Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბის თანამშრომლები დააკავეს
Civil Georgia, Tbilisi / 28 ოქტ.'14 / 18:20

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი იქნა დაკავებული 4.1 მილიონი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, რაც პროკურატურის განცხადებით, საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვას უკავშირდება.

პროკურატურის ამ განცხადებიდან ცოტა ხანში თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორცილებს „საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით“.

დაკავებულებს შორისაა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, რომელსაც ეს თანამდებობა 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის იანვრამდე ეკავა, და იმავე დეპარტამენტის ორი მოქმედი თანამშრომელი, ასევე გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსი და იმავე დეპარტამენტის თანამშრომელი.

პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულებმა 2013 წელს გამოაცხადეს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ.

„საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მიმდინარეობისას თავდაცვის სამინისტროს ხსენებულმა თანამდებობის პირებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ სს „სილქნეტისთვის“ უპირატესობის მინიჭებით და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით, რაც გამოიხატებოდა სხვა კომპანიებისათვის ქონებაზე და მომსახურებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში, ამ უკანასკნელს გაემარჯვა გამოცხადებულ საიდუმლო შესყიდვაში“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტთან“ გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის, შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს“ უნდა გადაუხადოს ჯამში 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ  (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან“ 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად შეადგენს მხოლოდ  2 618 004.82 ლარს“, – აცხადებს მთავარი პროკურატურა.

„გამოძიება ასევე მუშაობს ამ დანაშაულში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად“, – ნათქვამია ამავე განცხადებაში.

საპასუხოდ თავდაცვის სამინისტრომ წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი შესყიდვებს ახორცილებს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. სამინისტროში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რომ შესყიდვების სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს“.

„სატენდერო კომისიის  სხდომებს დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები. თავდაცვის სამინისტრო მიერთებულია ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივას.  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ექსპერტებმა 2013 წელს  სამინისტროს ანტიკორუფციული რეფორმები დადებითად შეაფასეს და წარმატებული გამოცდილების გაზიარება ნატოს პარტნიორი სახელმწიფოებისთვის ითხოვეს“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.

„საიდუმლო შესყიდვების შემთხვევებშიც კი, როდესაც თავდაცვის სამინისტროს კანონით აქვს  უფლება მხოლოდ ერთ კომპანიასთან აწარმოოს მოლაპარაკება,  ხორცილდება ფასთა გამოკითხვა. ასე მოხდა ოპტიკურ ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დროს, როდესაც სახელმწიფო საიდუმლო დაშვების მქონე ყველა კომპანიას დაეგზავნა განაცხადი,  რათა წარმოედგინათ საკუთარი შემოთავაზება“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. „ამ კონკრეტულ შესყიდვას საიდუმლო გრიფი ადევს... თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით მოეხსნას გრიფი აღნიშნულ შესყიდვას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოძიება და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას გააგრძელოს ინტენსიური  თანამშრობლობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან“. 

იმავდროულად, საგანგებო განცხადება გაავრცელა კომპანია „სილქნეტმაც“, რომელშიც აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენლების  „ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან“ და ამჟამადაც, „მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების დროულად შესრულების მიზნით“.

„დაინტერესების შემთხვევაში, კომპანია "სილქნეტი" მზად არის, მიაწოდოს გამოძიებას ნებისმიერი ინფორმაცია, რაც წაადგება საქმის ეფექტურად გამოძიებას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საზღვარგარეთ იმყოფება და საქართველოში ნოემბრის პირველ რიცხვებამდე არ დაბრუნდება, როგორც ამის თაობაზე თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. იგი 27 ოქტომბერს პარიზში თავის ფრანგ კოლეგას შეხვდა, ხოლო პარიზიდან, თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გერმანიაში გეგმავს გამგზავრებას. გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამჟამად სამდღიანი ვიზიტით ესტონეთში იმყოფება.

როდესაც 2013 წლის მაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა. თუმცა, ცხრა თვის თავზე სამინისტროს თანამშრომლებს გაფლანგვის ბრალდებები მოეხსნათ. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
56