Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზური რეაქციები რუსეთის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულების პროექტზე
Civil Georgia, Tbilisi / 15 ოქტ.'14 / 16:27

სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის მიერ შეთავაზებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ახალი ხელშეკრულების პროექტზე მსჯელობა მიმდინარეობს, რომლის დროსაც სეპარატისტული რეგიონის ზოგიერთი ოფიციალური პირი შეშფოთებას გამოხატავს „სუვერენიტეტის დაკარგვასთან“ დაკავშირებით და აცხადებს, რომ ხელშეკრულების თავდაპირველ ტექსტს სრულყოფა სჭირდება.

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბგანბამ  განაცხადა, რომ დეპუტატების რეაქცია შემოთავაზებულ ტექსტზე „ახლოს იყო ნეგატიურთან“, რადგანაც მისი ბევრი პუნქტი „სუვერენიტეტის დაკარგვას ეხება“.

რუსეთის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტის კომენტირებისას ბგანბამ რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურთან „ეხო კავკაზა“–სთან ინტერვიუში 14 ოქტომბერს განაცხადა: „უფრო მეტი შეკითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი“.

მისი თქმით, უკვე არსებული ყოვლისმომცველი ხელშეკრულება რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ, რომელსაც 2008 წელს მას შემდეგ მოეწერა ხელი, რაც რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა, უკვე უზრუნველყოფს ყველა საჭირო პირობას ახლო ურთიერთობებისთვის. 

„საჭიროა მხოლოდ მისი შინაარსით შევსება და ყველა საკითხი მოგვარდებოდა“, – განაცხადა ბგანბამ.

კითხვაზე, თუ როგორი იყო სხვა დეპუტატების რეაქცია პროექტზე, როდესაც  მათ ის აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ  13 ოქტომბერს წარუდგინა, ბგანბამ უპასუხა: „არ მინდა ისეთი ფორმულირება გამოვიყენო, როგორიცაა „ნეგატიური“, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, რეაქცია ამასთან [ნეგატიურთან] ახლოს იყო, რადგანაც ბევრ პუნქტში სუვერენიტეტის დაკარგვაზეა საუბარი“.

„დეპუტატები, რბილად რომ ვთქვა, ხელშეკრულების ამგვარ ვერსიას არ ეთანხმებიან“, – განაცხადა ბგანბამ.

„მისი ამჟამინდელი ფორმით, [პროექტი] მიუღებელია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პარლამენტს ბევრი შენიშვნა ექნება პროექტის ყველა ნაწილის მიმართ, მისი პრეამბულის გარდა, და ერთი ან ორი კვირის ვადაში წარმოადგენს თავის წინადადებებს, როგორც ეს აფხაზეთის ლიდერმა მოითხოვა.

შემოთავაზებულ ტექსტთან არსებულ პრეტენზიებს შორის ბგანბამ დაასახელა დებულება, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაური დანიშნოს ომის დროს ან მაშინ, როცა „აგრესიის პირდაპირი საფრთხე“ არსებობს. მან ასევე გააკრიტიკა რუსეთის ინიციატივა, რომ „ერთობლივი კონტროლი“ განხორციელდეს აფხაზეთის შესასვლელ პუნქტებში, ასევე პორტებში ხალხის, ტრანსპორტის და ტვირთების გადაადგილებაზე. მისი თქმით, ტვირთი, რომელიც აფხაზეთში შედის და რუსეთისკენ არ მიემართება, რუსეთის საბაჟოს მხრიდან კონტროლს არ უნდა ექვემდებარებოდეს.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ რუსეთთან ინტეგრაცია საჭიროა; ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა“, – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარემ, „მაგრამ ამავდროულად ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი სუვერენიტეტი უნდა დავკარგოთ ამის გამო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობის გაძლიერებაზე უნდა ავაგოთ, მაგრამ ამავე დროს თანასწორობის საფუძველზე უნდა გვქონდეს ეს ურთიერთობები. საქმე არ ეხება დიდ და პატარა სახელმწიფოებს; საქმე ეხება ორ სახელმწიფოს და რა თქმა უნდა, მათ ისე უნდა მოაწერონ ხელი ხელშეკრულებებს, როგორც თანასწორუფლებიანმა სუბიექტებმა“.

ერთ–ერთი საკითხი, რომელმაც აფხაზეთში ასევე გამოიწვია უთანხმოება, უკავშირდება შემოთავაზებას ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში რუსი და აფხაზი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე „დანაშაულთან და ექსტრემიზმთან“ ბრძოლის მიზნით.  

13 ოქტომბერს სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა აფხაზი დიპლომატების საბჭოსთან შეხვედრაზე, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ასტამურ ტანიამ განაცხადა, რომ საჭიროა ეს პუნქტი „ბევრად უფრო მკაფიო“ გახდეს. მისი თქმით, აფხაზურ მხარეს მიაჩნია, რომ ამ ცენტრის ფუნქციები უნდა შემოიფარგლოს მხარეთა მიერ „საკონსულტაციო“ დახმარების ერთმანეთისთვის აღმოჩენით  და ინფორმაციის გაცვლით ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლაში.

აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმმა, პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს, განაცხადა 14 ოქტომბერს, რომ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტის ბევრი პუნქტი „მნიშვნელოვან“ გაუმჯობესებას საჭიროებს. 

„ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის მთავარ მიმართულებად კვლავ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება რჩება. საქართველოს სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ახალ საფრთხეებს უქმნის ჩვენ სახელმწიფოს“, – განაცხადა აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმმა.

„აფხაზეთის საზოგადოებაში არსებობს იმის გაგება, რომ საჭიროა ახალი ხელშეკრულების დადება [რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის], რომელიც თანამედროვე რეალობებს ასახავს“, – განაცხადა პარტიამ.

„აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი მხარს უჭერს იმ იდეებს, რომლებიც თავდაცვის და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ფორმირების და პოლიტიკისა და სოციალურ სფეროში ურთიერთთქმედების ნაწილშია მოცემული“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამასთან ერთად, წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტის მუხლებს, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი სრულყოფა სჭირდება, მხარეთა თანასწორობის და მათი პასუხისმგებლობის სფეროების უფრო მკაფიო გამიჯვნის პრინციპიდან გამომდინარე. გამოვთქვამთ იმედს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის გარანტი, და აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტი გაითვალისწინებენ ამ გარემოებებს და ხელშეკრულების პროექტში ყველა საჭირო ცვლილებას და დამატებას შეიტანენ, რითიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას უზრუნველყოფენ“, – აცხადებს აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმი.

„დარწმუნებული ვართ, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული მაღალი დონის ნდობა დაბალანსებული ხელშეკრულების შემუშავებას დაეხმარება, რომელიც მხარეთა ინტერესებს დააკმაყოფილებს და აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ შიშებს გააქარწყლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „ამცახარამ“, რომელიც აფხაზეთის ყოფილ ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს უჭერდა მხარს, თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ყოველთვის მომხრე იყო რუსეთთან ურთიერთობების „ხარისხობრივი გაუმჯობესების“ და „ეჭვქვეშ არ დაუყენებია რუსეთთან ძმური ურთიერთობები და რუსეთსა და აფხაზეთს შორის სტრატეგიული კავშირი“. თუმცა პარტიამ პრეტენზიები გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტისთვის 27 ოქტომბრის დაწესება ბოლო ვადად, რათა თავისი წინადადებები წარადგინოს, ძალიან მცირე დროა და განაცხადა, რომ ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები უნდა გაიმართოს მანამ, სანამ პარლამენტის თავის პოზიციებს ჩამოაყალიბებს შემოთავაზებულ პროექტთან დაკავშირებით.  

„დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ კონსენსუსამდე მისვლას და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება რესპუბლიკის პარლამენტს მისი განხილვის უფლება აფხაზეთის ხალხის მოსაზრებების და სურვილების გათვალისწინებით“, - ნათქვამია „ამცახარას“ განცხადებაში, „რაც შეეხება თავად ხელშეკრულების პროექტს, ის სრულად და მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციას - შეესაბამებოდეს არა მხოლოდ   ტექსტს, არამედ ჩვენი კონსტიტუციის სულისკევთებასაც“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31