Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლებას საარჩევნო რეფორმის დროულად დაწყებისკენ მოუწოდებენ
Civil Georgia, Tbilisi / 2 ოქტ.'14 / 15:50

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია, ხელისუფლებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სისტემური საარჩევნო რეფორმის გასატარებლად მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმის კუთხით მუშაობა დროულად უნდა დაიწყოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო“, - ნათქვამია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის, მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს და ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის ერთობლივ განცხადებაში, რომლის კონკრეტული ადრესატებიც პარლამენტი და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია არიან.

ექვსი ორგანიზაცია იმ საკითხებს შორის, რომელზეც ფუნდამენტური ცვლილებების მოთხოვნა არსებობს, პირველ რიგში ასახელებს საარჩევნო სისტემას, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და ამომრჩეველთა სიებს.

„ახალი ცვლილებებით უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამომრჩეველთა ხმის წონის თანაბრობა, მიღებული ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში, ე.წ. დაკარგული ხმების მაქსიმალურად შემცირება, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, უმცირესობათა პროპორციული წარმომადგენლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ მიუხედევად იმისა, რომ ზოგიერთ ამ საკითხზე მსჯელობა  2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ საარჩევნო კოდექსში ცვლილების მისაღებად  პარლამენტში ორჯერ შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფებში მიმდინარეობდა,  „არსებითი ცვლილებების განხორციელება არ მომხდარა“, რის მიზეზადაც ხელისუფლების მიერ დასახელებული იყო „არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო და ძირეული ცვლილებების განხორციელების სირთულე“.

„იმისთვის, რომ არ მოხდეს წარსული პრაქტიკის განმეორება, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოხატოს პოლიტიკური ნება სისტემური საარჩევნო ცვლილებების გასატარებლად და  დროულად შექმნას დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც შეძლებს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი უნდა იყოს აღჭურვილი პოლიტიკური ნდობით, რაც ჯგუფის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ დოკუმენტად აქცევს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 1 ოქტომბერს მიიღო, ასევე მოუწოდებს „ყველა პოლიტიკურ ძალას შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც დაეფუძნება ფართო კონსენსუსს და გააძლიერებს ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების პლურალისტურ ბუნებას“.

„ამისთვის, ასამბლეა იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს განიხილონ პროპორციულ-რეგიონალური სისტემა,  რომელიც ღია სიებს დაეფუძნება და რომელსაც, როგორც ჩანს, ქვეყანაში არსებული ყველა პოლიტიკური ძალა თუ არა, უმეტესობა მაინც ეთანხმება“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამჟამად საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემა მოქმედებს და 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით 77 და ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებიდან 73 დეპუტატი ირჩევა. კრიტიკოსების შეფასებით, ეს სისტემა ვერ უზრუნველყოფს მიღებული ხმების მანდატებში პროპორციულ ასახვას. უკვე წლებია რაც მიმდინარეობს საუბრები ამ სისტემის პროპორციულ–რეგიონული სისტემით შეცვლის თაობაზე, თუმცა ეს რეფორმა ამ დრომდე არცერთ ხელისუფლებას არ გაუტარებია. პროპორციულ–რეგიონული სისტემა გულისხმობს მრავალმანდატიანი ოლქების შემოღებას, რომლებშიც მანდატების რაოდენობას საარჩევნო ოლქის ზომა განსაზღვრავს და სადაც ადგილები იმ პარტიების კანდიდატებს შორის გადანაწილდება, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ იმ კონკრეტულ ოლქში. 

საარჩევნო სისტემის ჩარჩო დებულებებს კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო დეტალური წესები საარჩევნო კოდექსში არის გაწერილი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11