Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში
Civil Georgia, Tbilisi / 31 მარ.'15 / 13:58

  • პრეზიდენტმა მთავრობაში მართვის ხარვეზებზე, სტრუქტურების დუბლირებაზე, პასუხისმგებელ პირთა განუსაზღვრელობაზე ისაუბრა;
  • ეს "განაპირობებს ინსტიტუტებს მდგრადობის დასუსტებას, მართვის არაეფექტურობას და პროცესების გაჭიანურებას";
  • "უნდა ვიზრუნოთ ისეთი მართვის სისტემის ფორმირებაზე, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთს პასუხისმგებელ პირებს";
  • მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა, დასაქმება;
  • ის მიესალმა ჯანდაცვის, აგრარულ სფეროში, ასევე ბიზნესის წამახალისებელ სამთავრობო პროექტებს;
  • ახალი რეგულაციების შემუშავების პროცესში მან ბიზნესთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა;
  • "ეკონომიკური პროგნოზირების მოქნილი სისტემა გვესაჭიროება";
  • "უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან";
  • რიგის სამიტზე საქართველოს სჭირდება "კონკრეტული შედეგები" ევროპული პერსპექტივის და მოსახლეობისათვის ევროინტეგრაციის სიკეთეების მისაღებად;
  • ნატოს ცენტრის შექმნა და ალიანსთან დაახლოება "არავის წინააღმდეგ არაა მიმართული";
  • "საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში";
  • "ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს";
  • "არაღიარება მიზნად არ ისახავს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის იზოლაციას";
  • "ევროპული საქართველო საუკეთესო გარანტია იქნება აფხაზთა და ოსთა თვითმყოფადობის შენარჩუნების";
  • "საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი";
  • "უნდა ჩამოყალიბდეს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა";
  • თუმცა "საქართველო არ ჩაიყენებს თავს მოუგვარებელი კონფლიქტების მძევლის მდგომარეობაში და გააგრძელებს დემოკრატიულ მოდერნიზაციას";
  • საქართველო ესწრაფვის რუსეთთან თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას;
  • რუსული "რბილი ძალის“ შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის კონსოლიდაცია;
  • პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა, ამ ცვლილების საგაზაფხულო სესიაზე ინიცირება; 
  • ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად "ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს კვოტირების სისტემის დანერგვას საარჩევნო კანონმდებლობაში";
  • მან სასამართლოს გაძლიერების, პროკურატურის და შსს-ის "გადაუდებელ" რეფორმირებაზე ისაუბრა;
  • სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლებასთან დიალოგისა და კრიტიკის გზით მეტი წვლილი უნდა შეიტანოს ევროპული ქვეყნის მშენებლობაში; 
  • "დღეს ხელისუფლება ხალხს უსმენს" - ეს არის შანსი, რომ მოქალაქეები უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრებაში.


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში თავისი მეორე ყოველწლიური მოხსენებით გამოდის, 2015 წლის 31 მარტი. ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მოხსნების სრული ტექსტი, რომლითაც 31 მარტს ის დეპუტატებს 50 წუთის განმავლობაში მიმართავდა:

"მოგესალმებით, პატივცემულო დეპუტატებო, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს, მივესალმები ტელემაყურებლებს.

დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანია ჩემთვის აქ ყოფნა იმიტომაც, რომ 31 მარტი არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღე, 31 მარტი არის ის თარიღი, როდესაც რეფერენდუმით დადგინდა საქართველოს დამოუკიდებლობა.  

‘პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან - ევროპულ სახელმწიფომდე’ - შარშან პარლამენტში, სწორედ ასე განვსაზღვრე ჩემი წლიური გამოსვლის მიზანი. წელს კი ჩვენ მტკიცე ნაბიჯი უნდა გადავდგათ ევროპული სახელმწიფოს განმტკიცებისთვის.
 
ისტორიულად, კულტურულად, ჩვენ ევროპა ვართ - არა უბრალოდ მისი ნაწილი, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ევროპის განვითარებისა და ქმნადობის თანამონაწილეც. შესაძლოა, გარკვეულწილად, უფრო მეტი ღვაწლიც კი მიგვიძღვის იმიტომ, რომ გეოგრაფიული სიშორიდან თუ გარკვეული მოწყვეტილობიდან გამომდინარე ჩვენ ხშირად მარტოს გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისთვის.
 
და ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც სწორედ ეს არის: ყოველდღიურობაში მყარად დავამკვიდროთ ეს ფასეულობები, მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე ევროპული საქართველო. საქართველო, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი - დიდი კულტურის მემკვიდრე თანამედროვე ქართველი და მაშასადამე ევროპელი.

ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობაც ცივილიზებული სამყაროს წინაშე. ახლა, როდესაც, მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ ევროპას და დასავლეთსაც სჭირდება ძლიერი, დემოკრატიული საქართველო.

იმისთვის, რომ შემდეგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგათ, საჭიროა კარგად გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს და ამ სიმართლის წერტილიდან სწორედ მივიღოთ და განვსაზღვროთ ჩვენი განვითარების მომავალი. ამიტომ, მე მსურს მოგიწოდოთ ერთად შევაფასოთ მიღწეული, თვალი გავუსწოროთ პრობლემებს და რაც მთავარია, მზერა მივაპყრათ მომავალს.

ეკონომიკა

ბოლოდროინდელმა გამოწვევებმა დრამატულად გვაჩვენა ისედაც ცხადი გარემოება: ქვეყნის სრულფასოვან ფუნქციონირებას, უსაფრთხოებასა და განვითარებას ეკონომიკური წინსვლა უნდა დაედოს საფუძვლად.
 
ფაქტია, რომ ჯერაც ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური პროცესების სასურველ დინამიურობას. კვლავ მაღალია უმუშევრობის დონე, უთანასწორობის მაჩვენებელი, სახეზე გვაქვს ეკონომიკური ზრდის შენელება.
 
ამდენად, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა: უზრუნველვყოთ ეკონომიკური ზრდა, დასაქმება, საბოლოოდ - ქვეყანაში უთანასწორობის შემცირება და საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობა.
 
რა პოტენციალი გაგვაჩნია ამ თვალსაზრისით? ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა -  ახალი სტიმულია ეკონომიკური ზრდისათვის - ინვესტიციებისათვის, დასაქმებისა და ექსპორტისათვის, ასევე, ევროკავშირთან მეტი ეკონომიკური ინტეგრაციისათვის. ამავე დროს, ესაა ახალი შესაძლებლობა თავისუფალი ვაჭრობის სხვა სივრცეების ათვისებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისათვის. შესაბამისად, უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭიროა ბიზნესისა და საზოგადოების კიდევ მეტი ინფორმირებულობა იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერამ მოგვცა. 
 
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული აქვს თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებთანაც. შესაბამისად, საქართველოში ინვესტორისთვის იქმნება შესაძლებლობა, რომ აქ ნაწარმოები პროდუქტი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში 900 მილიონიან ბაზარზე გაიტანოს. თუ ამას დავამატებთ იმ მაღალ რეიტინგებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ბიზნესის კეთების პარამეტრების თვალსაზრისით, ასევე კორუფციის და კრიმინალის დაბალ დონეს და გადასახადების დაბალ დონეს, რომელიც ნამდვილად არის საქართველოში,  ჩვენ ფაქტიურად ძალიან საინტერესო შესაძლებლობას ვუხსნით ყველა მიმართულებით ინვესტორებს და ბუნებრივია, ამის თაობაზე რაც შეიძლება მეტად უნდა მოხდეს მათი ინფორმირება. 

ქვეყნისთვის მიმზიდველ პერსპექტივას ასევე ქმნის რეგიონალური თანამშრომლობა, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების განმტკიცება შავი ზღვის და კასპიის რეგიონებს შორის, კასპიის ენერგორესურსების ევროპისკენ გადაადგილების თვალსაზრისით, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის მიმართულებით. ამ მიმართულებით ბევრია გაკეთებული, სულ რამდენიმე დღის წინ იქნა ინიცირებული ყარსში TANAP-ის პროექტი, რომელიც კასპიის ენერგორესურსებს რეალურად მიაწოდებს ევროპას საქართველოს გავლით. იცით, რომ ინტენსიურად მიდის მუშაობა რკინიგზაზე და სხვა ინფრასტრუქტურულ სატრანსპორტო პროექტებზე, რომლებიც საქართველოს, აზერბაიჯანს და თურქეთს უაღრესად საინტერესო და მიმზიდველი თანამშრომლობით ავითარებს.

აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალი და რეგიონში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. შესაბამისად, ენერგო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი მიმართულებაა ინვესტორებისათვის. ახალი ჰესების აშენებისათვის მოზიდული ინვესტიციები უზრუნველყოფენ პირველ ეტაპზე იმპორტის ჩანაცვლებას და შემდგომ ჭარბი ელექტრო ენერგიის ექსპორტზე გატანას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის“ პროექტის ფარგლებში თურქეთთან ერთიანი ენერგეტიკული სისტემის შექმნა, რაც ადვილებს ელექტროენერგიის ექსპორტს.

ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებას ემსახურება ურთიერთობათა გაღრმავება არა მხოლოდ ევროპის, არამედ ასევე აზიის სახელმწიფოებთან. არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ რეგიონის ქვეყნებით, არამედ უნდა გავაქტიურდეთ ყველა იმ სახელმწიფოს მიმართულებით, ვინც დაინტერესებულია რეგიონის განვითარებაში და ინვესტირებაში ჩვენ ქვეყანაში. შუა აზიის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია ჩვენი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენენ. ამავდროულად მნიშნელოვანია აშშ-საქართველოს  სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში დაფიქსირებული თავისუფალი ვაჭრობის  შეთანხმების შესახებ  მოლაპარაკებების გაღრმავება.

გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წელს ლარის კურსის მკვეთრმა ვარდნამ და ეკონომიკური ზრდის სოლიდურმა შემცირებამ დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო ეკონომიკური რისკების პირისპირ საქართველოს ეკონომიკის არც თუ საკმარისი მზაობა, ქვეყანაში ეკონომიკური პროგნოზირების ფაქტობრივად არ არსებობა.
 
ეკონომიკური რყევების, მათ შორის საგარეო ფაქტორებით გამოწვეული შოკების უკეთ გამკლავების მიზნით ეკონომიკური პროგნოზირების მოქნილი სისტემა გვესაჭიროება. შესაბამისად, აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკს შორის, ისე, რომ დაცული იყო ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმულია ოლიგოპოლიური გარემოს შეცვლის აუცილებლობა. აქ შემდეგს ვკითხულობთ: ‘’ამ მოდელის „წარმატებას“ საქართველოს ყველა მოქალაქე გრძნობს პირველადი მოთხოვნილების საქონლისა და მომსახურების - საკვების, საწვავის, მედიკამენტების, ელექტროენერგიისა და სხვადასხვა კომუნალური მომსახურების შეძენისას’’.

საზოგადოებამ ამ ხედვას დაუჭირა მხარი და დღესაც  ამ პროგრამას უჭერს მხარს. მიუხედავად ამისა, კვლავ აქტუალურია კითხვები ბაზარზე ოლიგოპოლიების, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებებისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ. ლოგიკურად ჩნდება კითხვა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის ეფექტურობის თაობაზე.
 
როგორც წინასაარჩევნო პროგრამით, ასევე მთავრობის მიერ დამტკიცებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით აღიარებულია მცირე და საშუალო ბიზნესის უდიდესი მნიშვნელობა ეკონომიკის განვითარებისა და მისი სიჯანსაღის თვალსაზრისით.“სახელმწიფო შეიმუშავებს ეფექტიან მექანიზმებს ბიზნესის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად“, აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში და მე სრულად ვიზიარებ ამ ხედვას და შესაბამისად, დასანანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში ჯერ კიდევ ვერ აცდა 20%-ს.

ბიზნესის ადგილობრივი თუ უცხოელი წარმომადგენლები დღესაც ხშირად საუბრობენ ხელისუფლების მხრიდან ცალკეული გადაწყვეტილებების გაჭიანურებაზე, რის გამოც საქმიანი  ინიციატივების განხორციელება დროში იწლება, ფერხდება ინვესტორთა მოზიდვა.
 
მნიშვნელოვანია ბიზნესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავად ბიზნესმენთა მეტი ჩართულობა და საზოგადოების დროულად ინფორმირება.  საჭიროა საფუძველშივე მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან ყველა იმ ინიციატივის გაჟღერებასა თუ კანონად ქცევამდე, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-გარემოსთან, ინვესტიციებთან, ტურიზმთან. ამასთან, როდესაც მიღებულია გადაწყვეტილებები, საჭიროა მათი სწრაფი და ეფექტური განხორციელება.
 
„სახელმწიფოს მიზანია, მიაღწიოს ბიზნესის იმგვარ რეგულირებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი ბაზრისა და მეწარმეობის განვითარებას, არსებულმა და მომავალმა რეგულაციებმა არ უნდა შეზღუდოს ბიზნესის საქმიანაობა მისთვის დამატებითი პრობლემების შექმნის გზით“, აღნიშნულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში, რასაც სრულად ვეთანხმები. შესაბამისად, წარმოუდგენლად მიმაჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების განხორციელება დღეს არსებული სისტემური პარალელიზმის პირობებში.
 
შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როდესაც ერთის მხრივ, გვყავს ეკონომიკის მინისტრი, მეტიც ვიცე-პრემიერი, რომლის გადაწყვეტილებებს აფერხებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო თუ შესაბამისი თემატიკის სააგენტო. ამიტომ სწრაფად უნდა გავაანალიზოთ, არსებული ვითარება და მივიღოთ გადაწყვეტილება პასუხისმგებელი პირების სათანადო ნდობითა და ფუნქციებით აღჭურვის მიმართულებით.
 
2014 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5%-ს მიაღწია. ამავდროულად, 2014 წელს, 2008 წლის შემდგომ, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში - 1.270 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, უზრუნველყოფილ იქნა 2014 წლის ბიუჯეტის შესრულება და უმნიშვნელოვანესი საბიუჯეტო ხარჯების  გაწევა.

ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა ჩვენი მიღწევაა და ის უეჭველად უნდა  შევინარჩუნოთ. მინდა ამ თვალსაზრისით  აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი და წარმატებული პროექტები, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის სფეროში განხორციელდა. კერძოდ: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, C ჰეპატიტის ელიმინაცია, სასწრაფო დახმარების რეფორმა, მაღალმთიანი რეგიონების კლინიკების გამოსყიდვა და დიპლომის შემდგომი განათლების დაფინანსება, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში რეცეპტებთან მიმართებით განხორციელებული ცვლილებები, სოფლის ამბულატორიების მშენებლობა და აღჭურვა.

ამავდროულად, აუცილებელია აღინიშნოს მთავრობის მიერ დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის წამახალისებელი პროგრამებიც: ‘’შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, „სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“, პროექტი - "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" და განსაკუთრებით  გამოვყოფ პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ბუნებრივია, შემდგომშიც უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს. 

საგარეო და უშიშროების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები
 
2014 წელს „ჰიბრიდულმა“ ომებმა, ტერორიზმმა, სახელმწიფოების საზღვრების ძალადობრივმა შეცვლამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რაოდენ მასშტაბური საფრთხეები ემუქრება მსოფლიო წესრიგს. მოვალენი ვართ ზედმიწევნით სწრაფად შევაფასოთ ეს ვითარება.
 
საქართველოს უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან. მიმდინარე წელს კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობები როგორც საკუთრივ ევროკავშირთან და ნატოსთან, ისე ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან.
 
ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი და ის უპირატესობები, რაც საინტერესოს ხდის საქართველოს სხვა ქვეყნებისათვის; საქართველოს განვითარებითა და სტაბილურობით დაინტერესებულ ქვეყანათა რაოდენობის ზრდა ჩვენი უსაფრთხოების სერიოზული გარანტიაა.
 
ამდენად, საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში და აქ ერთიანი ძალისხმევაა საჭირო. დაუშვებელია, რომ ვიწროპარტიულმა ინტერესებმა ეს დღის წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ევროატლანტიკური პლატფორმის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ამ მიზნის ირგვლივ ერთიანდება ყველა - პარლამენტი თავისი უმცირესობითა და უმრავლესობით და პრეზიდენტიც.
 
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან
 
საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია და მილიტარიზაცია ზრდის დესტაბილიზაციის საფრთხეს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში და ამდენად, ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია. 

რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას, უარს ამბობს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებაზე; გასულ წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს მანიპულირება მავთულხლართებით. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან ხელშეკრულებების გაფორმების გამო, ჩემი მიმართვის პასუხად, პარლამენტმა ეს აქტები ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ამ შეფასებას შეუერთდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ მათ. 

ჩვენ ვაფასებთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი–ქვეყნების მხარდაჭერას კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების, არაღიარების პოლიტიკის და დევნილთა დაბრუნების საკითხებში. ამისი ნათელი მაგალითია ამ საკითხზე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვის ზრდა. არაღიარების პოლიტიკა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ არ აქვს.
 
აქვე ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას: არაღიარება მიზნად არ ისახავს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას.  პირიქით, იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები, ისევე როგორც დევნილები და ლტოლვილები, ჩვენი სახელმწიფოს განსაკუთრებული და საგანგებო ყურადღების ობიექტი არიან. ჩვენ გვინდა ყველას გავუზიაროთ ქართული სახელმწიფოს გაძლიერების შედეგები, ის სიკეთეები, რომელსაც ევროინტეგრაციის შედეგად იღებს.  
 
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ სპექტრში და მთლიანად საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს კონფლიქტების მოგვარების ერთიანი ხედვა. ამ მიზნით, შარშან და წელსაც მიმდინარეობდა და მომავალშიც გაგრძელდება კონსულტაციები, როგორც პოლიტიკოსებთან, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ ერთიან, გლობალურ ხედვაზე. გარკვეული კონტურები ამ თვალსაზრისითაც გამოიკვეთა, კერძოდ:
 
საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა საერთო მიზანს წარმოადგენს და ეს მიზანი ქართული პოლიტიკის ქვაკუთხედად დარჩება მის მიღწევამდე;
 
ქვეყნის ერთიანობისა და მთლიანობის აღდგენის პროცესი ბუნებრივად გულისხმობს დევნილთა ნებაყოფლობით, ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას;
 
ამ მიზნების მიღწევის აუცილებელი პირობაა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, რაც გზას გაუხსნის კონფლიქტების ურთიერთმისაღებ საფუძველზე მოგვარებას;
 
სადავო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი, რისთვისაც ჩვენი მხრიდან სრული მზაობა დაფიქსირებულია;
 
საქართველოს სურვილი და მიზანია, რომ ევროკავშირთან ასოცირებით, მასთან თავისუფალი ვაჭრობითა და უვიზო გადაადგილებით წარმოქმნილი პრივილეგიები თანაბრად გავრცელდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე;
 
ევროპული საქართველო საუკეთესო გარანტია იქნება აფხაზთა და ოსთა თვითმყოფადობის შენარჩუნების, მათი პოლიტიკური და კულტურული უფლებების რეალიზებისა;
 
საქართველო აღიარებს კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას, რასაც დრო და კონსოლიდირებული ძალისხმევა სჭირდება; 

იმავდროულად, საქართველო არ ჩაიყენებს თავს მოუგვარებელი კონფლიქტების მძევლის მდგომარეობაში და გააგრძელებს დემოკრატიულ მოდერნიზაციას.
 
ამ ფუნდამენტზე შეიქმნება საერთოეროვნული პლატფორმა. მის განსახორციელებლად საჭიროა ჩვენს პარტნიორებთან კოორდინირებული ნაბიჯების დასახვა. ამისათვის მიზანშეწონილად მიმაჩნია წარმომადგენლობითი საერთაშორისო ფორუმის გამართვა.
 
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია 2008-ში, ომი უკრაინაში 2014-ში, დნესტრისპირეთის პრობლემები - ყოველივე ეს არის მოსკოვის მიერ დამოუკიდებელი არჩევანისთვის ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ერის დასჯა.
 
დღეს ჩვენი ამოცანა რუსეთის „პრივილეგირებული ინტერესების სფეროების“ კონფრონტაციული პარადიგმიდან ამოსვლა და რუსეთთან  თანასწორობის პრინციპებზე  აგებული პოლიტიკის გაღრმავება და დადგენა.  ჩვენი პარტნიორები უნდა ხედავდნენ, რამდენად აქტიური ვართ ამ მიმართულებით, რომ ცდას არ ვაკლებთ რუსეთთან ურთიერთობების განმუხტვას და ამ ძალისხმევაში, ბუნებრივია, ჩვენი პარტიორების მეტი მხარდაჭერა გვჭირდება.
 
ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ კრიზისებზე მსჯელობა საკმარისი არაა; საჭიროა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაუვნებელყოფა. ევროპული უსაფრთხოების  არქიტექტურაზე მსჯელობისას უაღრესად მნიშვნელოვანია  ნატოს არაწევრი ქვეყნების, განსაკუთრებით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ინტერესებზე აქტიური მსჯელობა.

რუსული რევიზიონიზმი და მისი იმპლიკაციები საქართველოსთვის
 
რუსეთის მიერ გლობალური მასშტაბით გაშლილი პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური კამპანიის ერთ-ერთი ობიექტი საქართველოცააა. ამ კამპანიის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ე.წ. „რბილი ძალით“ საქართველო ჩამოაშორონ თავის ევროპულ და ევროპატლანტიკურ არჩევანს. ამაში იგი ადგილობრივი ანტიდასავლური ძალების კონგლომერატს იყენებს. ამ შემოტევის შესაჩერებლად აუცილებელია ქვეყნის შიგნით პროდასავლური დღის წესრიგის უფრო მძლავრი კონსოლიდაცია.
 
ევროკავშირი და აშშ
 
საქართველოს  სერიოზული წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ჩვენ ჩართულნი ვართ ნატოსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში. მაგრამ როგორც არაწევრი ქვეყანა, ჯერ-ჯერობით სრულად არ ვსარგებლობთ ამ უსაფრთხოების სისტემის დაცულობით.  ბუნებრივია, რომ ამ ვითარებაში, განსაკუთრებით მეტ ინტერესს და მხარდაჭერა ვითხოვთ პარტნიორებისგან. 
 
ასე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის მომავალი სამიტი ჩვენთვის მხოლოდ ანგარიშგების ღონისძიება არ არის; საქართველოს სჭირდება კონკრეტული შედეგები, რაც მკაფიოდ გამოკვეთს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივებს, მოსახლეობისათვის ხელშესახებს გახდის ევროინტეგრაციის სიკეთეებს.
 
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. საქართველო აფასებს იმ მხარდაჭერას, რომელსაც მუდმივად ვგრძნობთ ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის, დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური წინსვლის და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ მხრივ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ჯერაც ბოლომდე აუმოქმედებელია.
 
უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის და აშშ-ის როლის გაზრდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. მოველით, რომ ისინი გააგრძელებენ ჩვენ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა: შემცირდეს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარებიდან; და მოხდეს კოორდინირებული და ადექვატური რეაგირება ნებისმიერ ზეწოლაზე რუსეთის მხრიდან.
 
თანამშრომლობის დამატებითი ფორმატები
 
საერთაშორისო თანამშრომლობის სტრუქტურებში ჩვენი პოზიციების გაძლიერება ახალი ფორმატების მეშვეობითაა შესაძლებელი. მე მივესალმები იმ ინიციატივას, რომელიც დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროდან, როდესაც გაღრმავდა საქართველოს, უკრაინისა და  მოლდოვას ერთობლივი ფორმატი და ბუნებრივია, ამ ფორმატს კიდევ უფრო გაღრმავება და გაძლიერება ესაჭიროება. 
 
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები; საერთაშორისო ტერორიზმის პრობლემა
 
ტერორიზმის ახალი ნაირსახეობა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და იქ გაჩაღებული ომი სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის - ახლო აღმოსავლეთის მოვლენები ხომ უშუალოდ უკავშირდება ჩვენ ქვეყანას და სამწუხაროა, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩაბმული და იქ იბრძვიან. შესაბამისად, გვაქვს რა ერთიანი პრობლემატიკა, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ჩვენ პარტნიორებთან ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა.
 
თავის მხრივ, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში - გასული წლის მიწურულს ჩემი წინადადებით ავღანეთში „გადამწყვეტი დახმარების მისიის“ განხორციელებას თქვენ მხარი დაუჭირეთ. 
 
თავდაცვა და შეიარაღებული ძალები
 
საქართველოს ეროვნული უშიშროების პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულება თავდაცვითი შეიარაღებების გაზრდაა. ამას ემსახურება პერსონალის მართვის სისტემის განვითარება, მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, განათლებისა და წვრთნის სისტემის თანამედროვე სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა და თავდაცვითი შეიარაღების განახლება.
 
თავდაცვის ახალმა მინისტრმა სამხედრო უწყებაში დაგეგმილი რეფორმები წარმოადგინა. ზემოთ უკვე ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად, უნდა აღინიშნოს ინსტიტუციური რეფორმები, როგორც თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, ასევე თავდაცვის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის შემუშავების სფეროში. ასევე პროფესიულ სამსახურზე ეტაპობრივად გადასვლის გეგმა, რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შექმნა, თავდაცვითი შეიარაღების განახლება, სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ნატოსთან თანამშრომლობისა და თავსებადობის განმტკიცება, რასაც სათანადო საფინანსო რესურსი ესაჭიროება.
 
მე ამაყი ვარ იმით, რომ დღეს  ჩვენი შეიარაღებული ძალების 7% ქალებითაა დაკომპლექტებული. თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქალების და მამაკაცების თანაბარი შესაძლებლობების რეალიზაციას თავდაცვის უწყებაში.
 
2014-2015 წლებში ჩვენმა დანაყოფმა ღირსეულად მოიხადა მხედრული ვალი ცენტრალურ აფრიკაში; საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულმა წარმატებით გაიარა ნატოს შეფასებისა და სერტიფიცირების პროცესი და 2015 წლის იანვრიდან ჩაერთო ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში; მეორე ასეული ამჟამად გადის შეფასების პროცესს. 13 000-მა ქართველმა ჯარისკაცმა გამოიარა ავღანეთის მძიმე სკოლა და გამოცდა.
 
გასული წლის ერთ-ერთი საეტაპო მოვლენა იყო უელსის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება ღონისძიებათა არსებითი პაკეტის მონიჭების შესახებ. იგი მიზნად ისახავს საქართველოს მომზადებას ნატოში გასაწევრიანებლად და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. პაკეტის იმპლემენტაციის შედეგად ნატო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი საქართველოში, ხოლო საქართველო უფრო მეტად ინტეგრირებული ალიანსში.
 
არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში უნდა ამოქმედდეს ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომლის დანიშნულებაა საქართველოს, პარტნიორი და ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცთა ერთობლივი წვრთნები. ამასთან, კვლავ აღვნიშნავ, რომ საქართველო ატარებს მშვიდობისმოყვარე, კეთილმეზობლურ პოლიტიკას, ხოლო ცენტრის შექმნა, ისევე, როგორც ზოგადად ნატოსთან ჩვენი დაახლოება, არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და ემსახურება უსაფრთხოების განმტკიცებას რეგიონში. ეს კი ლოგიკურად ყველა ჩვენი მეზობლის ინტერესებში უნდა იყოს. 
 
და კიდევ: ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად განხორციელება არა მხოლოდ ერთი სამინისტროს საქმე, არამედ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებული უფლებამოსილებით, ორჯერ მივმართე მთავრობას და ვითხოვე მთავრობის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა. დღემდე მთავრობიდან ამაზე პასუხი არ მიმიღია.
 
ნატოს უელსის სამიტის სხვა მიღწევები გახლდათ პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივაში და გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში საქართველოს მიწვევა. ეს სტატუსი საქართველოს შესაძლებლობას აძლევს ადრეულ ეტაპზე ჩაერთოს ნატოს ოპერაციების დაგეგმვის პროცესში, აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ნატოს წვრთნებში, წვლილი შეიტანოს ალიანსის სტრატეგიულ განხილვებში. პაკეტით გათვალისწინებულია ნატოს სტანდარტების ლოჯისტიკური ცენტრისა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შექმნაც.
 
გამართულად მოქმედებს საქართველოსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის ისეთი მექანიზმებიც, როგორიცაა წლიური სამოქმედო პროგრამა და ნატო-საქართველოს კომისია, სადაც აღინიშნა გასულ წელს საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ეს ყველაფერი, უპირველესად, ჩვენი ოფიცრებისა და ჯარისკაცების კვალიფიკაციისა და თავდადების შედეგია.

დიახ, ამ მიღწევათა უკან დგანან ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები. დღეს საქართველოს მთელ მსოფლიოში სცემენ პატივს მათი პრიფესიონალიზმის, სიმამაცის, შეუპოვრობის გამო. სახელმწიფოსა და საზოგადოებისაგან ამას განსაკუთრებული დაფასება ესაჭიროება. უნდა გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო მისიებში მონაწილე ჩვენი სამხედროებიდან 435 დაიჭრა, ხოლო 29 აღარ დაბრუნებია სახლებსა და ოჯახებს. მათ სახელებს საუკუნოდ გაიხსენებენ ქვეყნისა და თავისუფლებისათვის თავდადებულ მამულიშვილებთან ერთად.  მოწიწებით ვიხრი ქედს სამშობლოსათვის დაცემული ყველა გმირის ნათელი ხსოვნის წინაშე.
 
საქართველოს ხელისუფლება ინტენსიურად აგრძელებს სამხედრო მოსამსახურეთა, დაჭრილ მეომართა და საომარი მოქმედებისას გარდაცვლილ მებრძოლთა ოჯახების მხარდაჭერას: ფინანსური დახმარება გაეწია დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, გაიზარდა დაშავებული ჯარისკაცების რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების დაფინანსება. საჭიროა სახელმწიფომ უზრუნველყოს ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ღირსეული პენსიით. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ვეტერანთა მდგომარეობა გასაუმჯობესებელია და ეს მართლაც სახელმწიფოებრივი საქმეა.
 
დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო - ეს უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლების სახელმძღვანელო პრინციპი და ყველამ ერთად ცდა არ უნდა დავაკლოთ მის ხორცშესხმას.

ინსტიტუციური თემატიკა
 
შარშან პარლამენტმა გაიზიარა ჩემი ხედვა და ეროვნული უშიშროების საბჭოსში გაზარდა პარლამენტის წარმომადგენლობითობა.  შესაბამისად, ახალი უშიშროების საბჭო არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, სადაც აღმასრულებელ, საკანონმდებლო ხელისუფლებას და პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, რომ  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები შეიმუშაონ. სამწუხაროა, რომ ამ საბჭო ფუქნციონირებას ექმნება ხელოვნური წინაღობამ რაც გარკვეულ გაურკვევლობას იწვევს საზოგადოებაში და ჩვენს პარტნიორებში. 
 
დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგას ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია, პარლამენტთაშორის კავშირებს და თანამშრომლობის მრავალმხრივ ფორმატებს შეუძლია ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარება; იგივე შეიძლება ითქვას ნატოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ გვესაჭიროება მეტი თანამშრომლობა იმ ქვეყნების  ხელისუფლებებთან, რომლებიც ჯერ კიდევ სკეპტიკურნი არიან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან მიმართებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ყველა პოლიტიკური ძალა აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში.
 
მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო საგარეო საქმეთა სამინისტროს როლიც. მას კანონმდებლობით ევალება სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა. ამ ერთობ მნიშვნელოვან მისიას, ბუნებრივია, ჩვენ  ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი. არ უნდა დავუშვათ ფუნქციათა დუბლირება ან გაფანტვა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ინსტიტუტებში.
 
მაგალითად: ახლადშექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ფუნქციათა ნაწილობრივ დუბლირებას; რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების სპეციალური წარმომადგენლის მანდატი კი კანონით ზუსტად არ არის  განსაზღვრული. ასევე აუცილებელია, რომ მის  ქმედებათა  სრული ინტეგრაცია  ერთიან საგარეო პოლიტიკაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის გზით.
 
დემოკრატია - ადამიანის უფლებები
 
ქვეყნის ყოველმხრივი განვითარების უმთავრესი რესურსი  ჩვენი მოქალაქენი არიან. მათი ნიჭისა და შესაძლებლობათა სრულფასოვანი რეალიზება კი მხოლოდ დაცულობისა და თავისუფლების პირობებშია შესაძლებელი. ამიტომ, უსაფრთხოებასთან ერთად, უპირველეს ამოცანად რჩება დემოკრატიის გაძლიერება და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ხშირად გვესმის, რომ ამ მხრივ ვითარება გაცილებით უკეთესია, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში, და ბუნებრივია, ეს ასეც არის. მაგრამ, ვფიქრობ, დროა მზერა მომავალს მივაპყროთ. უნდა გამოვიდეთ იმ მოთხოვნებიდან, რასაც ჩვენი მიზანი - თანამედროვე ევროპული სახელმწიფო გვიყენებს. დემოკრატიის გაძლიერება მუდმივი პროცესია. არასოდეს დადგება დღე, როდესაც შეიძლება კმაყოფილები ვიყოთ, ვთქვათ, რომ სასურველს მივაღწიეთ და შეგვიძლია გავჩერდეთ. მაგრამ გავაკეთეთ კი დღეისთვის ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთ იყო?

განსაკუთრებით მრავლისმეტყველია ე.წ. ,,ფარული მიყურადების შესახებ კანონთა“ გარშემო განვითარებული მოვლენები. სწორედ ამ საკითხზე მე პირველად გამოვიყენე ვეტოს უფლება. გასულ წლებში ფარული მოსმენებისა და მის საფუძველზე დევნის მწვავე შედეგები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე იწვნია. არავის სურს ამ ვითარების კიდევ ერთხელ გამეორება. მაშ, რა ინტერესმა გააერთიანა პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა ჩემს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ჩასაგდებად და რეალურად ისეთი კანონის მისაღებად, რომელსაც მხარს არ უჭერს არც საზოგადოება და არც საერთაშორისო ორგანიზაციები.
 
სასამართლო
 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
 
თუმცა ცვლილებათა მიუხედავად, ნათელია, რომ სასამართლოს რეფორმირებას მეტი სტიმული სჭირდება. უნდა გაძლიერდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა, გაიზარდოს საზოგადოების წინაშე სასამართლოს ანგარიშვალდებულება და მართლმსაჯულების ხარისხი. არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არ უნდა დარჩეს ადგილი ეჭვისათვის, რომ სამართალწარმოება შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიმე სხვა მიზნით, გარდა  ლეგიტიმურისა.
 
ნდობა გაიზრდება მაშინ, როდესაც გაიზრდება სამართლიანი გადაწყვეტილების რიცხვი. მსგავსი გადაწყვეტილებები კი პრინციპულმა, სამართლიანმა, კვალიფიციურმა მოსამართლეებმა უნდა მიიღონ. ასე რომ, სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი მოსამართლეა. 
 
სწორედ ამ კრიტერიუმებით შევარჩიე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები და წარმოგიდგინეთ შარშან.
 
აქვე მინდა შევეხო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის ჩემს მიერ შემოთავაზებულ ფორმას: ცხადია, პროცესში საზოგადოების ფართო მონაწილეობა მიზნად ისახავდა ღირსეულთა შორის საუკეთესო კანდიდატის შერჩევას, მაგრამ ამავე დროს ამ ფორმატს ჰქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი. მიმაჩნია, რომ საზოგადოების ჩართულობით შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უფრო მონდომებით აღადგენს სასამართლოსადმი ნდობას. მჯერა, რომ ქალბატონი ნინო დაუღალავი   შრომით  ახალ ფურცელს გადაშლის ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში.
 
ამასთან, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ სასამართლოსადმი პატივისცემა არა მხოლოდ სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეთა ფუნქციაა, არამედ ეს ყველას გვევალება. სამწუხაროდ, ამის მაგალითად ვერ ჩაითვლება საყდრისის შემთხვევა. და ის, რომ საყდრისის აფეთქება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოხდა, სასამართლოსადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს.

პროკურატურა
 
განსაკუთრებით უნდა შევჩერდე პროკურატურის რეფორმირების საკითხზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით. როგორ უნდა გაკეთდეს ეს? მინდა გითხრათ, რომ როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, პროკურატურასთან დაკავშირებითაც სწორი პასუხების მოძიება შეიძლება კოალიცია ,,ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში. საჭირო იყო ამ პასუხების და ამ რეფორმების დროული განხორციელება.
 
უნდა განისაზღვროს პროკურატურის ინსტიტუციური სტატუსი, მისი ადგილი სახელისუფლებო სტრუქტურაში და ამის შემდეგ, უზრუნველყოფილ იქნას დამოუკიდებლობისა და მოუკერძოებლობის, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პირობები.
 
ამასთან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შედეგების მისაღწევად რეფორმას  თან უნდა ახლდეს სწორი საკადრო პოლიტიკა. უმწიკვლო წარსულისა და მაღალი პროფესიული უნარების მქონე ადამიანების დანიშვნა რიგით პროკურორებად თუ მათ ხელძღვანელებად. სწორედ მაღალკვალიფიციური პროკურორების მიერ გამოძიებული საქმეები დროულად და კვალიფიციურად უნდა იგზავნებოდეს სასამართლოში, რათა გამოირიცხოს კითხვები თვეობით გაწელილი საგამოძიებო პროცესების შესახებ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო
 
აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის გადაუდებელი და ეფექტიანი განხორციელება. კოალიციის წინასაარჩევნო პროგრამით საზოგადოებას შევპირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაქმნას საშინაო საქმეთა სამინისტროდ - სამოქალაქო სამსახურად, მისგან სახელმწიფო უშიშროების სამსახურების გამოყოფას და მათი საქმიანობის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. აქაც იგივეს ვიტყვი - საჭირო იყო ამ ნაბიჯების დროულად გადადგმა. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პროცესი აღარ გაჭიანურდება და გამჭვირვალეობის, საზოგადოებრივი კონტროლის პირობებში წარიმართება.

სასჯელაღსრულება
 
ქვეყანაში  ადამიანის უფლებებათა მდგომარეობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია ის, თუ როგორ ვექცევით თავისუფლებააღკვეთილ მოქალაქეებს.  დაუშვებელია, რომ თავისუფლების შეზღუდვას თან ახლდეს ღირსების შემლახველი, დამამცირებელი მოპყრობა, ძალადობა და წამება. უახლოესი წარსულის გამოცდილება, ‘ნულოვანი ტოლერანტობის’ პოლიტიკა მძიმე შედეგებით აწვება ჩვენ წარსულს და ეს წარსული არასდროს არ უნდს განმეორდეს. ამდენად, უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად მიმაჩნია სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება, მისი აღჭურვა კონტროლის განხორციელებისა და რეაგირების მეტი და უფრო ეფექტური მექანიზმებით.

თანასწორობა
 
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია. უმცირესობის უფლებათა დაცვა თითოეული სახელმწიფო მოხელის პირდაპირი და უპირობო კონსიტუციური ვალდებულებაა, რომელიც ჩვენი საამაყო მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ისტორიული ტრადიციით არის გამყარებული. სახელმწიფო არ შეიწყალებს უფლებათა ხელყოფის უმცირეს გამოვლინებასაც კი.
 
მსურს გავიხსენო ქალბატონი ნინო გოგუაძის სიტყვები მისი შთამბეჭდავი საპარლამენტო გამოსვლიდან: ‘ჩვენ, კანონმდებლებს, ყველა ფეხის ნაბიჯზე უნდა გვახსოვდეს, რომ თუ სახელმწიფოში შესაძლებელი გახდა რაიმე ჯგუფის, რაიმე უმცირესობის უფლებების დარღვევა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში შესაძლებელი, დასაშვები და მეტიც, გარდაუვალი გახდება მთავარი უმცირესობის უფლებების დარღვევა და ეს მთავარი უმცირესობა კი არის ერთი ცალკეული ადამიანი, ანუ ყოველი ჩვენგანი. ყოველი ჩვენგანი არის ერთი ადამიანი და ის უკიდურეს უმცირესობაშია ყოველთვის, რომელ უმრავლესობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ამა თუ იმ მომენტში’.
 
მიზნად უნდა დავისახოთ დისკრიმინაციის წარმომშობ მიზეზთა აღმოფხვრა. პრობლემა ხომ არა მხოლოდ უშუალოდ ძალადობაა, არამედ აზროვნების ის ფორმა, რომლითაც ხდება ადამიანთა დისკრედიტაცია და სტიგმატიზება პოლიტიკურ, რელიგიურ თუ სხვა შეხედულებათა, სექსუალური ორიენტაციის, ავამდყოფობის, შეზღუდულ შესაძლებლობათა თუ ქრომოსომების რაოდენობის გამოც კი. 

ძალადობა ქალთა წინააღმდეგ
 
მსურს შევჩერდე კიდევ ერთ მტკივნეულ პრობლემაზე, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს განსაკუთრებული სიმწვავით შეგვეხო. მხედველობაში მაქვს 2014 წელს შემაშფოთებელი მასშტაბითა და სისასტიკით გამოვლენილი  ძალადობა ქალთა წინააღმდეგ.
 
ჩვენ, ყველამ ერთად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა დავამარცხოთ პრობლემა, რომელიც შეურაცხყოფს ჩვენს წარსულს და ტრადიციებს, საშიშროებას უქმნის ჩვენს თანამედროვეობას და მომავალს.
 
ვფიქრობ ამ მიზნის მისაღწევად არსებითი როლი უნდა ითმაშოს ქალთა როლის წინ წამოწევამ განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდამ. სწორედ ამ სულისკვეთებით, 2015 წელი მე ქალთა წლად გამოვაცხადე.   
 
ამ სულისკვეთებითვე აქ, ამ დარბაზში, სადაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის - ქალთა წარმომადგენლობა გაუმართლებლად დაბალია, ვაცხადებ, რომ ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს კვოტირების სისტემის დანერგვას საარჩევნო კანონმდებლობაში. ამ იდეის მხარდაჭერისკენ მოგიწოდებთ თქვენც.

ბავშვები
 
მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ პრობლემაზე,  რომელიც ჩვენი მომავლის სახელით ითხოვს დაუყოვნებლივ მხარდაჭერას. ესაა ბავშვთა სიღარიბე. იუნისეფის მონაცემებით დღეს ჩვენ ქვეყანაში დაახლოებით 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ვიცი, რომ საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის შეზღუდულია, უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია ამ თვალსაზრისით ყურადღების განსაკუთრებით გამახვილება.  განსაკუთრებით მივმართავ ადგილობრივ ხელისუფლებებს - ბაგა-ბაღების დაფინანსება თუ გადაუდებელი დახმარება მსგავსი პრობლემების მქონე ბავშვებისთვის  სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტების საქმეა.

ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება

ყველა ვეთანხმებით, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს და აძლიერებს სახელმწიფოს. ჩვენ ველით, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ხელისუფლებასთან დიალოგით, პრობლემების გადაწყვეტის გზების შეთავაზებით, განსაკუთრებული კრიტიკით, უფრო მეტ წვლილს შეიტანენ ახალი ქართული, თანამედროვე ევროპული საქართველოს მშენებლობის საქმეში.   

საარჩევნო სისტემა

ამასობაში, საზოგადოების მდგრადობისთვის არსებითია სტაბილური პოლიტიკური სისტემა, რომელიც პასუხობს ხალხის ინტერესებს, უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას. სხვაგვარად, რომ ვთქვათ საჭიროა ევროპული ტიპის პოლიტიკური სისტემა.

ასეთი ტიპის სისტემის ფორმირებისათვის კი საკვანძოა ჩვენი სწორი საარჩევნო მოდელის დანერგვა. არსებული სისტემის ხარვეზებზე ხაზი გასმულია ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამაში. სხვა ცვლილებებთან ერთად, საერთო აზრით, პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა. იმისთვის, რომ ეს შედეგები უკვე შემდეგ არჩევნებზე მივიღოთ აუცილებელია, ცვლილების ინიცირება უკვე საგაზაფხულო სესიაზე. 

ინსტიტუციური პრობლემები

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას. სწორედ სახელმწიფო ორგანოთა გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული ქვეყნის წინსვლა და წარმატება.

ზემოთ არაერთხელ მივანიშნე მართვაში ინსტიტუტების მუშაობაში არსებულ პრობლემებზე. სახელმწიფოს მართვა უნდა ხორციელდებოდეს კომპეტენტური ინსტიტუტების მიერ. სამწუხაროდ, ჩამოყალიბებული პრაქტიკის პირობებში დღეს სახეზე გვაქვს ორ ათეულამდე საბჭო და სტრუქტურა, რომლებიც დღეს კანონმდებლობით უკვე არსებული  ორგანოების  ფუნქციების დუბლირებას ახდენენ და ხშირ შემთხვევაში, მათ ზემდგომებად გვევლინებიან.

მაგალითად, მინისტრთა კაბინეტში არსებობს შესაბამისი მიმართულების სამინისტრო და ამავდროულად იქმნება პრემიერის დაქვემდებარებული იგივე მიმართულების საბჭო, სადაც დარგის მინისტრი რიგით წევრად გვევლინება. ეს წარმოშობს კითხვებს, თუ ვინ არის გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი? მსგავსი შემთხვევები, სამწუხაროდ, ცოტა არ არის.    

განსაკუთრებით სხვადასხვა ინსტანციებში საქმის გაფანტვა, გაუმართლებლად დიდი რაოდენობა სხვადასხვაგვარი კომისიებისა, საბჭოებისა, დუბლირებული ორგანოებისა, პასუხისმგებელ პირთა განუსაზღვრელობა აჩენს დაბნეულობას ბიზნეს წრეებში, ინვესტორებში, საერთაშორისო პარტნიორებში და საზოგადოებაში.

საბოლოოდ, ეს განაპირობებს ინსტიტუტებს მდგრადობის დასუსტებას, მართვის არაეფექტურობას და პროცესების გაჭიანურებას.

დემოკრატიული საზოგადოების სიძლიერე ეფუძნება პიროვნების ცენტრალურ როლს, სახელმწიფო ინსტიტუტთა ეფექტიანობისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელეთა მეტ თავისუფლებასა და შესაბამისად, მეტ პასუხისმგებლობას.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომელ დარგში ვინაა რეალურად გადაწყვეტილების მიმღები და ვისი დამსახურებაა წარმატება ან ვინაა მარცხზე პასუხისმგებელი. შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ ისეთი მართვის სისტემის ფორმირებაზე, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთს პასუხისმგებელ პირებს.   

შეხედულებას, თითქოს საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, ანარქიისკენ მივყავართ. საზოგადოება ხელისუფლების მაკონტროლებელია, მაგრამ მართვის ტვირთი სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მათ მესვეურებზეა. ამ ინსტიტუტების მოშლით მივიღებთ ქაოსს. ასეთ ვითარებას არ ეყოლება მოგებული მხარე არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში და არც საზოგადოებაში. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ საკუთარ არჩევანზე ვემსახუროთ სამშობლოს და საქართველოს. და ვის წინაშე გვაკისრია ჩვენ პასუხისმგებლობა? არავინ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი შრომის დამკვეთად და მის შემფასებლად, ხალხის გარდა.

საზოგადოება
 
და ბოლოს, მსურს სწორედ ხალხს -  ჩემი დღევანდელი გამოსვლისა და ყოველდღიური საქმიანობის უმთავრეს ადრესატს  მივმართო.
 
რასაკვირველია, ხელისუფლება უმთავრესია, ვისაც თითოეული ჩვენგანის განვითარების პირობათა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკისრება. მაგრამ ეს ყველას  პასუხისმგებლობაა - სწორედ ძლიერმა მოქალაქეებმა შექმნეს  ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები. ჩვენც ეს გზა გვაქვს გასავლელი.
 
მსურს ხაზგასმით აღვნიშნო ის გარემოება, რომელიც უდიდეს მიღწევად მიმაჩნია - დღეს ხელისუფლება ხალხს უსმენს. საზოგადოებრივი აზრი ხშირად გადამწყვეტია პოლიტიკურ პროცესებში და ეს არაერთხელ დადასტურებულა. ეს არის შანსი, რომ მოქალაქეები უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ცხოვრებაში. 2012 წელს ჩვენ შევქმენით უფრო თავისუფალი ქართული საზოგადოება. ახლა ჩვენი საქმეა, რას მოვახმართ ამ თავისუფლებას, ამ გამოთავისუფლებულ ენერგიას. რით შევავსებთ სიძულვილით, აგრესიითა და წარსულის ტკივილით, თუ მომავლის იმედითა და ძალისხმევით. როგორ მოიქცეოდნენ ასეთ შემთხვევაში ჩვენი წინაპრები? რისკენ მოგვიწოდებენ მომავალი თაობები?
 
ბოლო ათწლეულებში ხალხის ნება ძირითადად ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტში გამოიხატებოდა, ან მხოლოდ კრიტიკაში. დროა შევუდგეთ ჩვენი უფლებების პოზიტიურად გამოყენებას, სასურველი რეალობის არა მხოლოდ მოთხოვნას, არამედ - შექმნას. საზოგადოების თითოეული წევრი უნდა იქცეს გადაწყვეტილების მიმღებად. სხვა გზა არ გვაქვს - უნდა ვენდოთ საკუთარ თავს და თავად მოვკიდოთ ხელი ჩვენი კეთილდღეობისა და განვითარების საქმეს.
 
ადამიანები უნდა გაერთიანდნენ, უნდა იბრძოლონ და იშრომონ საკუთარი მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. აქტიურად უნდა ჩაერთონ ისეთი პროექტების განხორციელებაში,  რომლებიც მათ ინტერესებშია - ბიზნესში, ადგილობრივ მმართველობაში, ხელოვნებასა თუ პარტიულ ცხოვრებაში.
 
ჩვენ გვაქვს უფლებაც და შესაძლებლობაც გადავჭრათ უამრავი პრობლემა, ვაქციოთ რეალობად ერთიანი, მშვიდობიანი საქართველო, თავისუფლებისა და თვითრეალიზაციის სივრცედ ჩვენი მოქალაქეებისთვის, საერთო სახლად ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, მიმზიდველი ადგილი ყველა სტუმრისათვის.
 
სწორედ ასეთი საქართველოსკენ სწრაფვა  წარმართავდა ჩვენს ისტორიას ათასწლეულების მანძილზე.
 
ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელ დღეს, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით ჩატარებული რეფერენდუმი და  მთელი მსოფლიოსათვის გაცხადებული ნება, რომ ქართველებს გვაქვს ურყევი ნება   ვიცხოვროთ თანამედროვე დამოუკიდებელ საქართველოში.
 
მაშინ ყველამ ერთად, აფხაზებთან და ოსებთან ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე დემოკრატიული თანამეგობრობის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი, დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც ერთ-ერთი უძველეს და უნიკალურ კულტურას და ერს სამართლიანად გვეკუთვნის.
 
ეს მიზანი არასოდეს დაგვიყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ. და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მოქალაქეთა სახელით მკაფიოდ ვაცხადებ: არც არასდროს დადგება! დღესაც ამ მიზანს ვემსახურებით. 

ღმერთი ფარავდეს საქართველოს“.

დეპუტატების რეაქციები 

პრეზიდენტის ეს სიტყვა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ადგილზე მოისმინეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გენერალურმა აუდიტორმა, უცხოელმა დიპლომატებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები, პრეზიდენტის მოწოდების მიუხედევად, მის მოხსენებას არ დასწრებიან. 

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ 11 ფრაქციიდან თითო წარმომადგენელს 15 წუთი მიეცა გამოსვლისთვის.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ძირითადად მთავრობის კრიტიკაზე და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის „არაფორმალურ მმართველობაზე“ გაამახვილეს ყურადღება და განაცხადეს, რომ მთავრობის წევრების დაუსწრებლობა პრეზიდენტის და პარლამენტის უპატივცემულობაა. ქართული ოცნების ბევრმა დეპუტატმა, რომლებიც დებატების დროს გამოვიდნენ, მთავრობის მიღწევებზე გაამახვილეს ყურადღება, ხოლო „თავისუფალმა დემოკრატებმა“ როგორც ნაციონალური მოძრაობა, ისე ქართული ოცნება გააკრიტიკეს.

„დღეს თქვენი გამოსვლისას ბევრ რამეს დავეთანხმებოდი“, – მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა პრეზიდენტს და ასევე აღნიშნა, რომ რეალობა განსხვავებულია იმ „კეთილი სურვილების ჩამონათვალისგან“, რომელიც პრეზიდენტს თავის გამოსვლაში ჰქონდა და რომლის „შესრულებასაც მთავრობა არ აპირებს“.

„ჩვენდა სამწუხაროდ, არა თქვენი გამოსვლა და აქ გამოთქმული მოსაზრებები არის დღევანდელი დღის სიმბოლო, არამედ დღევანდელი დღის სიმბოლო არის ეს ფლანგი, რომელიც არის ცარიელი, რომელზეც არ ზის არც ერთი მინისტრი“, – განაცხადა მან სხდომათა დარბაზის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობის წევრებისთვისაა განკუთვნილი, „საქართველოს დღეს არ ყავს მთავრობა; საქართველოს დღეს ყავს რამდენიმე შემსრულებელი ადამიანი ერთი კაცის ნებისა, რომელიც რასაც იტყვის და როგორც იტყვის, ისე იქნება“. 

მისივე თქმით, მთავრობა იმის გამო არ დაესწრო პრეზიდენტის გამოსვლას, რომ  მარგველაშვილმა „ნდობა“ ვერ გაუმართლა ბიძინა ივანიშვილს და ასევე იმის გამოც, რომ მათ არ აქვთ პასუხები საქართველოში შექმნილ „ეკონომიკურ კრახზე“.

„თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი „მკაფიო პოზიციისთვის, შეფასებებისთვის, რომლებიც ნამდვილად ობიექტურია“.   მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა, ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ იკვეთება, როგორც „ალტერნატიული ძალა“.

ქართული ოცნების დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ „ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, როგორც გამაერთიანებლის და არა როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერის გამოსვლა და ეს ძალიან დიდი იშვიათობაა ამ ტრიბუნიდან და ძალიან მისასალმებელია, როდესაც ახერხებს ქვეყნის პრეზიდენტი, რომ იყოს გამაერთიანებელი“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27