საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 29 აგვისტოს პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავის ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა, სადაც სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ნატოს უელსის სამიტის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, იტყობინება საქართველოს თავდაცვის უწყება.
„საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოში. ის არის მხარდამჭერი, რომ ჩვენ გვქონდეს ისეთი შეიარაღება, რომელიც ადეკვატურია იმ გამოწვევების, რაც არის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით“, - განაცხადა ალასანიამ შეხვედრის შემდეგ და ხაზი გაუსვა მისი კოლეგის მიერ გამოთქმულ მადლიერებას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის მიმართ.
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდება, გაღრმავდება და ყოვლისმომცველი გახდება“, - აღნიშნა ალასანიამ.
საქართველოს გენშტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თან ახლავს მინისტრს საფრანგეთში, განაცხადა, რომ ამ „მნიშვნელოვან“ შეხვედრაზე „უაღრესად მაღალ დონეზე და უაღრესად ინტენსიურად, უპრეცედენტოდ დაისახა ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის განვითარება“.