ევროკავშირმა განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში 24 აგვისტოს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.
„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ისე, როგორც ეს საერთაშორისო სამართლის მიერ არის აღიარებული“, - განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერმა 24 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, „საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში 24 აგვისტოს ‘საპრეზიდენტო არჩევნების’ შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, გვსურს გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები იმართება“.
სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს რაულ ხაჯიმბა იგებს.