Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანია დაკავებულ თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
Civil Georgia, Tbilisi / 1 ნოე.'14 / 13:50

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია მისი იმ დაკავებული თანამშრომლების „სრულ უდანაშაულობაში“, რომლებიც გაფლანგვის ბრალდების წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის საქმესთან დაკავშირებით. 

ალასანიამ, რომელმაც 28 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის თანამშრომლების დაკავების შემდეგ პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა, განაცხადა, რომ ყველა შესყიდვა თავდაცვის სამინისტროში კანონთან „სრულ შესაბამისობაში“ ხორციელდებოდა.

შაბათს დილით საფრანგეთსა და გერმანიაში განხორციელებული ვიზიტებიდან დაბრუნებულმა ასალანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეს კვლავ გრიფი საიდუმლო ადევს და დასძინა, რომ გამოძიების გასაიდუმლოება უკვე  აღარაა საჭირო, რადგან ამ საქმის გამო “უსაფრთხოების კუთხით უკვე დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 ოქტომბერს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის ერთ ყოფილ და ოთხ მოქმედ თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო მოსმენა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ვინაიდან საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. თავად სახელმწიფო შესყიდვას ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ ასევე საიდუმლო გრიფი ედო. თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის და გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დაკავებული თანამშრომლები უარყოფენ ბრალდებებს.

პარასკევს საღამოს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ  თავდაცვის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, თუმცა განაცხადა, რომ მასაც აქვს შეკითხვები სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით. მან ასევე განაცხადა, რომ პროკურატურა იქნება „მაქსიმალურად ღია და გამჭირვალე“ გამოძიების დროს და თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ალასანია „უნდა იყოს მოტივირებული, რომ ნებისმიერ კითხვაზე გასცეს პასუხი“.  

„მთავარი, რაზეც ახლა კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ყველა და საზოგადოება, არის ის, რომ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, გამჭირვალე გამოძიება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

„მე დარწმუნებული ვარ, ჩემი თანამებრძოლების და ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში იმიტომ, რომ მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესებს და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა“, – განაცხადა მან. 

„თუმცა, რადგან შეკითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი და მთელი თავდაცვის სამინისტრო მოწადინებულია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საზოგადოებამდე მივიდეს სრული ჭეშმარიტება“, – აღნიშნა მან.

 „ჩემთვის, რაზეც ახლა ვარ კონცენტრირებული, არის, რომ გავერკვე საქმის ვითარებაში, ყველა დეტალი შევისწავლო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ბიჭებმა იგრძნონ თავი დაცულად, სამართლებრივად, და ამიტომ მე, რა თქმა უნდა, მთელ ყურადღებას გადავიტან იქითკენ, რომ მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად – და ამის ელემენტები და წინაპირობები, სამწუხაროდ, უკვე ჩანს, ისე წარიმართა პროცესი დახურულად“, – განაცხადა ალასანიამ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლოების გრიფი მოეხსნას ამ საქმეს იმიტომ, რომ უსაფრთხოების კუთხით უკვე დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. აქედან გამომდინარე, იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო რომ ასე ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. ამიტომ, სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია, რომ გამოძიება ღიად, გახსნილად წარიმართოს“, – განაცხადა მან.

ალასანიას თქმით, „ვინაიდან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ამით მიადგა ზიანი, უნდა შედგეს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები ამასთან დაკავშირებით“.  თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ის გეგმავს ეს საკითხი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთან განიხილოს.

„ბუნებრივია, როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა დადგება იმ პირების, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება“, – განაცხადა ალასანია.

კითხვაზე აქვს, თუ არა საქმეს პოლიტიკური მოტივები, ალასანიამ უპასუხა: „გამოძიებას არავინ და არაფერი წინ არ უნდა აღუდგეს. რაც შეეხება აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებთ“.

ამ დაკავებებმა სპეკულაციები წარმოშვა იმის თაობაზე, რომ ეს შესაძლოა კოალიცია ქართულ ოცნებაში მიმდინარე შიდა ბრძოლის ნაწილი იყოს, რომლის სამიზნეც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა. ასევე პარალელები გაივლო იმ საქმესთან, რომელიც  2013 წლის მაისში სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის ასევე გაფლანგვის ბრალდებით დაკავებას უკავშირდება; მაშინდელმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ამ დაკავებების შემდეგ თანამდებობა დატოვა. თუმცა, ცხრა თვის თავზე სამინისტროს თანამშრომლებს გაფლანგვის ბრალდებები მოეხსნათ.

30 ოქტომბერს საკითხზე კომენტირებისას აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა: „ჩვენ სრულად ვენდობით მინისტრ ალასანიას“.

 „ვიცი, რომ ამ გამოძიებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაისვა“, – განაცხადა ნორლანდმა, „პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები სრულად ენდობა საქართველოს, როგორც მის პარტნიორს სამხედრო და თავდაცვის საკითხებში, იქნება ეს საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი თუ საქართველო-ნატოს ურთიერთობა“.

„მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად ვენდობით მინისტრ ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ გუნდს. მივესალმებით მათ განცხადებას, რომ ისინი სრულად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან. ყოველთვის, როდესაც გაისმის კორუფციის ბრალდება, საქმე საფუძვლიან გამოძიებას მოითხოვს. მივესალმებით ამგვარ გამოძიებას. როგორც ყოველთვის, ვთხოვთ მთავრობას ამ გამოძიებასაც სამართლებრივი პროცედურებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით მიუდგეს.“

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა 29 ოქტომბერს, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც  პირადად ის ყურადღებით მიადევნებს თვალს და დასძინა, რომ იმის მიუხედავად, თუ რა გაგრძელება ექნება ამ საქმეს, ამან უკვე „სერიოზული ზიანი“ მიაყენა შეიარაღებულ ძალებს.

„თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე ვერავითარ შემთხვევაში ვერ განიხილება, როგორც ერთი მორიგი საქმე. საქმე ეხება სწორედ თავდაცვის მიმართულებას, იმ მიმართულებას, რომელიც თავდაცვაში არის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დელიკატური და მგრძნობიარე, ანუ კავშირგაბმულობის სფეროს. გახსოვთ ალბათ 2008 წლის ომის დროს, ეს იყო ერთ–ერთი მიმართულება, რომელიც სამწუხაროდ ჩავარდა და მობილური ტელეფონების იმედზე იყო შეიარაღებული ძალები. ამიტომ ამ საკითხში სიცხადის შეტანა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ეს საქმე ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის. თუ დადასტურდა, რომ ის ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვთ კონკრეტულ პირებს, მართალია, მაშინ ამას ძალიან სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა მოყვეს, ყველასი, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ამასობაში, თუ დადასტურდა, რომ ეს ბრალდება არ არის საფუძვლიანი და მართებული, მაშინ ძალიან სერიოზული ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც ამ ტიპის საქმე წამოიწყო იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობით ყველა შემთხვევაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, შეიარაღებულ ძალებს და სამხედრო სფეროს სერიოზული ზიანი აქვს მიყენებული ან ამ დანაშაულის ჩადენით  ან დანაშაულში უსაფუძვლო ბრალდებით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა მივყვეთ ამ საქმეს ბოლომდე. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ჩემს პირად საქმედაც ვთვლი ამ საკითხს და პარლამენტი ყველა შესაძლო ბერკეტით, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში მიყვება ამ საქმეს ბოლომდე იმისთვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს - არც ერთი ვარიანტი და არც მეორე ვარიანტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18