Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიტიკური რეიტინგები და საზოგადოებრივი განწყობები IRI-ის დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში
Civil Georgia, Tbilisi / 25 მარ.'15 / 18:02

აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელმაც მედიაში გაჟონა, მართალია მმართველი კოალიცია ქართული ოცნება კვლავ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ძალად რჩება ქვეყანაში, მაგრამ მის მიმართ მხარდაჭერა შემცირდა და მას კიდევ უფრო ჩამორჩებიან ნაციონალური მოძრაობა და „თავისუფალი დემოკრატები“, ხოლო პოტენციურ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს გადაწყვეტილება არ მიუღია.

კვლევა, რომელიც IRI–ის დაკვეთით კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM)  3–28 თებერვლის პერიოდში განახორციელა, პირველია მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ნოემბერში კოალიცია ქართული ოცნება დატოვეს; გამოკითხვა იმ დროს დაემთხვა, როდესაც ლარმა თავისი ღირებულების 29% დაკარგა. 

USAID-ის მიერ დაფინანსებული კვლევის ფარგლებში, რომლის ცდომილების ზღვარიც +/- 2.5%-ს შეადგენს, 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა.  

ქართულ ოცნებას, რომელმაც 2014 წლის ივნისის ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 50.83% მიიღო ქვეყნის მასშტაბით, არჩევნებზე შესაძლო მიმსვლელი ამომრჩევლების 36% უჭერს მხარს, კვლევის იმ ნაწილის თანახმად, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის რესპონდენტების წინასწარ განწყობებს ამოწმებს.

ნაციონალურ მოძრაობას 14% აქვს; შემდეგ მოდის „თავისუფალი დემოკრატები“ – 10%; ლეიბორისტული პარტია – 6%; საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 5% და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო – 5%.

რესპონდენტების 12%–მა განაცხადა, რომ ისინი არც ერთ პარტიას არ მისცემენ ხმას, ხოლო 11%–მა ან არ იცის, ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე, საუბარია კვლევაში, რომლის შედეგებიც IRI–მ პოლიტიკურ პარტიებს გაუზიარა მიმდინარე კვირას.

პარტიული რეიტინგების პროცენტული მაჩვენებლები გამოთვლილია გამოკითხულთა იმ 85%-დან, რომელიც აცხადებს, რომ სავარაუდოდ წავა არჩევნებზე ხმის მისაცემად.

კვლევა პოლიტიკოსების რეიტინგებსაც აფასებს, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობენ თითოეული 62%–ით, ხოლო მათი არაპოპულარობის რეიტინგი შესაბამისად 24% და 30%–ია.

შემდეგ მოდიან თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 57%-57%–ით.

ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის ალასანია ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს, შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე 47%–ით.

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პოპულარობის რეიტინგი 56%–ია, შემდეგ მოდის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი – 51%-თ და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე – 48%-ით.

ეს პოლიტიკური რეიტინგები უფრო ფართო კვლევის ნაწილია, რომელიც ასევე აფასებს საზოგადოების დამოკიდებულებას მრავალი სხვა საკითხის მიმართ.

გამოკითხულთა ორჯერ უფრო მეტი (55%) მიიჩნევს, რომ საქართველოში მდგომარეობა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ვიდრე ის რესპონდენტები, რომლებიც დადებითად უყურებენ ვითარებას (25%).  კვლევის თანახმად, 2012 წლის ოქტომბრიდან, როცა ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების გზით შეიცვალა და სწორი განვითარების მოლოდინი ბოლო ათწლეულში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ, 63%-იან ნიშნულს აღწევდა, ამ მაჩვენებელმა თანდათან დაღმავალი მიმართულებით სვლა დაიწყო და 2015 წლის თებერვლის კვლევის თანახმად, 25%-მდე დაეცა; ხოლო არასწორი განვითარების მოლოდინი 2012 წელს არსებული 13% პროცენტიდან  შემდგომ წლებში ასევე დინამიურად გაიზარდა 55%-იან ნიშნულამდე. თებერვალში გამოკითხულთა 20%-ს ამ საკითხზე პასუხი არ ჰქონდა.

ამასთან, ბოლო ორ თვეში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას 62% აღნიშნავს და მხოლოდ 36% მიუთითებს გაუმჯობესებაზე. თუმცა თითქმის თანაბარი გადანაწილებაა მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ორ თვეში გაუმჯობესდა (49%) და გაუარესდა (50%). 2012-14 წლებში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევებში უფრო მეტი აღნიშნავდა გაუმჯობესებას, ვიდრე ფინანსურ გაუარესებას.

კითხვაზე, თუ რა მიაჩნიათ საქართველოს მთავარ ეკონომიკურ პრობლემებად, რესპოდენტთა უმრავლესობა (81%) ლარის კურსის გაუფასურებას მიუთითებს - გამოკითხვა დაემთხვა იმ დროს, როცა ეროვნულმა ვალუტამ აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურების პიკს მიღწია; შემდეგ მაღალი გადასახადები, მათ შორის მაღალი კომუნალური მოსაკრებლები სახელდება.

ყველაზე მწვავე საკითხად, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, რესპოდენტები  ტრადიციულად უმუშევრობას ასახელებენ  - 45%, შემდეგ მოდის ეკონომიკური სიტუაცია 17%-ით და დაკარგული ტერიტორიები - 14%-ით. 

იმ სფეროებს შორის, რომლებშიც რესპოდენტები გაუმჯობესებას აღნიშნავენ, ლიდერობენ ჯანდაცვის სისტემა (79%), მედიის თავისუფლება (57%) და სოფლის მეურნეობა (54%), ხოლო გაუარესების მხრივ დასაქმების (64%) და კრიმინოგენული (62%) ვითარება ყველაზე მწვავე საკითხებად სახელდება.

მთავრობის მთავარ მიღწევებს შორის რესპოდენტები ჯანდაცვის პრობლემების მოგვარებას (26%) და საყოველთაო დაზღვევის სისტემის შემოღებას (9%), ასევე სოფლის მეურნეობაში პრობლემების მოგვარებას (3%), ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებას (2%), ასევე სხვა საკითხებთან ერთად, უფასო სასკოლო წიგნებს და უფასო ბაგა-ბაღებს  ასახელებენ. ამასთან, 18% ფიქრობს, რომ ამ მთავრობას არანაირი მიღწევა არ აქვს, ხოლო 28%-მა არ იცის.

მთავრობის ყველაზე დიდ წარუმატებლობად რესპოდენტების 26% საარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობას ასახელებს იმ სხვა საკითხებთან ერთად, რომელთა შორისაა ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობა და ასევე არაკომპეტენტურობა (4%). გამოკითხულთა 5%-ფიქრობს, რომ ქართული ოცნების მთავრობას ჩავარდნა არ აქვს, 23%-ს კი არ აქვს ამაზე პასუხი.

ყველაზე გახსნილ და გამჭირვალე ინსტიტუციებად იუსტიციის სამინისტრო, პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის ადმინისტრაციები სახელდება, ხოლო დახურულ სტრუქტურებად - პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

ნდობის რეიტინგში ინსტიტუციებს შორის, ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლიდერობს 91%-ით, შემდეგ მოდის ჯარი - 87%-ით და მედია - 82%-ით.

საერთაშორისო ურთიერთობები

კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა სტაბილურად მაღალი რჩება და ის 78%-ს შეადგენს; საწინააღმდეგო აზრს რესპოდენტთა 15% აფიქსირებს, 7%-ს კი ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. 

ამასთან გამოკითხულთა 48%-მა არ იცის როდის მიიღებენ ქვეყანას ალიანსში, 38% ფიქრობს, რომ 2016-20 წლებში ან მოგვიანებით, ხოლო 14% მიიჩნევს, რომ არასოდეს.

ასევე მაღალია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა და ის 85%-ს შეადგენს - 2014 წელს ეს მაჩვენებელი 88%-ს, 2013 წელს  კი დაახლოებით 87%-ს შეადგენდა.

გამოკითხულთა 77% ინფორმირებულია ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თაობაზე და მისგან ყველაზე მეტად ეკონომიკის გაუმჯობესებას (26%), ვიზების ლიბერალიზაციას (16%), უსაფრთხოების გარანტიებს (12%) და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას (9%) მოელის. 

თუმცა რესპოდენტთა 42% უარყოფითად პასუხობს კითხვას დათანხმდება თუ არა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას  ეკონომიკურ ზრდის მოკლევადიან პერიოდში შემცირების ხარჯზე, 10% დადებითად პასუხობს ამ კითხვას, 15% ამბობს, რომ შეიძლება წავიდეს ამ რისკზე, ხოლო 33%-მა არ იცის, რა პოზიციას დაიკავებს.

რუსეთს რესპოდენტები, რომელთა 38%-ს ომის ეშინია ყველაზე მეტად, კვლავ მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ (76%) და მხოლოდ 18% ხედავს მასში პარტნიორს. თუმცა მოსკოვთან დიალოგს 85% ემხრობა, რაც 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით. 

საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის შესახებ დასმულ შეკითხვას, რესპოდენტთა 67% პასუხობს, რომ ის კვლავ გრძელდება, 21% ფიქრობს, რომ დასრულდა, თუმცა ალბათ განახლდება და მხოლოდ 6% თვლის, რომ დასრულდა და აღარ განახლდება.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13