მთავრობამ გადაწყვიტა დაიწყოს იმ წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების ერთმანეთისგან გამიჯვნას ისახავს მიზნად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 დეკემბერს.
„შეიძლება უსაფრთხოების ბლოკი გამოიყოს ცალკე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სახით, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიციური დანაყოფები. ეს არის იდეის დონეზე; ამას სჭირდება ახლა კარგი დაგეგმარება“, - აღნიშნა მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან უკვე დაავალა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ახალ მდივანს დავით სუჯაშვილს, რომ „სასწრაფოდ“ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების, ასევე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, რათა „დაიწყოს მსჯელობა, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს“ შსს-ის რეფორმირება.
„ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა, „ამას სჭირდება კარგი მოფიქრება, კარგი დაგეგმარება. ეს სამუშაო ჯგუფი იქნება აბსოლუტურად გამჭირვალე, აბსოლუტურად ღია. ყველას მიეცემა საშუალება... რომ დავსხდეთ და ერთად ჩამოვყალიბდეთ, ერთად შევიმუშაოთ, თუ რომელი მოდელი აჯობებს ჩვენს რეალობაში“.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას დაახლოებით ორი კვირით უსწრებდა წინ ფარული მოსმენების შესახებ სადავო საკანონმდებლო ცვლილებების მიღების წინ გამართული დებატების ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილი მოწოდება კოლეგებისადმი ქართული ოცნებიდან, რომ მოეგვარებინათ მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები, მათ შორის იმ დაპირების შესრულების გზით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებას ეხება მისგან უშიშროების სამსახურების განცალკევების კუთხით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მანამდე ცალკე ფუნქციონირებადი უშიშროების სამინისტრო 2004 წელს შეუერთდა. ამჟამად, შსს-ს შემადგენლობაში საპოლიციო სტრუქტურებთან ერთად ასევე შედის სასაზღვრო პოლიცია, რომელიც ადრე უშიშროების სამინისტროზე დაქვემდებარებულ დეპარტამენტს წარმოადგენდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო (სუს); კონტრდაზვერვის დეპარტამენტი; კონტრტერორისტული ცენტრი; ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი. ამასთან, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანების დროს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდა დაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც მანამდე უშიშროების სამინისტროს სტრუქტურული ერთეული იყო.