Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტს მაჟორიტარული სისტემის შესაცვლელად კონსტიტუციის გადასინჯვისკენ მოუწოდებენ
Civil Georgia, Tbilisi / 30 მაი.'15 / 17:31

14-მა ოპოზიციურმა პარტიამ და 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტარებს მოუწოდეს, რომ „დაუყოვნებლივ“ იქნას ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის მაჟორიტარულ კომპონენტს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის  სამხარეო პროპორციული სისტემით  შეცვლის.

„საქართველოში დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა, რაც საჭიროებს საკონსტიტუციო და სხვა საკანონმდებლო ცვლილებებს. არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვას მანდატებში, დიდია დაკარგული ხმების რაოდენობა, არ არის დაცული ერთი ხმის თანაბრობის პრინციპი“, - ნათქვამია მიმართვაში, რომლის ადრესატებიც დეპუტატები არიან.

საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 73 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

მიმართვის ავტორები საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობენ კონსტიტუციის შესაბამისი რედაქციის ცვლილების პროექტს,  რომლის მიხედვითაც, „პარლამენტი შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით, ერთიანი პროპორციული სისტემით არჩეული 75 და სამხარეო პროპორციული სისტემით არჩეული 75 დეპუტატისგან“.

სამხარეო პროპორციული სისტემა გულისხმობს რეგიონებში პარტიული სიებისათვის ხმის მიცემას, სადაც რეგიონისთვის განსაზღვრული მანდატები მიღებული ხმების მიხედვით პროპორციულად ნაწილდება.

ერთობლივი მიმართვა პრეზიდენტის რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით საარჩევნო რეფორმაზე გამართული კონფერენციის შედეგად  30 მაისს იქნა მიღებული. კონფერენციას ქართული ოცნების მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები არ დასწრებიან, თუმცა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, მაჟორიტარ დეპუტატთა იმ ფრაქციის ლიდერმა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს გასულ ნოემბერში შეუერთდა.

ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, რასაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ესაჭიროება და რაც ნაკლებად სავარაუდოა დადგენილი მაღალი კვორუმის გამო.

კონსტიტუციაში ცვლილებების ინიცირება  შეუძლია პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს ანუ სულ ცოტა 76 დეპუტატს ან არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს. ინიცირების შემდეგ კი პროექტმა საყოველთაო-სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცედურა უნდა გაიაროს; ამის შემდეგ ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს პარლამენტი, სადაც სულ ცოტა 113 დეპუტატი უნდა მოგროვდეს, რათა კანონპროექტი სამი მოსმენით ორ თანმიმდევრულ სესიაზე (საშემოდგომო, საგაზაფხულო) იქნას მიღებული.

კოალიცია ქართულ ოცნებას ჯერ-ჯერობით თავისი საჯარო პოზიცია საარჩევნო რეფორმის შინაარსობრივ მხარეზე არ დაუფიქსირებია.

28 მაისს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო მუნიციპალიტეტებზე მიბმით მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ფორმირების წესი და პარლამენტს მაჟორიტარული ოლქების იმგვარი დაყოფისკენ მოუწოდა, რომ ოლქებს შორის არსებული  ამომრჩეველთა უთანაბრობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპს ამზადებს და უახლოეს მომავალში „საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის“ წინადადებებს წარადგენს, რომლებიც მისი თქმით, ემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის აღსრულებასაც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა არ ესაჭიროება.

30 მაისს მიღებულ ერთობლივ მიმართვაში მისი ავტორები იმედს გამოთქვამენ, რომ ქართული ოცნების გარეშე მათ შორის შემდგარი „კონსენსუსი“, რომელშიც „განსხვავებული შეხედულებების მქონე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჯგუფებს აერთიანებს“, პარლამენტის მხარდაჭერით „აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებში“ აისახება.

კონფერენციის გახსნით სიტყვაში პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელმაც გაიხსენა კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი ცალკეული პარტიების მრავალწლიანი ბრძოლა არსებული საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, მიესალმა ფართომასშტაბიან სწრაფვას ამ საკითხის ირგვლივ კონსენსუსისკენ.

„ეს არის თემა, რომლის ირგვლივაც საზოგადოებაში არსებობს არნახული, უპრეცედენტო კონსენსუსი. პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა პოლიტიკურ ძალას სხვადასხვა ეტაპზე ამ საკითხის განხილვისა დაფიქსირებული აქვს მხარდაჭერა სისტემის შეცვლისა და უფრო სამართლიანი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარგველაშვილმა, რომელსაც ერთობლივი მიმართვისთვის თავად ხელი არ მოუწერია.

დოკუმენტს ხელს აწერენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „თავისუფალი დემოკრატები“ და ნაციონალური მოძრაობა - ეს უკანასკნელი ხელისუფლებაში ყოფნის დროს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა არსებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას; და ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები: ქრისტიან–დემოკრატიული პარტია; საქართველოს პატრიოტთა ალიანსი; ახალი მემარჯვენეები; ქართული დასი; ევროპელი დემოკრატები; გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა; მემარცხენე ალიანსი; ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; თავისუფალი საქართველო; „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“; სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის; და საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან მიმართვას შეუერთდნენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სამოქალაქო განვითარების სააგენტო; ლიბერალური აკადემია - თბილისი; „მრავალეროვანი საქართველო“; დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30