Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის მოლაპარაკებების 30–ე რაუნდი
Civil Georgia, Tbilisi / 11 დეკ.'14 / 16:20

ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებმა 10 დეკემბერს გამართულ 30–ე რაუნდზე განაგრძეს ძალის გამოუყენებლობის და სხვა იმ საკითხების განხილვა, რომლებიც რეგულარულად განიხილება დისკუსიების დროს, თუმცა ინფორმაცია რაიმე პროგრესის თაობაზე არ ვრცელდება.

თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან აღნიშნეს შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების განხილვის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე განიხილეს მოსკოვს და სოხუმს შორის დადებული ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტარტეგიული პარტნიორობის“ შესახებ.

ქართველმა მომლაპარაკებლებმა განაცხადეს შეხვედრის შემდეგ, რომ მათ უსაფრთხოების კუთხით იმ „საგანგაშო ვითარების“ საკითხი დააყენეს, რომელსაც სოჭში ნოემბრის ბოლოს მოსკოვსა და სოხუმს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება ქმნის.

საქართველოს ახალმა მომლაპარაკებელმა ჟენევის დისკუსიებზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ გაიმეორა თბილისის პოზიცია, რომ „მოკავშირეობისა და სტარტეგიული პარტნიორობის“ შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს რუსეთის „შემდგომ ნაბიჯს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის ანექსიისკენ“.

მან ასევე განაცხადა, რომ ეს იყო მანიფესტაცია რუსეთის „შორსმიმავალი გეგმისა, გეგმებისა, რომ შეაფერხოს მეზობელი ქვეყნების პროდასავლური პოლიტიკა ოკუპაციისა და ანექსიის გზით“.

რუსულმა მხარემ უპასუხა, რომ ხელშეკრულებას არაფერი აქვს საერთო „ანექსიასთან“ და უარყო ეს, როგორც თბილისის და დასავლეთის „პროპაგანდისტული კლიშე“.

„ნატოში საქართველოს შეუჩერებელი სწრაფვის, ალიანსის უელსის სამიტზე სექტემბერში თბილისისთვის ‘გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის’ შეთავაზების, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნის გეგმების და ასევე დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის ახალი შეიარაღების მიწოდების თაობაზე განახლებული მოლაპარაკებების ფონზე, უსაფრთხოების საკითხები ამიერკავკასიაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს და დაჟინებულ ყურადღებას ითხოვს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების 30–ე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნდა.

„ამ კონტექსტში რუსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ 24 ნოემბერს ხელმოწერილი ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რუსეთის ფედერაციას და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენაა მიმართული და არ შეიცავს ისეთ დებულებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში შეერთებულმა შტატებმა, რომლის წარმომადგენლები ასევე მონაწილეობენ ჟენევის დისკუსიებში, შეშფოთება გამოხატა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და აღნიშნა „მისი პოტენციური უარყოფითი ზემოქმედება რეგიონალურ სტაბილურობასა და ჟენევის დისკუსიებზე“.

რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობას, რომელიც ერთ–ერთი მთავარი საკითხია, რომელიც რეგულარულად განიხილება ჟენევის დისკუსიებზე, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ საქართველოს მსგავსად, რომელმაც უკვე დადო ცალმხრივად ძალის არგამოყენების პირობა 2010 წელს, რუსეთმაც იგივე გააკეთოს. რუსეთი ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებაზე უარს იმ მოტივით აცხადებს, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და სანაცვლოდ თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერისკენ მოუწოდებს, სადაც მოსკოვი „გარანტის“ როლს შეასრულებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ რუსეთის „მზარდი დაჟინებულობა“ და მისი ძალისხმევა, ხელი შეუშალოს მეზობლებს „თავიანთი თავისუფალი საგარეო პოლიტიკური არჩევანის განხორციელებაში“, ასევე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის ფონზე, რუსეთის ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე „მინიმალური მექანიზმი იქნება, რომელიც აღკვეთს მოსკოვის მხრიდან შემდგომ აგრესიას“.

მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ მონაწილეებმა ასევე „განაგრძეს მუშაობა“ ერთობლივი განცხადების პროექტზე, რომელიც ძალის არგამოყენებას ეხება. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხზე კვლავ რჩება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ძალისხმევა არ დაიშურა, რომ მონაწილეთა ერთობლივი განცხადების შემუშავების საკითხი წინ წაეწია.

თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თბილისის პოზიცია, რომ „ამ განცხადებამ არ უნდა ჩაანაცვლოს ძალის არგამოყენების ვალდებულება რუსეთის ფედერაციის მხრიდან“.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მოლაპარაკებები, რომელსაც  ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ, საქართველოს, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლების მონაწილეობით იმართება ორ სამუშაო ჯგუფში, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს იხილავს.

მეორე სამუშაო ჯგუფში, როგორც თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, მონაწილეებმა  გადაადგილების თავისუფლებასთან, გაუჩინარებულ პირებთან, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და აღდგენის, განათლების და წყლის პროექტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ „ასევე იქნა დაყენებული იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხიც“.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ასევე განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების მონაწილეებმა „ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებული ზოგადი ვითარება შეაფასეს, როგორც შედარებით მშვიდი, სადაც ოქტომბერში გამართული წინა რაუნდის შემდეგ რაიმე მნიშვნელოვან ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია“.

აშშ–ის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ „იმ დროს, როდესაც რჩება უთანხმოებები დღის წესრიგის რამდენიმე საკითხზე და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე, მონაწილეები ზოგადად ორივე სამუშაო ჯგუფში კონსტრუქციულად ჩაერთნენ“.    

ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2015 წლის 17–18 მარტს დაიგეგმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20