Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვმა და სოხუმმა "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" ხელშეკრულების საბოლოო პროექტი მოამზადეს
Civil Georgia, Tbilisi / 22 ნოე.'14 / 17:25

რუსეთის და სეპარატისტული აფხაზეთის მთავრობებმა „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ახალი ხელშეკრულების საბოლოო პროექტი მოამზადეს ხელმოსაწერად.   

ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი ბევრ, თუმცა არა ყველა, იმ ცვლილებას შეიცავს, რომლებიც აფხაზურმა მხარემ რუსეთის მიერ თავდაპირველად შეთავაზებულ პროექტში შეიტანა.

საბოლოო პროექტის თანახმად, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ათი წლით და ავტომატურად მისი მოქმედება იმ შემთხვევაში გაგრძელდება ხუთი წლით, თუ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს ერთი მხარე მეორეს, რომ აღარ სურს ვადის გაგრძელება.  

შეთანხმებაში „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ შემდეგი პრიორიტეტებია ასახული: „კოორდინირებული“ საგარეო პოლიტიკის განხორციელება; „საერთო თავდაცვის და უსაფრთხოების სივრცის“, ასევე „საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის“ შექმნა; აფხაზეთის დახმარება სოციალურ–ეკონომიკურ განვითარებაში; „პირობების შექმნა აფახაზეთის სრულფასოვანი მონაწილეობისთვის პოსტ–საბჭოთა სივრცეში რუსეთის ინიციატივით და/ან მისი დახმარებით მიმდინარე საინტეგრაციო პროექტებში“ და „საერთო კულტურული, სასულიერო და ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნება“.

საგარეო პოლიტიკა

ხელშეკრულების საბოლოო პროექტით, „კოორდინირებული“ საგარეო პოლიტიკა მოიცავს ურთიერთის ინტერესების გათვალისწინებას „თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებში“, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ერთმანეთის „ინფორმირებას“.

ამას ასევე მოყვება „მჭიდრო ურთიერთქმედება კავკასიის რეგიონში მშვიდობის გაძლიერების, სტაბილურობის და უსაფრთხოების გაზრდის მიზნით“.

რუსეთი პირობას დებს, რომ მიმართავს ძალისხმევას აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების „გაფართოებისთვის“. რუსეთთან ერთად აფხაზეთი ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს ყავთ აღიარებული.

რუსეთი ასევე „შექმნის პირობებს“ იმისათვის, რომ დაეხმაროს აფხაზეთს საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი გახდეს, მათ შორის იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც რუსეთის ინიციატივით შეიქმნა.

თავდაცვა და უსაფრთხოება

„საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის სივრცის“ შექმნას მოყვება „ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ ჩამოყალიბება „აგრესიის მოგერიების“ მიზნით; დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „ერთობლივ ზომებს“ აფხაზეთის საზღვრების დასაცავად.

საბოლოო პროექტი ასევე მოიცავს კოლექტიურ თავდაცვას, რომლის თანახმადაც, ერთზე თავდასხმა მიჩნეული იქნება, როგორც  თავდასხმა მეორეზე. ამგვარი თავდასხმის შემთხვევაში მათ „საჭირო დახმარება“ უნდა აღმოუჩინონ ერთმანეთს, მათ შორის სამხედრო კუთხით.

ხელშეკრულების თანახმად, ძალების გაერთიანებული დაჯგუფება უნდა ჩამოყალიბდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში.

საბოლოო პროექტში გათვალისწინებულია აფხაზეთის წინადადება და დაკონკრეტებულია, რომ  გაერთიანებული დაჯგუფება აფხაზეთის და რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთებისგან უნდა ჩამოყალიბდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შემადგენლობაში აფხაზური ძალების მთლიანი შემადგენლობა  არ შევა.

რუსეთი ნიშნავს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურს ომის დროს ან როდესაც „აგრესიის პირდაპირი საფრთხე“ არსებობს. საბოლოო ტექსტში შესულია აფხაზეთის წინადადება, რომლის თანახმადაც, ომის ან პირდაპირი აგრესიის საფრთხის დროს, დაჯგუფების მეთაურის მოადგილეს სოხუმი დანიშნავს.

საბოლოო პროექტის თანახმად, „აგრესიის პირდაპირი საფრთხის“ შემთხვევაში ძალების გაერთიანებული დაჯგუფება ამოქმედდება. ამგვარი საფრთხის არსებობა რუსეთის და აფხაზეთის „უფლებამოსილი ორგანოების ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილებით“ უნდა განისაზღვროს.

ტექსტში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ძალების გაერთიანებული დაჯგუფების აფხაზეთის ტერიტორიაზე გამოყენების თაობაზე უნდა „შეთანხმდეს“ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ანუ სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტთან.

მშვიდობის დროს, საბოლოო პროექტის თანახმად, ძალების გაერთიანებული დაჯგუფების სამხედრო შენაერთები იმ ოპერატიული ჯგუფის ზედამხედველობას დაექვემდებარებიან, რომელიც რუსეთის და აფხაზეთის  „უფლებამოსილი ორგანოების“ მიერ წარდგენილი წარმომადგენლებით დაკომპლექტება. აფხაზეთის მიერ მომზადებული პროექტი ითვალისწინებდა მშვიდობის დროს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელობას რუსული და აფხაზური მხარეების მიერ როტაციის პრინციპით.

ძალების გაერთიანებული დაჯგუფების ფუნქციონირების სხვა დეტალები ცალკე შეთანხმებით განისაზღვრება, რომელსაც ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს ექვს თვეში უნდა მოეწეროს ხელი.

საბოლოო პროექტის თანახმად, ორივე მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადაში აფხაზეთის შეიარაღებული ძალების „მოდერნიზაციის“ მიზნით შესაბამისი ზომები მიიღონ.

პროექტის თანახმად, ეს ზომები მოიცავს „სტანდარტების ეტაპობრივ უნიფიკაციას“ სამეთაურო და საკონტროლო სისტემების, ლოჯისტიკის, ასევე აფხაზი სამხედროების ხელფასების და სოციალური გარანტიების კუთხით.

საბოლოო პროექტი ასევე ითვალისწინებს აფხაზური ძალების „თანამედროვე იარაღით“ მომარაგებას.

ხელშეკრულების თანახმად, რუსეთი იღებს ვალდებულებას, რომ დააფინანსოს ეს ღონისძიებები. ექვსი თვის ვადაში ხელი მოეწერება ცალკე შეთანხმებას, რომელიც ამ დებულებების დაფინანსების და განხორციელების დეტალებს განსაზღვრავს.

საზღვრის დაცვა
 
სოხუმის წინადადებების გათვალისწინებით, საბოლოო პროექტში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში უნდა განხორციელდეს ზომები, რათა ერთობლივად იქნას დაცული არა მხოლოდ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი, არამედ სეპარატისტული რეგიონის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების სხვა მონაკვეთებიც.

საბოლოო პროექტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში მოსკოვმა და სოხუმმა ერთობლივად უნდა უზრუნველყონ საქართველოსთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის „საინჟინრო და ტექნიკური“ აღჭურვა,

ხელშეკრულება ასევე უზრუნველყოფს „რუსეთ–აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე სრულიად თავისუფალ გადაადგილებას“, მაგრამ ასევე აცხადებს, რომ ეს რეჟიმი დაექვემდებარება „შეზღუდვებს“ უსაფრთხოების მიზნით.

საბაჟო კონტროლი

აფხაზური მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ხელშეკრულების ამოქმედებიდან სამი წლის ვადაში საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით საკუთარი კანონმდებლობის „ჰარმონიზება“ მოახდინოს ევრაზიული კავშირის რეგულაციებთან.

აფხაზურმა მხარემ ასევე უნდა შეიმუშავოს რეგულაციები, რომელიც მისი საბაჟო სამსახურის  საქმიანობას რუსეთისას შეუსაბამებს.

რუსეთი იღებს ვალდებულებას, რომ ამ ღონისძიებების განხორციელებაში აფხაზეთს ტექნიკური და „მეთოდოლოგიური“ დახმარება აღმოუჩინოს. ამ ღონისძიებების განხორციელების დეტალური სამოქმედო გეგმა ხელშეკრულების ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში უნდა მომზადდეს.

აფხაზეთის წუხილების გათვალისწინებით, საბოლოო პროექტი აღარ შეიცავს პუნქტს, რომელიც რუსეთის მიერ შეთავაზებულ თავდაპირველ პროექტში იყო და რომელიც სთავაზობდა „ერთობლივი“ საბაჟო კონტროლის განხორციელებას ადამიანების, ტრანსპორტის და ტვირთების გადაადგილებაზე აფხაზეთში შესასვლელ პუნქტებში, მათ შორის პორტებში. საბოლოო პროექტით, სოხუმი და რუსეთი თანხმდებიან აღიარონ ერთმანეთის საბაჟო კონტროლის შედეგები, თუ ასეთი კონტროლი მხარეების მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელდება.

აფხაზურმა მხარემ ასევე უნდა „დაუახლოვოს“ თავისი საბიუჯეტო კანონმდებლობა რუსულს სამი წლის ვადაში.

სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობა

მოსკოვმა და სოხუმმა ხელშეკრულების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში სამართალდამცავი სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო–საკოორდინაციო ცენტრი უნდა შექმნან „ორგანიზებული დანაშაულის და სხვა მძიმე დანაშაულების“ წინააღმდეგ ბრძოლის „კოორდინაციის“ მიზნით.

საბოლოო პროექტის მიხედვით, ამ ცენტრის ფუნქციები უფრო მეტად შეესაბამება იმ წინადადებებს, რომლებიც აფხაზურმა მხარემ წარმოადგინა, ვიდრე იმას, რომელიც რუსეთის მიერ შეთავაზებულ თავდაპირველ პროექტში იყო.

საბოლოო პროექტით, ცენტრის საშუალებით მოხდება დანაშაულთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და მონაცემთა ბაზის შედგენა იმ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების შესახებ, რომელთა საქმიანობაც ეხება როგორც აფხაზეთს, ისე რუსეთს. ცენტრის მეშვეობით ასევე განხორციელდება იმ პირთა დევნა, რომლებიც რუსეთის და აფხაზეთის მიერ იძებნებიან. ცენტრი ასევე დაეხმარება რუსეთის და აფახაზეთის სამართალდამცავი სტრუქტურების  ერთობლივი ქმედებების კოორდინირებას იმ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, „რომელიც საფრთხეს უქმნის ორივე მხარის უსაფრთხოებას“.

მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას, რომ „ეტაპობრივად“  გაუზარდონ ხელფასები აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. პროექტის თანახმად, ამ მხრივ აფხაზური მხარე „თანადაფინანსებას“ უზრუნველყოფს .

მოქალაქეობა

საბოლოო პროექტის თანახმად, რუსეთი იღებს ვალდებულებას, რომ „დამატებითი ზომები მიიღოს“, რათა „აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურები გაამარტივოს.

მოსკოვის მიერ შეთავაზებული თავდაპირველი პროექტი ასევე ითვალისწინებდა რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებისთვის პროცედურების გამარტივებას, მაგრამ აფხაზური მხარის მოთხოვნით, ეს პუნქტი საბოლოო პროექტიდან ამოღებულ იქნა.

სოხუმი რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ეს ქონების შესყიდვასა ან დაბრუნებაში იმ ეთნიკურ ქართველებს დაეხმარება, რომელთაც აფხაზეთი 90–იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დატოვეს და ამჟამად რუსეთის მოქალაქეები არიან.

სოციალური დაცვა, პენსიები და ჯანდაცვა

საბოლოო პროექტში ძირითადად უცვლელი რჩება ის პუნქტები, რომლებიც სეპარატისტული რეგიონის სოციალური დაცვის, საპენსიო და ჯანდაცვის სისტემების რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქების სისტემებში ინტეგრაციას ეხება.

საბოლოო პროექტის თანახმად, რუსეთი იღებს ვალდებულებას, რომ „თანადააფინანსოს“ აფხაზეთის სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურების, სპორტის და კულტურის სფეროებში დასაქმებულთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდა.  ამ სტრუქტურებში არსებული ხელფასები რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში არსებულს უნდა გაუთანაბრდეს.  

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან სამი თვის თავზე რუსეთი და აფხაზეთი ცალკე შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც ამ ღონისძიებების დეტალურ ვადებს და დაფინანსების სქემას განსაზღვრავს.

2015 წლის 1 იანვრიდან და მომდევნო სამი წლის მანძილზე რუსეთი პენსიებს გაუზრდის იმ პენსიონერებს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან და რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში არსებული საშუალო პენსიის დონემდე.

მოსკოვი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში ჩართოს, რაც მათ საშუალებას მისცემს რუსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის მომსახურებით ისარგებლონ. საბოლოო პროექტით, ეს ხელშეკრულების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში უნდა მოხდეს, ნაცვლად თავდაპირველად შეთავაზებული სამი წლისა.

რაც შეეხება განათლებას, საბოლოო პროექტში ნათქვამია, რომ აფხაზეთი სამი წლის ვადაში განათლების შესახებ სამართლებრივ აქტებს და რეგულაციებს მიიღებს, რომლებიც „შესაბამისობაში“ იქნება რუსეთის კანონმდებლობასთან.

აფხაზეთის წინადადების გათვალისწინებით, საბოლოო პროექტში ნათქვამია, რომ რუსეთი დაეხმარება სოხუმს „აფხაზური ენის განვითარების პროგრამის“ განხორციელებაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38