ნატო–საქართველოს დაგეგმილი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მიმართ რუსეთის „ძალიან ნეგატიური“ რეაქციის მიუხედავად, ალიანსი „მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში“, რომ განახორციელოს ეს გეგმა და წლის ბოლომდე გახსნას ეს ობიექტი საქართველოში, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ თბილისში.
საქართველოში ერთობლივი „საწვრთნელი და შეფასების ცენტრის“ შექმნა იმ არსებითი პაკეტის ნაწილია, რომელიც ნატომ საქართველოს სექტემბერის უელსის სამიტზე შესთავაზა.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, 30 იანვარს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ასევე ესტუმრა ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონს, რომელიც ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის განთავსებისთვის ერთ–ერთი პოტენციურ ადგილად განიხილება. ვერშბოუს თქმით, ვაზიანი ერთ–ერთი „ძლიერი კანდიდატია“, თუმცა სხვა ვარიანტებიც არსებობს.
ნატოს შემფასებელი მისია საქართველოს, სავარაუდოდ, თებერვალში ეწვევა და სხვდასხვა შესაძლებლობებს განიხილავს, რათა საწვრთნელი და შემფასებელი ცენტრისთვის ადგილი შეარჩიოს, განაცხადა მან.
საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ალექსანდრე ვერშბოუმ განაცხადა, რომ ნატოს და საქართველოს „ცენტრის მიზნები ჯერ არ დაუსახიათ“.
მისი თქმით, ჯერ კიდევ დასადგენია ეს იქნება მხოლოდ სამეთაურო წვრთნები, თუ ასევე იქნება შესაძლებელი საველე წვრთნები სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით. „იმედია, რომ ეს უკანასკნელი იქნება“, – განაცხადა ვერშბოუმ.
მან ასევე განაცხადა, რომ ცენტრს შეეძლება უმასპინძლოს რეალურ და სიმულაციურ წვრთნებს მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო შენაერთების მონაწილეობით, კერძოდ კი იმ შენაერთების, რომლებიც ნატოს რეაგირების ძალებში მონაწილეობენ, და მას ასევე შეეძლება უმასპინძლოს წვრთნებს ნატოს Connected Forces-ის ინიციატივის მხარდასაჭერად.
ვერშბოუმ განაცხადა, რომ წვრთნისა და შეფასების ცენტრი იქნება „ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ნატოს ყოფნისა საქართველოში“; მისივე თქმით, ეს იმ არსებითი პაკეტის ფარგლებში განსახორციელებელი თანამშრომლობის თვალსაჩინო ნიმუშიცაა, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული.
მან ასევე განაცხადა, რომ თანამშრომლობის არსებითი პაკეტი „მოიცავს ყველა ინსტრუმენტს, რაც საქართველოს მიერ მისი წევრობის მისწრაფებების შესასრულებლად არის საჭირო“.
მის განხორციელებას, განაცხადა ვერშბოუმ, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური ვალდებულებები სჭირდება როგორც ნატოს, ისე საქართველოს მხრიდან.
„მაგრამ ჩვენ უკვე მივაღწიოთ კარგ პროგრესს საჭირო რესურსების გამონახვაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქმე წინ წაიწევს, როდესაც ნატოს და საქართველოს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე ბრიუსელში 5 თებერვალს.
პაკეტის სხვა ელემენტებს შორის არის „სტრატეგიული დონის რჩევების“ მიცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბისთვის.
ვერშბოუმ განაცხადა, რომ პაკეტი ასევე მოიცავს თბილისში 2010 წელს გახსნილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის შემდგომ გაძლიერებას და ნატოს მრჩეველთა ძირითადი გუნდის გამოგზავნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ექსპერტები კონკრეტულ სფეროებში და ადგილზე ან მუდმივად იმუშავებენ ან ხშირი როტაციის პრინციპით.
„ვფიქრობ, მათი [ნატოს მრჩევლების] ყოფნა საზოგადოებისთვის ისეთი თვალშისაცემი არ იქნება, როგორც ჩრდილოეთით ზოგიერთი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა ვერშბოუმ.
როდესაც მას დაგეგმილ ცენტრთან დაკავშირებით რუსეთის რეაქციაზე ჰკითხეს და ასევე იმის თაობაზე, განიხილა თუ არა შესაძლო სცენარები საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრების დროს, ვერშბოუმ უპასუხა: „ჩვენ უკვე გავიგეთ რუსებისგან საკმაოდ ნეგატიური და მუქარით სავსე განცხადებები ერთობლივ საწვრთნელ და შეფასების ცენტრთან დაკავშირებით“.
„ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველოს სუვერენული უფლებაა უმასპინძლოს ასეთ ობიექტს და ჩვენი უფლებაა, დავეხმაროთ სუვერენულ სახელმწიფოს მისი უსაფრთხოების გაძლიერებაში ამგვარი ობიექტის ჩამოყალიბების გზით“, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, „ჩვენ არ განვიხილავთ პოტენციურ სცენარებს, თუ რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა, თუმცა ძალიან მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ წინ წავიდეთ“.
„ჩვენ გვიწევს იმის შეხედვა, თუ რას ამბობენ რუსები, რას აკეთებენ ისინი, მაგრამ არ მივცემთ მათ უფლებას ვეტო დაადონ ამ ტიპის ლეგიტიმურ ქმედებას - წერტილი“, – განაცხადა ვერშბოუმ.
მან ასევე აღნიშნა თავის გამოსვლაში, რომ რუსეთი „აგრესიულ, არაპროგნოზირებად ქვეყნად გადაიქცა“.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მანამდე ვნახეთ ამგვარი უგუნური საქციელის შემაშფოთებელი ნიშნები, კერძოდ აქ, საქართველოში შვიდი წლის წინ. მაგრამ სხვა ქვეყნის ნაწილის ანექსიით, აღმოსავლეთ უკრაინაში გამოუცხადებელი ომის დაწყებით და მისი მეზობლების დაშინებით, რუსეთის კიდევ უფრო შორს წავიდა“, – განაცხადა ვერშბოუმ, „ნატოს არ სურს რუსეთის იზოლაცია. რუსეთი თავად ახდენს საკუთარ იზოლირებას“.
საქართველოს ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ვერშბოუმ ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას.
„შემდგომი პროგრესი მოითხოვს შემდგომ კონსტრუქციულ ჩართულობას ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. და ეს მოითხოვს დიალოგს და თანამშრომლობას ხელისუფლების ყველა შტოს შორის, ასევე საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მომდევნო თვეებში ნატოს მოკავშირეები „განსაკუთრებულად დააკვირდებიან“ რეფორმებს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„შერჩევითი სამართალი და პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის აღქმაც კი აცილებული უნდა იქნას თავიდან“, – განაცხადა ვერშბოუმ, „თითოეულ საქმეში საჭიროა კანონის უზენაესობის დაცვა. ეს ნატოს ალიანსის ფუნდამენტური პრინციპია, რომელში გაწევრიანებაც საქართველოს სურს“.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ შეხვედრები გამართა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან; პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებთან; ასევე შეხვდა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს ილია მეორეს.