თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „თავისუფალის დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის გამორიცხავს რაიმე პოლიტიკურ კავშირს ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან, ნაციონალურ მოძრაობასთან.
„ერთი რამ, რაც შემიძლია ძალიან ცალსახად, ძალიან ცხადად გითხრათ „თავისუფალი დემოკრატები“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებიან პოლიტიკურ კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან იმიტომ, რომ ჩვენ გავქვს ფუნდამენტალური განსხვავებები ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის იმაზე, თუ რა მდგომარეობაში იყო მათი მმართველობის დროს ეს ქვეყანა“, - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს 5 ნოემბერს.
მან ასევე განაცხადა, რომ მომავალში პარტნიორებად ხედავს რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც ქართული ოცნების მმართველი კოალიციის წევრია.
„კოალიციის ძალებში არის ლიბერალური მიმართულების პარტიები, რომლებიც მონათესავე ორგანიზაციები არიან და გვაქვს ძალიან მჭიდროდ ჩამოყალიბებული ორმხრივი თანამშრომლობა - რესპუბლიკური პარტია თუნდაც, რომელთანაც გვაკავშირებს ღირებულებითი ძალიან დიდი ერთობა“, - განაცხადა მან.
კოალიციის ცენტრალურ ოფისში ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება, რომელზეც სავარაუდოდ, საბოლოოდ გაირკვევა საკითხი დარჩებიან თუ არა „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციაში. მათი გასვლის შემთხვევაში, კოალიცია კარგავს საპარლამენტო უმრავლესობას.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „პრაქტიკულად გადავდივართ თემატურ თანამშრომლობაზე პარლამენტში“, თუმცა დასძინა, რომ პარტია თავის საბოლოო პოზიციას სხდომის დასრულების შემდეგ გამოხატავს.
იმავდროულად, ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.
„თანამოაზრეების გაჩენა არასდროს არ არის საშიში. თუ ვინმემ ორი წლის შემდეგ გააცნობიერა, ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ქვეყანა იმართება კულუარებიდან, არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანამ გადაუხვია ევროპული კურსიდან - ასეთი თანამოაზრეების გაჩენა არის მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო“, – განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ირმა ნადირაშვილმა.
ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი „პოლიტიკური კრიზის“ გამო საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის „სასწრაფოდ“ მოწვევას სთხოვს.
„სერიოზული მძიმე პოლიტიკური კრიზისია და ქვეყანა მიექანება ქაოსისაკენ. ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს სასწრაფოდ მოიწვიოს საქართველოს პარლამენტის სხდომა.. ყველა, ვისაც გვაქვს შეგნებული მდგომარეობის სირთულე, შევეცდებით ქვეყნის მშვიდად და სტაბილურად განვითარების ხელშეწყობას“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ბარამიძემ.