საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ, რომელსაც პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისმა აშშ–ს სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა.
Foreign Policy იტყობინებოდა 23 სექტემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანის მიზნით, საქართველომ აშშ-ს შესთავაზა თავის ტერიტორიაზე განათავსოს საწვრთნელი ბაზა, სადაც სირიელი მეამბოხეები საბრძოლო მომზადებას გაივლიან.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში; თუმცა სამინისტროს განცხადება არ უარყოფს Foreign Policy–ს ინფორმაციას.
სამშაბათს საღამოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ეს ინფორმაცია „სიმართლეს არ შეესაბამება“.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მიმდინარე საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველოში არ იგეგმება არავითარი საწვრთნელი ცენტრის გახსნა და არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა კოალიციის ფარგლებში“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
„ამასთან, ვაცხადებთ, რომ საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რისი დასტურიც არის ჩვენი მონაწილეობა ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში“, – განაცხადა საბჭომ.
„რაც შეეხება IS-ის ("ისლამური სახელმწიფოს") წინააღმდეგ შექმნილ კოალიციას, საქართველოს მონაწილეობა ძირითადად შემოიფარგლება ჰუმანიტარული მისიებით“, – აცხადებს საბჭო, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა სახის „ჰუმანიტარულ მისიაზეა“ საუბარი.
Foreign Policy-ი აშშ–ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის სიტყვებზე დაყრდნობით ასევე იტყობინებოდა, რომ შეთავაზება ანტიტერორისტული საწვრთნელი ცენტრის შესახებ, სადაც შეიძლება მომზადდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმული მებრძოლები არა მარტო სირიიდან, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც, მართლაც გაკეთდა, „მაგრამ ეს ჯერ კიდევ განხილვის საგანია".
თუმცა, გეგეშიძემ განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ნიუ–იორკში, სადაც საქართველოს დელეგაცია პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაეროს შტაბბინას სტუმრობს, რომ მის ციტატაში „უზუსტობა“ იყო და Foreign Policy–მა მისი განცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ასევე უარყო ეს ინფორმაცია და განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს ნიუ–იორკში, რომ საქართველოს მონაწილეობა კოალიციაში „ჰუმანიტარული ხასიათის იქნება“.
„კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე სახის სამხედრო მონაწილეობას და ასევე საწვრთნელი ბაზის შექმნას“, – განაცხადა ფანჯიკიძემ და დასძინა, რომ ეს საკითხი განხილულია და ამერიკელმა პარტნიორებმა იციან ამის თაობაზე.
19 სექტემბერს ერაყის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ფანჯიკიძემ გაიმეორა საქართველოს მზადყოფნა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციაში წვლილის შესატანად, თუმცა „ჰუმანიტარულ დახმარებასთან“ ერთად, მან ასევე ახსენა საბრძოლო მისიებიდან მიღებული საქართველოს „ღირებული გამოცდილების“ გაზიარების შესაძლებლობა.
„მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, ვინც იზარალეს ტერორისტული ჯგუფების სასტიკი ქმედებების გამო. ამას გარდა, საქართველოს ღირებული გამოცდილება საბრძოლო მისიებიდან, ასევე წარმატებული ტრანსფორმაცია თავდაცვის სფეროში შეიძლება ეფექტურად იქნას გამოყენებული ერაყის და სხვა უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობის გასაძლიერებლად იმ დროს, როდესაც ისინი ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს ებრძვიან“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კოალიციის სხვა პარტნიორებთან მუშაობას მომდევნო დღეებში და კვირებში, რათა განვსაზღვროთ ის სფეროები, რომელთაც საქართველოს წვლილი დამატებით ღირებულებას შესძენს“, – განაცხადა მან.
„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის ინიციატივით შექმნილ კოალიციაში საქართველოს შესაძლო წვლილი იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი, როდესაც თბილისს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი სტუმრობდა.
მაშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია თავისი წვლილი წვრთნების სახით შეიტანოს, თუმცა სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია.