Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთმა სოხუმს ‘მოკავშირეობისა და ინტეგრაციის’ ხელშეკრულება შესთავაზა
Civil Georgia, Tbilisi / 14 ოქტ.'14 / 14:32

კრემლის მიერ შემოთავაზებული ახალი ხელშეკრულების პროექტი, რომლის გაფორმებასაც მოსკოვი და სეპარატისტული აფხაზეთი წელს გეგმავენ, ითვალისწინებს კოლექტიური თავდაცვისთვის რუსულ–აფხაზური ძალების ერთობლივი  ჯგუფის ჩამოყალიბებას, დანაშაულთან საბრძოლველად ერთობლივი სამართალდამცავი სტრუქტურების შექმნას, ასევე მოსკოვის დაფინანსებით მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება  რუსეთის ეკონომიკურ, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის სისტემებში აფხაზეთის შემდგომი ინტეგრაციისკენ.

„მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ რუსეთის ფედერაციას და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების“ პროექტის ტექსტი 13 ოქტომბერს „აფსნიპრესის“ ვებ-გვერდზე გასაჯაროვდა.

ტექსტის გამოქვეყნებამდე აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის წევრებს შეხვდა და მათ რუსეთის მიერ სოხუმისთვის წარდგენილი პროექტის შესახებ „საკუთარი შენიშვნების და წინადადებების მომზადება“ სთხოვა.

„დოკუმენტის განხილვა და [სოხუმის] წინადადებების შემუშავება გახსნილობის ატმოსფეროში და აფხაზი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება“, – განუცხადა ხაჯიმბამ დეპუტატებს, მისი პრესსამსახურის ინფორმაციით.

რუსული გაზეთი „ვედომოსტი“ იტყობინებოდა კრემლის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ მოსკოვის აზრით, შემოთავაზებული პროექტის პუნქტების უმეტესობა არ გამოიწვევს სოხუმის უარყოფით რეაქციას, რადგანაც ის „აფართოვებს და ავსებს“ უკვე არსებულ ყოვლისმომცველ შეთანხმებას აფხაზეთთან თანამშრომლობის შესახებ და არ არღვევს აფხაზეთის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

პროექტის თანახმად, „თანამშრომლობის, ინტეგრაციის და პარტნიორობის“ ძირითადი მიმართულებებია: ურთიერთშეთანხმებული საგარეო პოლიტიკის განხორციელება; „საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცისა“ და „საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის“ შექმნა.

თავდაცვა და უსაფრთხოება

პროექტის თანახმად, „საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის სივრცის“ შექმნა მოითხოვს „საერთო თავდაცვის ინფრასტრუქტურის“ ჩამოყალიბებას; „ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ ფორმირებას „აგრესიის მოგერიების“ მიზნით და ერთობლივ ღონისძიებებს საზღვრის დასაცავად.

ხელშეკრულების პროექტი კოლექტიური თავდაცვის პუნქტს შეიცავს, რომლის მიხედვითაც ერთზე თავდასხმა მიიჩნევა, როგორც თავდასხმა მეორეზე. ასეთ შემთხვევაში, მათ ერთმანეთს „საჭირო დახმარება“, მათ შორის სამხედრო დახმარება  უნდა აღმოუჩინონ.

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში მოსკოვმა და სოხუმმა რუსეთის და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფება უნდა შექმნან ერთიანი სარდლობით, ასევე ჩამოაყალიბონ ერთიანი თავდაცვის ინფრასტრუქტურა, როგორც ამაზე პროექტშია საუბარი.

პროექტის თანახმად, რუსეთი გაერთიანებული დაჯგუფების სარდალს ნიშნავს ომის დროს ან როდესაც „აგრესიის პირდაპირი საფრთხე“ არსებობს.

ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებს მისი ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში „სტანდარტების ეტაპობრივ უნიფიკაციას“ სამეთაურო და საკონტროლო სისტემების, ლოჯისტიკის, ასევე აფხაზი სამხედროების და რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელფასების კუთხით.

რუსეთი ამ ზომების დაფინანსების ვალდებულებას იღებს.

პროექტის თანახმად, აფხაზეთის ის მაცხოვრებლები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან – აფხაზეთის მკვიდრთა უმეტესობას რუსული პასპორტები აქვთ – ექნებათ უფლება, რომ საკონტრაქტო სამსახურში იმსახურონ აფხაზეთში განთავსებულ რუსულ სამხედრო ძალებში.

საზღვრის დაცვა, კანონის და მართლწესრიგის უზრუნველყოფა

პროექტის თანახმად, მოსკოვი სთავაზობს სოხუმს „გადაადგილების სრულ თავისუფლებას რუსეთ–აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე. თუმცა ხელშეკრულების პროექტში ასევე ნათქვამია, რომ გათვალისწინებული იქნება ის შეზღუდვებიც, რომლებიც უსაფრთხოების მოტივით იქნება დაწესებული“. 

აფხაზეთის ახალი ლიდერი რაულ ხაჯიმბა რუსეთთან საზღვრის გადაკვეთის გამარტივებისკენ და ამავე დროს საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებდა მდინარე ენგურზე ერთის გარდა ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტის დახურვის გზით.

ხელშეკრულების პროექტის ამ ნაწილში რუსეთი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, დახმარება აღმოუჩინოს აფხაზეთს საქართველოსთან თავისი „სახელმწიფო საზღვრის“ დაცვაში და ასევე სთავაზობს, რომ „თანდათან“ შემცირდეს პირადი შემადგენლობა და სხვა რესურსები, რომლებიც ამჟამად რუსეთ–აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დასაცავადაა გამოყოფილი და ამ რესურსების გადამისამართება მოხდეს საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის დაცვის გაძლიერებისკენ.

რუსეთის მიერ შემუშავებული პროექტი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ „ერთობლივი კონტროლი“ განხორციელდეს აფხაზეთის შესასვლელ პუნქტებში, ასევე პორტებში ხალხის, ტრანსპორტის და ტვირთების გადაადგილებაზე.

ხელშეკრულების პროექტი შეიცავს შემოთავაზებას, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში შეიქმნას რუსი და აფხაზი სამართალდამცავი სტრუქტურების ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი სეპარატისტული რეგიონის  ტერიტორიაზე „დანაშაულთან და ექსტრემიზმთან“ ბრძოლის მიზნით.

„ევრაზიულ კავშირთან ჰარმონიზაცია“

პროექტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 18 თვეში სოხუმმა საკუთარი საბაჟო კანონმდებლობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს.     

ხელშეკრულების პროექტის თანახმად, აფხაზეთს საკუთარი საბიუჯეტო და საგადასახადო კანონმდებლობის რუსულთან „ჰარმონიზებაც“ მოუწევს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი წლის მანძილზე.  

სოციალური დაცვა, პენსიები და ჯანდაცვა

პროექტის თანახმად, რუსეთი იღებს ვალდებულებას აფხაზეთის სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდის „თანადაფინანებაზე“, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურების და კულტურის სფეროებში. პროექტის თანახმად, საშუალო ხელფასები ამ  სტრუქტურებში რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში არსებულ ოდენობამდე უნდა გაიზარდოს.  

პროექტის თანახმად, რუსეთი ასევე დააფინანსებს აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის პენსიების ეტაპობრივ ზრდასაც (სეპარატისტული რეგიონის მაცხოვრებელთა უმეტესობას რუსული პასპორტები აქვთ).

ეს ზრდა, რომელიც ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში უნდა განხორციელდეს, მიზნად უნდა ისახავდეს აფხაზეთში ყოველთვიური პენსიების რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში არსებულ დონემდე გათანაბრებას.

პროექტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში სოხუმმა „ყველა საჭირო პირობა უნდა შექმნას“ იმისთვის, რომ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები რუსეთის ფედერალური სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემაში ჩაერთონ, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ მოსკოვის დაფინანსებული სამედიცინო მომსახურება მიიღონ რუსეთში.

საგარეო პოლიტიკა

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, რუსეთი პირობას დებს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების „გაფართოებისთვის“ და საერთაშორისო ორგანიზაციებში აფხაზეთის გასაწევრიანებლად „წინაპირობების შექმნისთვის“.

რუსეთის გარდა, აფხაზეთი კიდევ ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს მიერ არის აღიარებული.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19