უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილ ციბენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში 16 თებერვალს გამოცხადდა მას შემდეგ, რაც საგარეო უწყებამ ის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის გამო დაიბარა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე უკრაინის ელჩი აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ხელი არ შეეშლება.
უკრაინის ელჩმა საგარეო უწყებაში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის დანიშვნა არ არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში დაბრკოლება არ იქნება. მისი თქმით, პრეზიდენტმა პოროშენკომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო, რათა სააკაშვილის დიდი გამოცდილება გამოიყენოს. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს უკრაინის მხარდაჭერისთვის.
უკრაინის ელჩის საგარეო უწყებაში მისვლადმე, 16 თებერვალს სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ელჩი უწყებამ „მოიწვია“, რათა „ბევრ საკითხზე“ ესაუბროს, მათ შორის სააკაშვილის დანიშვნის თაობაზე.
საქართველოს საგარეო უწყების სპიკერის თქმით, მართალია სააკაშვილის დანიშვნა „გასაკვირი“ იყო თბილისთვის, მაგრამ „არაფერი შეუშლის ხელს“ საქართველოს და უკრაინას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.
„ნუ შევქმნით განსაკუთრებულ აჟიოტაჟს“, – განაცხადა კერესელიძემ პრესკონფერენციაზე უკრაინის ელჩის სამინისტროში დაბარების თაობაზე შეკითხვის საპასუხოდ, „უკრაინა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს, გვექნება მეგობრული ურთიერთობა“.
„დღეს უკრაინაში შექმნილი ვითარება არის ძალიან რთული. უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. ამიტომ მის გვერდზე ყოფნა და თანადგომა არის უპირველესი მოვლენა და ამ პარტნიორობას და კეთილმეზობლობას არაფერი არ შეუშლის ხელს“, – განაცხადა მან.
„ეს დანიშვნა ჩვენთვის გასაკვირი იყო და რა მიზეზების გამოც, თქვენ ძალიან კარგად გესმით“, – განაცხადა მან.
„რაც შეეხება ელჩის დაბარებას - დაბარებას არ დავარქმევდი, ჩვენ მოვიწვიეთ ელჩი... ასეთი ურთიერთობა ძალიან ხშირად არის, როდესაც ჩვენ ვიწვევთ ელჩს ბევრ საკითხზე სასაუბროდ, მათ შორის იქნება, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი [სააკაშვილის დანიშვნაზე]“, – განაცხადა კერესელიძემ და დასძინა, რომ გარკვეული კითხვები დაგროვდა.
მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტის ორგანიზებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თარიღი ჯერ არ არის შეთანხმებული, თუმცა ვიზიტის გეგმა არ შეცვლილა.