- მთავრობა რეინვესტიციის შემთხვევაში მოგების გადასახადის გაუქმებაზე ფიქრობს;
- ეკონომიკის მინისტრი: ‘არასწორი მესიჯები გავიდა ბიზნესის მიმართულებით’;
- ეკონომიკის მინისტრი: სისტემა მოუმზადებელი დახვდა ახალ სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციებს;
- ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პროგნოზი რეალისტური იყო სამი თვის წინ;
- იგეგმება თელასის აქციების 24.5%-ის, ასევე საქართველოს ფოსტის პრივატიზაცია.
თბილისის პარლამენტში საკომიტეტო სხდომათა დარბაზში ხალხმრავლობაა 12 მარტს გამართულ მოსმენაზე, სადაც დეპუტატებმა მინისტრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან ეკონომიკურ ვითარებაზე ინფორმაცია მიიღეს; თუმცა დამსწრეთა რაოდენობა ხუთსაათიანი სხდომის მიწურულს საგრძნბობლად შემცირდა. ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური
ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა დეპუტატებს საკომიტეტო მოსმენაზე, რომ საქართველოში ლარის გაუფასურება და ეკონომიკის შენელება გარე ფაქტორების შედეგია, მაგრამ მან ასევე აღიარა, რომ მთავრობამაც დაუშვა გარკვეული შეცდომები.
კვირიკაშვილი ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გიორგი ქადაგიძესთან ერთად 12 მარტს პარლამენტის დრგობრივი ეკონომიკის პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მივიდა, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე მჯელობა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებმა სხდომის დაწყებისთანავე პროტესტის ნიშნად საკომიტეტო მოსმენა დატოვეს. დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ თავისუფალი დემოკრატებიდან განაცხადა, რომ ეს საკომიტეტო მოსმენა ქართული ოცნების მიერ დადგმული „შოუა“ იმ გადაწყვეტილების გასამართლებლად, რომ არ იღებს მონაწილეობას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში 13 მარტს. სადავო რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტმა მოიწვია და ქართული ოცნების დეპუტატები მას ბოიკოტს უცხადებენ. მართალია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ბოიკოტს უცხადებენ ხოლმე საკომიტეტო მოსმენებს თბილისში პარლამენტის ქუთაისიდან დედაქალაქში ნაწილობრივ გადმოტანის გამო, მაგრამ 12 მარტის სხდომას ისინი დაესწრნენ. ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც 21 მარტს თბილისის ცენტრში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციას გეგმავს, ასევე მოუწოდა ქართულ ოცნებას დაესწროს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას და 13 მარტს განაგრძოს დებატები ეკონომიკის შესახებ.
იმავდროულად, პარლამენტის წინ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ჯგუფი საპროტესტო აქციას მართავდა; ხელისუფლების მხარდამჭერი ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“, რომელიც ხშირად მართავს ხოლმე აქციებს ნაციონალური მოძრაობის ოფისების წინ, ასევე მივიდა ადგილზე კონტრაქციის გასამართად, რაც შემდეგ ორ ჯგუფს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელშიც ასევე აღმოჩნდნდა ჩართული ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გოკა გაბაშვილი და ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.
იმ დროს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრებს უტევდნენ იმის გამო, რომ არანაირი გეგმა არ გააჩნიათ „არსებული ეკონომიკური კრიზისის“ მოსაგვარებლად, ქართული ოცნების დეპუტატების კითხვების ძირითადი ადრესატი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო, რომელიც, მათი თქმით, საკმარისად არ ჩაერია, რათა ლარის მკვეთრი დაცემა შეეჩერებინა. ამგვარი ბრალდებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ მას შემდეგ დაიწყო და გახშირდა მმართველი კოალიციის პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა თებერვლის ბოლოს ქადაგიძე გააკრიტიკა.
საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას ქადაგიძემ თავისი პოზიცია გაიმეორა და განაცხადა, რომ აგრესიული ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე გარე ფაქტორების მიერ გამოწვეულ ხანგრძლივ შოკებთან გასამკლავებლად ქვეყნის უცხოური სავალუტო რეზერვების გაფლანგვის ტოლფასი იქნებოდა.
ქადაგიძემ, რომლის უფლებამოსილების ვადაც 2016 წლის თებერვალში იწურება, განაცხადა, რომ ინტერვენცია ყველაზე ადვილი გზა იქნებოდა მისთვის ეროვნულ ბანკზე თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, თუმცა, მისი თქმით, ეს „არასწორი პოლიტიკაა“ არსებულ სიტუაციაში და ის ამას არ გააკეთებს.
მან ასევე განაცხადა, რომ წელს ლარის რაიმე მნიშვნელოვანი მერყეობა აღარ არის მოსალოდნელი - იგივე მოსაზრება გაიზიარეს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებმა.
ნოემბრის დასაწყისიდან ლარი 25%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და ამჟამად 2.19-ს შეადგენს . ლარის გაუფასურებამ პიკს 26 თებერვალს მიაღწია, როდესაც ლარმა თავისი ღირებულების 29% დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში.
რეინვესტიციისას მოგების გადასახადის გაუქმების გეგმა
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ გარდა იმ ზომებისა, რომელთაც მოკლევადიანი ეფექტი ექნებათ და რომლებიც პრივატიზაციის გააქტიურებას, ტურიზმის წახალისების „გაძლიერებულ კამპანიას“, ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას, საგარეო სესხების ხარჯზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს, მთავრობა ასევე განიხილავს ზომებს, რომელიც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, მათ შორის საგადასახადო „ლიბერალიზაციის“ გზით.
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „სერიოზული“ ნაბიჯები იგეგმება გადასახადების ლიბერალიზაციის კუთხით, რომლის დეტალებიც მალე გახდება ცნობილი.
„საუბარი გვაქვს მოგების გადასახადის გაუქმებაზე, უფრო სწორად საუბარი არის რეინვესტიციის შემთხვევაში გადასახადის გაუქმებაზე და დივიდენდის დაბეგვრაზე, თუმცა, კონკრეტულ ფორმებზე, თუ როგორ მოხდება ეს, რა რაოდენობით და რა პერიოდში გაიწერება, ცოტა ხნის შემდეგ მოგახსენებთ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მართალია მოკლევადიან პერიოდში ამას უარყოფითი გავლენა ექნება, ვინაიდან დაახლოებით 700-800 მილიონი ლარი დაიკარგება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.
მან ასევე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაამარტივებს საგადასახადო ადმინისტრირებას, რაც ასევე საგრძნობი შვება იქნება ბიზნესისთვის.
ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის დაგეგმილ ინიციატივას „რევოლუციური“ უწოდა.
ყველაზე უახლოესი ქმედების სახით ეკონომიკის მინისტრმა პრივატიზაციის პროცესის ინტენსიფიკაცია დაასახელა, საიდანაც ის დაახლოებით 300 მილიონი აშშ დოლარის მიღებას გეგმავს, რაც მისი თქმით, ლარის სტაბილიზაციას დაეხმარება.
იმ სახელმწიფო აქტივებს შორის, რომელთა გაყიდვაც იგეგმება, კვირიკაშვილმა საქართველოს ფოსტა და თელასის აქციების 24.5% დაასახელა; დანარჩენი 75%-ის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V.-ია, რომელიც მთლიანად რუსული „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია. მან განაცხადა, რომ საქართველოს ფოსტის პრივატიზაციას „სერიოზული მომზადება“ სჭირდება, რაც სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში დასრულდება.
‘არასწორი მესიჯები ბიზნესის მიმართულებით’ და ‘გადაჭარბება’ ახალ სავიზო რეგულაციებში
მართალია კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ შარშან ტურისტების რაოდენობაში ზრდის შენელება და 2015 წლის იანვარ-თებერვალში 7.8%-იანი კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, არ წარმოადგენს საგარეო ფინანსური ნაკადების შემცირების მთავარ ფაქტორს, თუმცა მან აღიარა, რომ შეცდომები იქნა დაშვებული 2014 წლის სექტემბრიდან სავიზო და საემიგრაციო რეგულაციების გამკაცრების პროცესში.
რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, მისი თქმით, ამ პროცესში გარკვეული გადაჭარბება მოხდა ბიუროკრატიის კუთხით.
მან ასევე განაცხადა დაკონკრეტების გარეშე, რომ „სისტემა არ იყო მზად“ ახალი რეგულაციების ადმინისტრირების თვალსაზრისით. სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციების გამკაცრებიდან ხუთი თვის შემდეგ საქართველომ იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყანას ტურისტული და საქმიანი მიზნით ეწვევიან, ვიზის ელექტრონული პორტალი აამოქმედა.
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა „მალე“ წარუდგენს პარლამენტს კანონპროექტს სავიზო მოთხოვნების „ლიბერალიზაციის“ თაობაზე; მან დაგეგმილი ცვლილებების დეტალებზე არ ისაუბრა.
კვირიკაშვილმა ასევე აღიარა, რომ ბინადრობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით „გართულებებს“ აქვს ადგილი.
იუსტიციის სამინისტროს თანახმად, იგეგმება კანონპროექტის მიღება, რომელიც ბინადრობის მოწმობის მიღებას გაამარტივებს; სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ავტომატურად მიიღებენ ბინადრობის მოწმობას, თუ ისინი სულ ცოტა 35 000 აშშ დოლარის ღირებულების ქონებას შეიძენენ საქართველოში.
ეკონომიკის მინისტრმა, რომელსაც ოპოზიციურმა დეპუტატებმა უთხრეს საკომიტეტო მოსმენის დროს, რომ სხვადასხვა რეგულაციების შემოღების თაობაზე მთავრობის პოლიტიკა ეკონომიკური პრობლემების შექმნელი ერთ-ერთი მიზეზია, აღიარა, რომ „არასწორი მესიჯები“ გაიგზავნა ბიზნესის მიმართულებით იმით, რომ ბიზნესისთვის არახელსაყრელი კანონპროექტები მომზადდა.
„ეს იყო ხარვეზი“, - განაცხადა მან და მაგალითად შრომითი მიგრაციის შესახებ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი დაასახელა, რომელიც თავდაპირველად შეიცავდა პუნქტს, რომელიც ავალდებულებდა დამქირავებელს, რომ პერსონალი თავდაპირველად ადგილობრივ სამუშაო ძალაში ეძებნა, სანამ უცხოელს დაიქირავებდა. ეს პუნქტი ბიზნეს საზოგადოების მიერ ლობირების შედეგად ამოღებულ იქნა კანონპროექტიდან. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მართალია საბოლოო ჯამში ეს პუნქტი გაუქმდა, მაგრამ ზიანი უკვე სახეზეა.
მთავრობამ განაცხადა, რომ ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5%-დან 2%-მდე შეამცირებს, რაც ეკონომიკის მინისტრის თქმით, „კონსერვატიული“ შეფასებაა.
სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა, 5%-იან ზრდის პროგნოზს ეფუძნება.
საკომიტეტო მოსმენის დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა, რომლებიც დეკემბერში აფრთხილებდნენ მთავრობას, რომ მათი მოლოდინები და საბიუჯეტო პარამეტრები არ იყო რეალისტური, უთხრეს მინისტრებს, რომ ის ფაქტი, რომ მათ ამ მაჩვენებლების გადახედვა უწევთ ბიუჯეტის დამტკიცებიდან სულ რამდენიმე თვეში, მთავრობის არაკომპეტენტურობის მაჩვენებელია; მათ ასევე განაცხადეს, რომ ყველა გარე ფაქტორი, მათ შორის რეცესია რუსეთში და უკრაინის კრიზისი, რომელსაც მთავრობა ლარის გაუფასურების და საქართველოში ეკონომიკის შენელების მთავარ მიზეზად ასახელებს, უკვე სახეზე იყო სამი თვის წინაც. ექსპორტის და ფულადი გზავნილების კლების ტენდენცია კი გასული წლის მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა.
ამ პრეტენზიების საპასუხოდ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დარწმუნებით განაცხადა, რომ 5%-იანი ზრდის პროგნოზი იმ დროს „რეალისტური“ იყო და აღნიშნა, რომ ამ მაჩვენებელს სავალუტო ფონდიც ეთანხმებოდა.
მან ასევე განაცხადა, რომ მართალია ეკონომიკის შენელებას აქვს ადგილი, მაგრამ ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში არ იმყოფება, როგორც ამის თაობაზე ოპოზიცია აცხადებს.