არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაციები მოუწოდებენ, რომ შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოხდეს და არა 2020 წლისთვის, როგორც ამას მმართველი კოალიციის წინადადებები ითვალისწინებს.
„ხელისუფლების ის არგუმენტი, რომ მცირე დროა არჩევნებამდე დარჩენილი და ამიტომ არ არის სასურველი საარჩევნო სისტემის არსებითი რეფორმირება, სრულიად არადამაჯერებელია. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით 1.5 წელია დარჩენილი, შესაბამისად, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება, მათ შორის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, სრულად მოსწრებადია“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 8 ივნისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ გაავრცელეს.
მათი თქმით, „მიუღებელია“ ხელისუფლების მხრიდან ისეთი უპრეცედენტოდ ფართო კონსენსუსის უგულვებელყოფა, რომელიც საარჩევნო სისტემის ირგვლივ ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ამ საკითხზე არსებობს.
კონფერენციაზე, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მასპინძლობდა 30 მაისს, 14 ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიებმა და 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი მიმართვა მიიღეს პარლამენტის სახელზე, რომელშიც საკანონმდებლო ორგანოს სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებისა და მისი რეგიონალურ–პროპორციული სისტემით ჩანაცვლებისკენ მოუწოდეს, რომელიც მრავალმანდატიანი ოლქების შემოღებას გულისხმობს.
მმართველმა კოალიციამ განაცხადა, რომ ამგვარი კარდინალური ცვლილებებისთვის არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და სანაცვლოდ შესთავაზა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის არჩევნებისთვის მოხდეს და ამას შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით საფუძველი ამჟამინდელმა პარლამენტმა ჩაუყაროს.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ „გაურკვევლობას იწვევს ის გარემოება, თუ რატომ უნდა გადავადდეს 5.5 წლით სამართლიანი საარჩევნო სისტემის დანერგვა“, როცა „შესაბამისი პოლიტიკური ნებისა და მონდომების არსებობა“ საშუალებას მისცემდა, რომ საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის დარეგულირება „ადრეულ გაზაფხულზე“ დასრულებულიყო.
მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება. ცვლილების ინიცირებისათვის კი სულ ცოტა 76 დეპუტატის ხელმოწერა ან 200 ათასი ამომრჩევლის მიმართვაა საჭირო, რასაც შემდეგ ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვის პროცედურა და კანონპროექტის სამი მოსმენით, 113 ხმით მიღება უნდა მოყვეს ორი თანმიმდევრული სესიის განმავლობაში.
კოალიცია ქართული ოცნების შიგნით სისტემის 2016 წლის არჩევნებისთვის შეცვლისა და მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმების ირგვლივ კონსენსუსი არ არსებობს; ამ იდეას მაჟორიტარული წესით არჩეული ცალკეული დეპუტატები გამოკვეთილად ეწინააღმდეგებიან.
ქართული ოცნება სთავაზობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ამჟამად მოქმედი შერეული სისტემის მოდერნიზებული მოდელით ჩატარდეს.
კერძოდ, მათი წინადადებაა, რომ მაჟორიტარების არჩევისთვის დაწესებული 30%-იანი ბარიერი გაიზარდოს 50%-მდე - ეს მეტ-ნაკლებად პასუხობს ოპოზიციის წუხილებს იმასთან დაკავშირებით, რომ მაჟორიტარების არჩევისას ამჟამად მოქმედი წესით ხმების უმეტესობა იკარგება; და ასევე მეორე წინადადება ეხება მაჟორიტარული ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის მხრივ არსებული დისბალანსის აღმოფხვრას ოლქების გათანაბრების გზით, რისკენაც საკონსტიტუციო სასამართლომ მაისის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით მოუწოდა, ვინაიდან მიიჩნია, რომ არსებული დაყოფა არღვევს ხმის თანასწორობის პრინციპს. ამ დისბალანსის აღმოფხვრისკენ საქართველოს ხელისუფლებას ასევე დიდი ხანია მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო და ვენეციის კომისია.
ერთობლივ განცხადებაში სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები „მხოლოდ ნაწილობრივ ეხმიანება იმ პრობლემებს, რომელიც მოქმედ საარჩევნო სისტემას ახასიათებს და იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს საქართველოში კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას“.
„პირველ რიგში, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს შორის დისპროპორციის შემცირება რთული იქნება და ბევრ ოლქს მექანიკურად შეერთება/დაყოფა მოუწევს, რამაც შეიძლება, დამატებითი პრობლემები წარმოშვას თანაბარი ტერიტორიული წარმომადგენლობის კუთხით. ამასთანავე, როგორც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, მხოლოდ 50%-იანი ბარიერის დაწესება ქვეყანაში საარჩევნო პროცესების გასაჯანსაღებლად არ არის საკმარისი, საჭიროა კომპლექსური მიდგომები, სადაც ბარიერის საკითხი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
"მიგვაჩნია, რომ სისტემის გაუმჯობესებისა და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ გაითვალისწინოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანი ხედვა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს", - აცხადებს სამი ადგილობრივი ორგანიზაცია.