შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ იგეგმება მისი უწყების ორად გაყოფა და ამ რეფორმის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობის შემადგენლობაში ცალკე უწყებად დარჩება და მთავრობის გარეთ შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის წინაშე.
მთავრობის დამტკიცების ფარგლებში ქუთაისის პარლამენტში 7 მაისს გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას, გომელაურმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული ოცნების ამ წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, რის დაწყებასაც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება სჭირდება, „უზრუნველყოფს ახალი, უფრო დემოკრატიული და საზოგადოების წინაშე უფრო მეტად ანგარიშვალდებული სისტემის ჩამოყალიბებას“.
მინისტრის თქმით, შსს-ს ძირითად ფუნქციად დანაშაულის აღკვეთა დარჩება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში კი საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და სპეციფიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა გადავა. გომელაურის თქმით, რეფორმის ფარგლებში ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, რომელიც ფარული მოსმენების განმახორციელებელი ორგანოა, უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში გადავა.
მისივე ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახური უშუალოდ მთავრობის დაქვემდებრებაში მყოფი სპეციალური დაწესებულება იქნება, რომლის ხელმძღვანელის კანდიდატურას მთავრობას შესთავაზებს პრემიერ-მინისტრი და მოწონების შემთხვევაში, ის პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით აირჩევს 6 წლის ვადით; ერთი და იგივე პირის ორჯერ ამ თანამდებობაზე ზედიზედ არჩევა აკრძალული იქნება.
„ახლა ხდება მექანიკური გაყოფა, შემდეგ კი რეფორმები უნდა გატარდეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე უსაფრთხოების კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა, „რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება ის ყველაფერი, რაც ჩვენ გვინდა და ჩვენ რომ დავიწყოთ ახლა ძირეულად, სიღრმისეულად ჩასვლა, შეიძლება არც ერთი და არც ორი წელი არ გვეყოს. ჯობია გაიყოს [შსს] იმიტომ, რომ გამოჩნდება, თუ რა იქნება საჭირო - ფინანსები იქნება ეს თუ რამდენი განყოფილების და სამმართველოს გაკეთება“.
მთავრობამ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა დეკემბერში დააანონსა და ამ მიზნით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის ფარგლებში შემუშავებული კონკრეტული კანონპროექტი ჯერ-ჯერობით პარლამენტში არ შესულა.
შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გაერთიანება 2004 წელს მოხდა.
„აღნიშნული ცვლილებების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სისტემის ფარგლებში მოქცეული ჭარბი ძალაუფლების დეკონცენტრაცია, რაც დადებითად აისახება ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანობაზე“, - განაცხადა გომელაურმა.