალაძე;
  • ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი და ვიცე–პრემიერი – გიორგი კვირიკაშვილი;
  • ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური;
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
  • იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ალექსანდრე ჭიკაიძე;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე;
  • თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია;
  • განათლების მინისტრი – თამარ სანიკიძე;
  • სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი;
  • სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – ალექსი პეტრიაშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – პაატა ზაქარეიშვილი.

დებატები

კენჭისყრამდე თავის შესავალ სიტყვაში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ახლა იმ ეტაპზე გადადის, როდესაც „ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სასწრაფო და გადაუდებელ შესრულებას საჭიროებს“.

„მე, როგორც მთავრობის მეთაურს, კარგად მაქვს გაცნობიერებული ის უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემს გუნდს, ჩვენს მთავრობას ეკისრება  ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. „ჩვენ გვესმის ამ ეპოქის ისტორიული მნიშვნელობა და მისი თანმდევი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას ვინც ამ დარბაზში ვსხედვართ და მათაც, ვინც ჩვენ გვიყურებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს, მთელ საზოგადოებას ეძლევა საშუალება მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორიის შექმნაში... დღეს მინდა ამ ტრიბუნიდან მოგიწოდოთ ყველას გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, ეს ისტორიული შანსი და ყველამ ერთად ჩვენი ცოდნა, ჩვენი გამოცდილება და შრომა ჩვენი სამშობლოს წინსვლად და აყვავებას, ნამდვილ ევროპულ ქვეყანად ქცევას მოვახმაროთ“.  

 „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა ქვეყანაში, ჩვენი სამშობლოს ინტერესებს მის მომავალს წინ არ უნდა დაუდგეს არაფერი“, – განაცხადა მან.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ რთული წლების იარების მოშუშება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ვინმე აპირებს თვალი დახუჭოს დანაშაულზე ან უარი თქვას ყველა იმ საქმის გამოძიებაზე, რომლითაც ზიანი მიადგა ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში და წელს უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოალიცია ქართულ ოცნებას და ეს არის უდიდესი ნდობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოგვიცხადა“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკა ქვეყნისთვის „მთავარ გამოწვევად“ რჩება.

საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის მან ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, „საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა“, აშშ–სთან სტრატეგიული პარტნიორობის  შემდგომი გაღრმავება და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელა.
 
დებატების დროს, რომელიც ძალიან გავდა წინა დღით გამართულ დებატებს, როდესაც პრემიერ–მინისტრი და მთავრობის წევრები ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შეხვდნენ, საგარეო პოლიტიკის საკითხები რამდენჯერმე იქნა წამოწეული და ძირითადად რუსეთის და უკრაინის კონტექსტში.

როდესაც მას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა ჰკითხა, აპირებს თუ არა ის უკრაინაში ვიზიტს და ფიქრობს, თუ არა, რომ რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში განხორციელებული ქმედებები „აგრესიაა“, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „როცა საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, ჩავალ; მე მაქვს ჩემი გაწერილი განრიგი. ჩვენი მინისტრები, ასევე დეპუტატები არაერთხელ იყვნენ ჩასულები და ჩამოდიან კიდევაც მინისტრები [უკრაინიდან]. ამ სპეკულაციებით თქვენ საზოგადოებას ვეღარ შეიყვანთ შეცდომაში. ეს არის თქვენი დემაგოგია. ჩემი მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, მთავრობის წევრების მხრიდან, ჩვენი დეპუტატების მხრიდან არაერთხელ დაგვიფიქსირებია საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“.

მან თავი აარიდა პირდაპირ პასუხს, როდესაც დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა კიდევ ერთხელ ჰკითხა, მიაჩნია, თუ არა მას რუსეთის ქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში „აგრესიად“.

„მე მინდა ვთხოვო ჩემს პრესსამსახურს, რომ დღესვე მოგაწოდოთ თქვენ ყველა ის განცხადება, რომელიც გაკეთდა მთავრობის სახელით, ჩემი სახელით. ასე რომ, მე არ ვაპირებ, რომ თქვენს „ჩამჭრელ“ შეკითხვებზე გიპასუხოთ“, – დასძინა ღარიბაშვილმა.  

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომელმაც ღარიბაშვილი ექს–პრემიერ ივანიშვილის „მარიონეტად“ მოიხსენია, ჰკითხა პრემიერ–მინისტრს დაავალა თუ არა მას ივანიშვილმა, რომ პუტინს მტერი არ უწოდოს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი „პუტინის საქმეს აკეთებს“ საქართველოში. „ძირს ივანიშვილის პოლიტიკა. გაუმარჯოს საქართველოს ივანიშვილის გარეშე“, – განაცხადა ბარამიძემ.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან განაცხადა, რომ ყველა ეს საუბრები იმის თაობაზე, რომ საქართველო ევროპული კურსიდან უხვევს უაზრობაა, რადგანაც ქვეყანამ უკვე გადაკვეთა ის წერტილი, საიდანაც ევროპული კურსი უკვე შეუქცევადია. მისი თქმით, არასერიოზულია პრემიერ–მინისტრისგან პუტინის შეგინების მოთხოვნა. „გვაქვს ჩვენ უფლება, ხელისუფლებას, თუ პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ჩვენ ვიყოთ ფრონტის წინა ხაზზე? საქართველო ახალ კრიზისს ვერ გაუძლებს, ახალ მარცხს ვერ გაუძლებს... იმის დაძახება, რომ რუსები აგრესორები არიან, ვიცით ჩვენ ყველაფერი როგორცაა, მაგრამ როდის იტყვი ამას და რა მდგომარეობაში იტყვი, ამას აქვს მნიშვნელობა... არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ასეთი განცხადებები ვაკეთოთ“, – განაცხადა სანიკიძემ.       

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ ქართული ოცნების თავშეკავება, რომ რუსეთის ქმედებები გაეკრიტიკებინა, გასაგები იყო მისთვის, რადგანაც ეს მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იყო; მაგრამ რუსეთის ქმედებების არ დაგმობა აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, საქართველოსთვის საზიანოა. მისი თქმით, ამ თვითმფრინავის ჩამოგდება „წყალგამყოფია“, როდესაც რუსეთის ქმედებებზე დუმილი „გადაგვიტანს რუსული სახელმწიფოების კლუბში“ და თბილისს ევროკავშირსა და აშშ–ს ჩამოაშორებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავისი გამოსვლა დაიწყო სიტყვებით: „პუტინი მტერია, პუტინი მტერია, პუტინი მტერია, მოგესალმებით მეგობრებო და შესაძლოა, ყურადღება მივიპყრო ჩვენი ოპონენტებისაც“.

ცხარე დებატების დროს პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მიერ დასმულ ბევრ კითხვას - დაწყებული ეკონომიკის, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხებიდან და დამთავრებული იმით, თუ ვის აქვს მეტი ძალაუფლება – მას თუ ივანიშვილს, ასევე კითხვებს ქართული ოცნების „შეუსრულებელი დაპირებების“ შესახებ იგნორირება გაუკეთა. ოპოზიციის დეპუტატები ივანიშვილს ქვეყნის „მმართველადაც“ მოიხსენიებდნენ.

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ოპონენტების „დემაგოგიაზე“ პასუხს არ აპირებს, რადგან ყველა ამ საკითხზე მათთან წინა დღეს  „დეტალურად და კომპეტენტურად“ ისაუბრა.

ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ უთხრა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ ნაციონალური მოძრაობა არის „ხმა პოლიტიკური სამარიდან“. „თქვენ უნდა გახდეთ ცოცხალი ექსპონატები ძალიან ბნელი წარსულისა“, რათა სხვებმა დაინახონ, თუ როგორი ადამიანები არ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, მიმართა მან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ შექმნა სიტუაცია, რომელსაც „ოცნებების სასაფლაო“ შეიძლება ეწოდოს.

როდესაც ქართული ოცნების დეპუტატმა ანი მიროტაძემ ჰკითხა პრემიერ–მინისტრს: „გვაძლევთ თუ არა პირობას, რომ საქართველოში აღარ იქნებიან ისეთი მინისტრები, რომლებიც ითხოვენ გვამებს?... მაძლევთ თუ არა მე და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პირობას, რომ არასოდეს აღარ დაბრუნდება ამ რეალობაში საქართველო?“, ღარიბაშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, მე გიდასტურებთ, რომ ვანო მერაბიშვილისნაირი კრიმინალი მინისტრები ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდებიან“.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ ისინი კვლავ წარსულზე ამახვილებენ ყურადღებას, ნაცვლად იმისა, რომ მომავლისკენ გაიხედონ.  „ჩვენ ვიხილეთ მეტი დაპირისპირება და მეტი დაპირება პოლიტიკური ანგარიშწორების შესახებ“, – განაცხადა მან.

თავის გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა წარსულის ნაცვლად თანაგუნდელებს „წინ გახედვისკენ“ და იმ სტანდარტის გაზიარებისკენ მოუწოდა, რომ მთავრობის საქმიანობის შედარება გაკეთდეს არა განვლილ ცხრა წელთან, როცა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობა იყო, არამედ ევროპასთან, რომლისკენაც „ჩვენ ნაბიჯები გადავდგით“. მან ასევე განაცხადა, რომ „არ უნდა დავკარგოთ ამდენი დრო ოპონენტებთან იმ ტიპის ოპონირებაში, რომელიც სრულიად უსაგნოა“.

„მე ბატონ დავითს ვერ დავეთანხმები“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა ქართული ოცნებიდან მანან კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით თავის გამოსვლაში, „მე ვთვლი, რომ ამ ადამიანებს [ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს] ნამდვილად საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა იმ ცრუ ბრალდებაზე, ყველა იმ დემაგოგიაზე, რასაც ვისმენთ და ისმენს საზოგადოება. დიახ, საზოგადოება ითხოვს, რომ ჩვენ მათ პასუხი გავცეთ“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16