Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმეზე თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაიბარა
Civil Georgia, Tbilisi / 3 ნოე.'14 / 17:45

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი 3 ნოემბერს პროკურატურაში „მოწმის“ სახით დაკითხვაზე მივიდა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვას ეხება და რომლის გამოც თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი დააკავეს ოქტომბერის ბოლოს.

პროკურატურა აცხადებს, რომ 4.1 მილიონი ლარი გაიფლანგა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ  2013 წელს  გამოცხადებული  საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვისას, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან „სილქნეტთან“ გაფორმდა კონტრაქტი. თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, უარყოფენ ბრალდებებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ის მათ უდანაშაულობაში დარწმუნებულია. 

პროკურატურის თქმით, ბატიაშვილი იმიტომ დაიბარეს დაკითხვაზე, რომ კონტრაქტს „სილქნეტთან“ სწორედ ის აწერდა ხელს დეკემბერში.

ჯარჯი წიკლაურმა, რომელიც ამ საქმეზე ბრალმდებელია, განაცხადა, რომ ალექსი ბატიაშვილი „სილქნეტის“ ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია და ამიტომაც მის მიმართ რამდენიმე კითხვა არსებობს.

მართალია კონტრაქტს „სილქნეტთან“ დეკემბერში მოეწერა ხელი, მაგრამ თავად სახელმწიფო შესყიდვა, რომელსაც გრიფი საიდუმლო ედო, 2013 წლის 27 აგვისტოს გამოცხადდა, 5 სექტემბერს გაიხსნა რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები და სექტემბრის დასაწყისშივე „სილქნეტი“ გამარჯვებულად გამოცხადდა.

მაშინ ბატიაშვილი ჯერ არ იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ამ პოსტზე ის გასული წლის ნოემბრის ბოლოს დაინიშნა.

ტენდერის გამოცხადების დროს ბატიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო; მაშინ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა
 
კომპანია „სილქნეტმა“ აღნიშნა განცხადებაში, რომ ტენდერის ჩატარების პროცესში „კომპანია სილქნეტის ყველა წარმომადგენელი მოქმედებდა სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით“.
 
„ტენდერში მონაწილე ოთხ კომპანიას შორის სილქნეტის მიერ წარდგენილი წინადადება იყო ყველაზე სანდო, საუკეთესო ფასისა და ხარისხის მომსახურების შეთავაზება, რომელიც მეორე ადგილზე გასულ კომპანიასთან შედარებით 2,4 მილიონი ლარით ნაკლები დაუჯდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს“, – განაცხადა კომპანიამ.

„ამ გრიფის მოხსნის შემთხვევაში, კიდევ ბევრი დეტალი გახდება ცნობილი, რაც დაადასტურებს, რომ სილქნეტის მიერ ტენდერში წარდგენილი წინადადება  საუკეთესო იყო ფასისა და მომსახურების გაწევის ჭრილში“, – აცხადებს კომპანია და გამოთქვამს სურვილს, რომ ყველა ფაქტი ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის, რადგანაც ეს მედიის, თავდაცვის სამინისტროს, თავად კომპანიის და ქართველი ხალხის ინტერესებში შედის.

პროკურატურის საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს და თავდაცვის სამინისტროს სურს, რომ საქმეს ეს გრიფი მოეხსნას. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შსს–მ უარი თქვა გრიფის მოხსნაზე იმ მოტივით, რომ საჭიროა იმ საქმის მასალების გადახედვა, რომელსაც პროკურატურა გადასცემს. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა გასულ კვირას, რომ ის აპირებდა, რომ ოფიციალურად მოეთხოვა პროკურატურისგან საქმის მასალების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემა 3 ნოემბერს.

ორშაბათს დილით გაკეთებულ კომენტარში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ საქმის ნაწილს გრიფი საიდუმლო „უახლოეს საათებში“ მოეხსნება.

მან ასევე განაცხადა, რომ ის თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის დაკავებული თანამშრომლების ოჯახებს შეხვდა და მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩავხედე საქმეს, იმ მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნდა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ის პრემიერ–მინისტრს წარუდგენს მასალებს, „სადაც დასტურდება, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები“.

3 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში პროკურატურამ აღნიშნა, რომ განცხადებები, რომ „თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას“.  ამავე განცხადების თანახმად, საქმეს საიდუმლო გრიფი დაედო, რადგანაც თავად ტენდერს დაადო საიდუმლო გრიფი თავდაცვის სამინისტრომ. პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის, რომ საქმის მასალები შსს–ს გადასცეს, რომლის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სწორედ თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილეა უფლებამოსილი ხსენებულ დოკუმენტებს მოხსნას საიდუმლო გრიფი და არა საქართველოს პროკურატურა.

ამ განცხადების საპასუხოდ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას "არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია პოზიცია თითქოს საიდუმლო გრიფი ამ მასალებს პროკურატურამ მიანიჭა და მით უმეტეს არ განუცხადებია, რომ გრიფს საგამოძიებო უწყება განზრახ არ ხსნის". თავდაცვის უწყებამ მოუწოდა "ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან".

ამ დაკავებებმა სპეკულაციები წარმოშვა იმის თაობაზე, რომ ეს შესაძლოა კოალიცია ქართულ ოცნებაში მიმდინარე შიდა ბრძოლის ნაწილი იყოს, რომლის სამიზნეც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც ალასანიას მსგავსად თავისუფალი დემოკრატების წევრია, განაცხადა 3 ნოემბერს, რომ დაკავებების დამთხვევა  ალასანიას უცხოურ ვიზიტებზე თავდაცვის მინისტრის მიმართ უპატივცემულობაა.

„ყველა გამომძიებელს, ყველა პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც მინისტრი არის წასული მივლინებაში, თუკი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, დაელოდოს მას, სანამ დააკავებს მის თანამშრომლებს, რადგან იმით, რაც მოხდა ძალოვან სტრუქტურაში, დაირღვა ის დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანის მხრიდან. ყველა მინისტრი პატივს სცემს ძალოვანებს და იგივეს მოითხოვს მათგანაც“, – განაცხადა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასევე მიანიშნა ამ საკითხზე 1 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში საკითხის კომენტირებისას. მან განაცხადა, რომ პროკურორებმა „მეტი პასუხისმგებლობა“ უნდა გამოიჩინონ; მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების შესახებ განცხადების მაშინ გაკეთება, როდესაც თავდაცვის მინისტრი „ძალიან მნიშვნელოვან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს პარიზსა და ბერლინში, „არ არის მთლად სწორი საქციელი“.

„მე არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ვინმემ უნდა უკარნახოს პროკურორს, როდის რა უნდა გააკეთოს, მაგრამ პროკურორი, რომელიც ებრძვის კორუფციას, მან უნდა იცოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის პროცესში, მან რამე სხვა მნიშვნელოვანი არ უნდა დააზარალოს და არ უნდა დააზიანოს“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ არ უნდა იმის დაჯერება, რომ დაკავებები განზრახ იმ დროს განხორციელდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი უცხოურ ვიზიტებს ახორციელებდა.      

დაკავებების დროს გაერთიანებული შტაბის მეთაური, გენერალ–მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესტონეთში იმყოფებოდა ვიზიტით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17