პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის, როგორც „ერთი კონკრეტული მოქალაქე და პარლამენტის წევრი“, უერთდება საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე მემორანდუმს, რადგან იზიარებს მის იმ პრინციპებს, რომლებსაც რეფორმა უნდა დაეფუძნოს.
მემორანდუმი, რომელსაც საარჩევნო რეფორმისთვის კამპანიის ორგანიზატორი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები - ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი დემოკრატები და ასევე ცალკეული სადამკვირვებლო ორგანიზაციები შეუერთდნენ, არსებული მაჟორიტარული სისტემის „შეცვლისკენ“ მოუწოდებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან დღევანდელი მოდელი „ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი“.
მემორანდუმის ხელმომწერები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ მარტის ბოლომდე შექმნას მოლაპარაკებების მრავალპარტიული ფორმატი სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, რათა მან არაუგვიანეს 1 მაისისა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად შეიმუშაოს საკანონმდებლო ცვლილებათა წინადადებები, რომელიც დაეფუძნება შემდეგ ოთხ პრინციპს: „ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში; ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა; ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა; საერთო-ეროვნული და ადგილობრივი წარმომადგენლობა“.
დავით უსუფაშვილმა მემორანდუმის ხელმომწერ სუბიექტებთან 17 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ, როცა თავადაც მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, განაცხადა, რომ იზარებს ამ პრინციპების საფუძველზე საარჩევნო სისტემის დახვეწის საჭიროებას, რაც ასევე წარმოადგენს მისი თავმჯდომარეობით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის განხილვის თემას.
„მე დარწმუნებული ვარ საარჩევნო სისტემაში ჩვენ შევიტანთ იმ კორექტივებს, რაც წინ წაიყვანს ამ პროცესს, გახდის მას მეტად დემოკრატიულს, გახდის მას მეტად მიახლოებულს ევროპულ სტანდარტებთან. რა იქნება ეს სისტემა და როგორი იქნება ის, ამაზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პრინციპები, რომლითაც კოლეგებმა დღეს მოგვმართეს, ესენი იქნება ასახული მომავალ მოდელში“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
კოალიცია ქართულ ოცნებას, რომლის შემადგენლობაშიც შედის უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტია, ჯერ-ჯერობით არ დაუფიქსირებია თავისი ერთიანი პოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე.
საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 73 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, რასაც სულ ცოტა 113 დეპუტატმა უნდა დაუჭიროს ორ თანმიმდევრულ სესიაზე მხარი; თუ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება და მისი შეცვლა გადაწყდება, მაშინ ამისთვის საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაც საკმარისია.