- 2016 წლის არჩევნებზე შერეული სისტემა შენარჩუნდება;
- მაჟორიტარი დეპუტატები 50%-იანი ბარიერით აირჩევიან;
- ერთმანდატიანი ოლქები ამომრჩეველთა რაოდენობის საფუძველზე გათანაბრდება;
- ქართული ოცნება მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას 2016 წლის არჩევნების შემდეგ სთავაზობს.
კოალიცია ქართულმა ოცნებამ პარასკევს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც ასევე ესწრებოდა ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საარჩევნო სისტემის რეფორმის საკუთარი ხედვა წარმოადგინა.
ინიციატივა ითვალისწინებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შერეული სისტემის შენარჩუნებას, რომლის დროსაც 150–წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან ოლქში აირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული წესით გადანაწილდება.
თუმცა, მნიშვნელოვნად შემცირდება მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის მხრივ დღეს არსებული დისბალანსი და მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდება. ინიციატივის თანახმად, არჩევნების მეორე ტურამდე იმ შემთხვევაში მივა საქმე, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%–ზე მეტს.
არსებული წესით, გამარჯვებულად ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცხადდება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ 30%–ისა.
- საპარლამენტო ფრაქციების პოზიციები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე
- პარლამენტს მაჟორიტარული სისტემის შესაცვლელად კონსტიტუციის გადასინჯვისკენ მოუწოდებენ
- საკონსტიტუციო სასამართლო მაჟორიტარული ოლქების გადახედვისკენ მოუწოდებს
ქართული ოცნების ინიციატივა ასევე ითვალისწინებს დღეს არსებული ერთმანდატიანი ოლქების რეფორმირებას საარჩევნო ოლქებს შორის არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.
ერთმანდატიანი ოლქები ერთმანეთისგან ამომრჩეველთა რაოდენობით განსხვავდებიან; ყველაზე დიდ ოლქში 150 000 ამომრჩეველია, ხოლო უმცირეს ოლქში 6 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა მაისის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომ ამგვარი უთანასწორობა არღვევს ხმის თანასწორობის პრინციპს.
ოლქების ხელახალი ფორმირების შედეგად, სავარაუდოდ, ყველაზე მსხვილი ოლქები დაიყოფა ან მცირე ოლქების გაერთიანება მოხდება.
მართალია ქართული ოცნების ინიციატივა საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაზიარებას ითვალისწინებს, მაგრამ ის არ აკმაყოფილებს ოპოზიციის მოთხოვნას.
კონფერენციაზე, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მასპინძლობდა 30 მაისს, 14 ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიებმა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი მიმართვა მიიღეს პარლამენტის სახელზე, რომელშიც საკანონმდებლო ორგანოს სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებისა და მისი რეგიონალურ–პროპორციული სისტემით ჩანაცვლებისკენ მოუწოდეს, რომელიც მრავალმანდატიანი ოლქების შემოღებას გულისხმობს.
„კარზე მომდგარი არჩევნების წინ კარდინალური ცვლილებები არ არის სასურველი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კოალიციის შეხვედრის შემდეგ.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ქართული ოცნება მზად არის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების ინიციატივით გამოვიდეს იმ არჩევნებისთვის, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება.
ამას საკონსტიტუციო ცვლილება დასჭირდება. ქართული ოცნების დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა, რომელიც უსუფაშვილის მსგავსად რესპუბლიკური პარტიიდანაა, განაცხადა, რომ მმართველი კოალიცია მომდევნო დღეებში გეგმავს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების წარმოდგენას.
შეხვედრის შემდეგ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები წარმოადგენს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის შეთანხმებულ პოზიციას.
თუმცა, შეხვედრის შემდეგ დეპუტატმა ანი მიროტაძემ ეროვნული ფორუმიდან, რომელიც ასევე კოალიციის წევრია, განაცხადა, რომ მისი პარტია იმ პოზიციაზე რჩება, რომ მაჟორიტარული კომპონენტი უნდა გაუქმდეს და 2016 წლის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა გაიმართოს.
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები წლის ბოლომდე განხორციელდება. მან ასევე განაცხადა, რომ დეტალური გეგმა „უახლოეს დღეებში“ მომზადდება.
ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ დასმულ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ჩვენი თხოვნით“ დაესწრო შეხვედრას.
„საჭიროდ ჩავთვალეთ მისი ყოფნა ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.