ნაციონალური მოძრაობიდან გამიჯნული დეპუტატები, რომლებიც ყოფილი სახელისუფლებო პარტიიდან წასვლის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მან ვერ შეძლო განახლება, აცხადებენ, რომ „ახალი, ღია პოლიტიკური ცენტრის“ შექმნას და პოლიტიკურ პროცესში ჩასართავად „პროფესიონალების“ მოზიდვას გეგმავენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ღიად ან ფაქტობრივად პრო-რუსული ძალების“ უმრავლესობით მოსვლის „რეალური საფრთხის“ გასანეიტრალებლად.
„ვეცდებით მოვიზიდოთ თავის საქმეში გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანები, რომელთა ჩართვაც პოლიტიკურ პროცესებში, ჩვენი აზრით, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს არსებული პოლიტიკური კონიუქტურის გამო, სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ადამიანები ვერ ახერხებენ ამ პროცესებში ჩართვას“, - განაცხადა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა ოთხშაბათს თავის პირველ სატელევიზიო კომენტარში მას შემდეგ, რაც პავლე კუბლაშვილთან, გოგა ხაჩიძესთან და გიორგი მელაძესთან ერთად ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა.
მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს „ინდივიდუალური შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან“ მომავალ პარტიაში თანამშრომლობის შეთავაზების მიზნით.
„ეს იქნება პროდასავლური გაერთიანება“, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა, რომელსაც ათწლიანი სადეპუტატო გამოცდილება გააჩნია, განსხვავებით ჯაფარიძისგან, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეუერთდა.
წინა მოწვევის პარლამენტში საქმიანობდა ასევე გიორგი მელაძეც, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2008 წელს საბურთალოს ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარად არჩევამდე, თბილისის მაშინდელი მერის გიგი უგულავას მოადგილე იყო სამი წლის განმავლობაში; გოგა ხაჩიძე პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატია, თუმცა 2004 წელს ის რამდენიმე თვის განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი, რადგან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დაინიშნა, ხოლო 2008 წლის ნოემბერში მას შემდეგ, რაც იმავე წლის დასაწყისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილს დაუწერა სარეკლამო სიმღერა „მიშა მაგარია“, გარემოს დაცვის მინისტრი გახდა.
27 მაისს თავის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ამ ჯგუფის ლიდერად მოიაზრება, განაცხადა: „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას შევთავაზებთ ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ, მაგრამ არაპოპულისტურ გეგმას. მხოლოდ ამ გზით წარმოგვიდგენია არაფორმალური მმართველობის დასრულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება“.
ჯაფარიძემ ასევე განაცხადა, რომ "ჩემთან ერთად ენმ-იდან წამოსული არც ერთი კოლეგა არ აპირებს 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას, რადგან სჯერა რომ საზოგადოება სიახლეს ითხოვს".
ჯაფარიძემ სამ თანამოაზრესთან ერთად ნაციონალური მოძრაობის რიგების დატოვების შესახებ ინფორმაცია 25 მაისს მას შემდეგ დაადასტურა, რაც იმავე დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მათი პარტიიდან გამიჯვნის შესახებ. ყოფილი თანამებრძოლების ეს ნაბიჯი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა „ზეწოლის“ შედეგად მიღებულ „უპასუხისმგებლო“ გადაწყვეტილებად შეაფასეს.
ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ მათი გეგმების შესახებ ნაციონალური მოძრაობის „ერთ-ერთმა ლიდერმა“ იცოდა მხოლოდ, რომელმაც მას ამ გადაწყვეტილების გარკვეული პერიოდით საიდუმლოდ შენახვა თხოვა, თუმცა „ინფორმაციის გაჟონვა და პროცესების დაჩქარება ჩვენგან დამოუკიდებლად“ მაინც მოხდა, რის გამოც ნაციონალური მოძრაობის „სხვა წევრებთან ვერ მოვასწარით ჩვენი გადაწყვეტილების წინასწარ გაცნობა, რომლებთან ურთიერთობაც ჩვენთვის ძვირფასია“.
ოთხი დეპუტატი ჯერ-ჯერობით დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშავებს პარლამენტში, რადგან ახალი ფრაქციის შექმნას სულ ცოტა ექვსი დეპუტატის ერთობა სჭირდება.
ნაციონალური მოძრაობიდან წასვლის მიზეზებზე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მართალია პარტია გადარჩა და გაუძლო „წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან“ და ამით ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ „ორი უმნიშვნელოვანესი გამოცდა“ ჩააბარა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების კუთხით და ასევე იმით, რომ „არ დაიშალა“ და „შედგა როგორც ძლიერი, კომპეტენტური ოპოზიციური ძალა“, მაგრამ ეს „არასაკმარისია“ მიზნის მისაღწევად.
„გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ყოფილი ნაციონალები ასევე აცხადებენ, რომ განვლილ „ძალიან რთულ“ წლებში, როცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის „პრინციპულად მნიშვნელოვანი“ იყო „ქვეყნის მმართველ ოლიგარქთან“ დაპირისპირება, “ჩვენ არსად გავქცეულვართ, არ დავღლილვართ და პრაქტიკულად ყოველთვის ვიყავით ბრძოლის წინა ხაზზე“.
„ჩვენ არც ახლა გავდივართ ბრძოლის ველიდან“, - აცხადებს ოთხი დეპუტატი, „ჩვენ ვართ იგივე პოზიციებზე, რაზეც აქამდე ვიდექით და გვყავს იგივე მოწინააღმდეგე - ტყუილებით ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა“.
„მაგრამ დღევანდელი რეალობა არის განსხვავებული, 1.5 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები და სწორედ ამ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად საჭიროდ მიგვაჩნია პოლიტიკური სპექტრის ახლებურად გადანაწილება“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას; ბრძოლას ერთიანი საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის; ბრძოლას იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ ოლიგარქი, რომელმაც გააჩერა ეკონომიკა, გააღატაკა მოსახლეობა და ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები“, - აცხადებენ დეპუტატები.
„ჩვენ არ ვაპირებთ დროისა და ენერგიის ხარჯვას ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაზე“, - აღნიშნავენ ისინი და ამ ეტაპზე არანაირდამატებით ახსნა-განმარტებას არ აკეთებენ იმ პარტიის დატოვების პერიპეტიებზე, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილია.
ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულმა არგუმენტაციამ, რომელიც „ნამდვილად არ იყო პოლიტიკური ლიდერის განცხადება“, უფრო მეტი კითხვის ნიშნები გააჩინა, „პასუხები კი, რომელსაც ჩვენ და მთლიანად საზოგადოება ელოდა, არ ყოფილა“.
მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა „მყარად დგას ფეხზე“ და „თითოეულ შეუსრულებელ დაპირებაზე კვლავაც გააგრძელებს პასუხის მოთხოვნას და თითოეული საკითხის აქტუალიზაციას“.
„ესაა ძირითადი ოპოზიციური ძალა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, საით უნდა წავიდეს ქვეყანა და ღრმად ვართ დარწმუნებული, უცილებლად წინ წავიყვანთ საქართველოს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ოთხი წევრის პარტიიდან გასვლის შედეგი არის მთავრობის წევრთა „აღტაცებული სახეები“.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 27 მაისს მედიასთან მოკლე კომენტარში განაცხადა: „გასაკვირიც იყო, რომ აქამდე არ დაიშალნენ. ბოლო მომენტამდე შეძლეს ერთ გუნდად წარმოჩენა, მაგრამ მე ვიცი, რომ შიგნით კიდევ სამ ჯგუფად იშლება ნაციონალური მოძრაობა. ასე რომ, ჯერ კიდევ არ არის ეს დასრულებული“.