Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობას ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აქტივისტების დაცვისკენ მოუწოდებენ
Civil Georgia, Tbilisi / 16 მაი.'15 / 13:06

ცხრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და უფლებადამცველმა ჯგუფმა ხელისუფებას იმ აქტივისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, რომლებიც 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას გეგმავენ.

„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტივისტებს გვსურს, 2015 წლის 17 მაისს, ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენი მიზანია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვნების თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. გვსურს, საზოგადოებასა და ხელისუფლებას 2012 წლის 17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გავაცნოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია იმ საქმეზე, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებების დამცველმა ორგანიზაციამ „იდენტობა“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოიგო 2012 წლის 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ვერ უზრუნველყო დაეცვა“ ლგბტ აქტივისტები თავდასხმისგან, როდესაც ისინი 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. ერთი წლის თავზე, ლგბტ თემის წარმომადგენლებზე უფრო ფართო მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი, როდესაც ათასობით კონტრდემონსტრანტი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ხელმძღვანელობით იმ აქტივისტების მცირე ჯგუფს დაესხა თავს, რომელთაც  თავისუფლების მოედნის მიდამოებში 17 მაისის აღნიშვნა სურდათ. ჰომოფობიური ძალადობის თავიდან არიდების მიზნით ლგბტ აქტივისტებს მას შემდეგ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 17 მაისს საჯარო სივრცეში აღარ აღუნიშნიათ. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 17 მაისს „ოჯახის დღე“ დააწესა.
  
„წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, წელს არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას ადამიანების უსაფრთხოება და მომავალში უფრო ეფექტურად აღკვეთოს ნებისმიერი სახის ძალადობა და დისკრიმინაცია. ასევე, მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს ის პირადი პასუხისმგებლობა, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი აქტივობის ორგანიზებასთან“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

17 მაისს დაგეგმილი ღონისძიების ადგილმდებარეობა და სხვა დეტალები უსაფრთხოების მიზნით გასაიდუმლოებულია და ჟურნალისტებს „აკრედიტაციის“ გავლა სთხოვეს. ორგანიზაცია „იდენტობამ“, რომელიც ღონისძიების ერთ–ერთი ორგანიზატორია, განაცხადა, რომ ღონისძიებაზე „არ დაიშვებიან მედიები, რომლებსაც საზოგადოება ჰომოფობიური განცხადებებით და სიუჟეტებით იცნობს“ და მათ, ვინც აკრედიტაციას გაივლის, თავად ორგანიზატორები დაუკავშირდებიან მოსაწვევად. 

„იმედს გამოვთქვამთ, რომ 2015 წელს მაინც, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს ეფექტიანად დაიცვას საკუთარი მოქალაქეების გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება მიუხედავად მისი სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც 19 ორგანიზაცია უერთდება, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო; სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; იდენტობა;  ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;  კონსტიტუციის 42 მუხლი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;  საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; მედიის განვითარების ფონდი;  საქართველოს რეფორმების ასოციაცია  და  სამოქალაქო განვითარების სააგენტო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12