გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ისინი ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ.
საქართველოს და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით, მერკელმა განაცხადა, რომ ორივე ქვეყანამ დიდი ძალისხმევა განახორციელა, მაგრამ „ეს ჯერ არ არის საკმარისი“ და საქართველოს და უკრაინას „კიდევ ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი“ ამ თვალსაზრისით.
მერკელმა ეს განცხადება 21 მაისს ბუნდესტაგში გამოსვლისას გააკეთა.
თავის გამოსვლაში გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ბერლინის პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ სამ ელემენტს ეფუძნება.
პირველი, როგორც მან აღნიშნა, არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა „არ არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ინსტრუმენტი“ და დასძინა, რომ ევროკავშირმა არ უნდა გამოიწვიოს მისი აღმოსავლელი პარტნიორების მცდარი მოლოდინები ამ თვალსაზრისით.
აღნიშნა რა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართ ინტერესის სხვადასხვა დონე აქვთ, მერკელმა მეორე ელემენტად დიფერენცირებული მიდგომა და ზუსტად მორგებული პოლიტიკის გამოყენება დაასახელა.
მესამე, მისი თქმით, ის არის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა „არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ და არც რუსეთის წინააღმდეგ“.
მერკელმა განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფონზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“.
მან ასევე განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმებები, რომელსაც ევროკავშირმა შარშან საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მოაწერა ხელი, ამ სამ ქვეყანაში ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების გატარების მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს.
„ჩვენ მიზანი კვლავაც ის არის, რომ სრულად განვახორციელოთ ასოცირების შეთანხმება“, – განაცხადა მერკელმა.