Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი თბილისის წყალდიდობისა და მისი მოსალოდნელი ფინანსური წვლილის შესახებ სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში
Civil Georgia, Tbilisi / 19 ივნ.'15 / 12:48

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ფინანსურ რესურსს ვერ მოუყრის თავს,  დანაკლისს ის შეავსებს და ასევე დაეხმარება ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე განაშენიანებას.

დედაქალაქში მსხვერპლით დასრულებული სტიქიური მოვლენების შესახებ გაკეთებულ თავის პირველ კომენტარში, ივანიშვილმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უშუალოდ მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა მოიზიდოს თანხები, მათ შორის დონორებისგან, რათა დაიძლიოს წყალდიდობის შედეგები, რამაც სულ ცოტა 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო სამი დაკარგულად ითვლება.

უკანასკნელი სამთავრობო შეფასებით, წყალდიდობით მიყენებულმა ზარალმა, შესაძლოა, 100 მილიონ ლარს მიაღწიოს.

„ეს ხელისუფლების საქმეა, ძირითადად და ისინი აქტიურად ცდილობენ მოიძიონ რესურსები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დააკმაყოფილონ და დაფარონ ის ხარჯები, რაც სტიქიამ და ამ უბედურებამ მოგვიტანა; რასაც ვერ შეძლებენ, ყველა თანხაზე მე განვაცხადე და კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა თანხა ჩათვალეთ, რომ აქვთ... მე დავაფინანსებ, რასაც ვერ მოიძიებს ხელისუფლება, ვერ მოახერხებს საზოგადოება, ბიზნესი, რაშიც ძალიან აქტიურობენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ დაეხმარება ზოოპარკის ქალაქის ცენტრიდან თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანას.

„ზოგი ჭირი მარგებელიაო“, - განაცხადა ივანიშვილმა, „ზოოპარკი იმ პირობებში, სადაც იყო მე არასდროს არ მომწონდა და მე ვცდილობდი, 2006-2007 წლებში პროექტიც კი გავაკეთე, გარკვეული თანხებიც კი დავხარჯე, ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველსაც ჰქონდეს ცხოველური პირობები, თუ გინდათ ადამიანური პირობები. თუ ვატყვევებთ, მას მოვექცეთ ღირსეულად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ ვერ იყო სანიმუშო დონეზე".

ზოოპარკის გადატანის თაობაზე განცხადებები უკვე დიდი ხანია კეთდება, თუმცა ეს აქამდე ვერ მოხერხდა. თბილისის მერიამ წყალდიდობის შემდეგ კვლავ განაცხადა, რომ ზოოპარკს ადგილმდებარეობა შეეცვლება; მთავრობამ კი განაცხადა, რომ ამჟამინდელი ზოოპარკის ადგილზე ტრაგიკულად დაღუპულთა უკვდავსაყოფად გაშენდება პარკი, რომელიც უნდა იყოს  სიმბოლო იმ „ერთიანობის, თავდადებისა და ერთმანეთისადმი თანადგომის“, რომელიც მოსახლეობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის დროს გამოიჩინა. 

სტიქიაზე მთავრობის რეაგირების თაობაზე კომენტირებისას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ „მაქსიმალურს აკეთებდა ხელისუფლება“, იყო „მობილიზებული“ და „ძალიან ორგანიზებულად“ მუშაობდა.

„ვფიქრობ, რომ ყველაფერი ხდებოდა კარგად“, - განაცხადა მან.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში ზოოპარკიდან დაკარგული ვეფხვისა და ზოლებიანი აფთრის ძებნა კვლავ გრძელდება. მას შემდეგ, რაც 17 ივნისს თეთრმა ვეფხვმა ლაგუნა ვერეს სიახლოვეს მდებარე შენობაში თავდასხმის შედეგად მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკარგული ცხოველების ძიების პროცესი აქტიურად გაგრძელდა და პოლიციაში არაერთი ზარი შევიდა თბილისის ცენტრალური უბნებიდან თუ შემოგარენიდან ვეფხვის შემჩნევის შესახებ, თუმცა არცერთი ეს ინფორმაცია ადგილზე ძებნის შედეგად არ დადასტურდა.

შეკითხვაზე იყო თუ არა ხელისუფლების მხრიდან კრიზისის მართვის პროცესში შეცდომები, ივანიშვილმა უპასუხა: „სერიოზული არა, ჩემი აზრით. არ არსებობს საქმეს აკეთებდეს ვინმე, რომ იქ პატარა შეცდომა მაინც არ ახლდეს თან. იდეალური არ არსებობს არაფერი და ყოველთვის შეიძლება ნებისმიერმა საქმემ გარკვეული კითხვა დატოვოს. ოღონდაც თქვენ, ჟურნალისტებმა და მთლიანად საზოგადოებამ უნდა მოახერხოთ და მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასოთ და არ უნდა შეეცადოთ, რომ რაღაც იპოვოთ და ყველაფერს ფასი დაუკარგოთ და ხაზი გადაუსვათ“.

კრიტიკოსების განცხადებით, მთავრობამ დააგვიანა სტიქიაზე რეაგირება. ოპონენტების თქმით, ხელისუფლებას ის მაინც უნდა მოეხერხებინა, რომ წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერის ჩამოწოლის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ  საავტომობილო მოძრაობა დაეკეტა ვერეს ხეობაში გამავალ ახალ გზატკეცილზე, რომელიც თამარაშვილის ქუჩას გმირთა მოედანთან აკავშირებს.

ფართომასშტაბიანმა მეწყერმა, რომელიც 13 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, ჩახერგა მდინარე ვერეს ხეობა, ხოლო ხანმოკლე დროით შეგუებულმა მდინარემ გაარღვია ეს ბარიერი, რა დროსაც ხეობაში წყლის დონემ აიწია და ღვარცოფულმა ნაკადის გავლამ დატბორა ცალკეული ადგილები.

იმავდროულად, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გმირთა მოედნის ვაკე-საბურთალოს გზასთან დამაკავშირებელი გზატკეცილის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ეს გზატკეცილი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აშენდა, 2010 წელს გაიხსნა. ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა ვერეს კალაპოტში არასწორად დაპროექტებული ეს გზა გახდა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ სტიქიას ამ დონის მძიმე შედეგები მოყვა.

გზასთან დაკავშირებულ დავაზე შეკითხვის საპასუხოდ, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი შესაბამისმა სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ. „ალბათ მაინც იქნებოდა უბედურება. ახლა ამას ვერავინ ვერ აწონის იმ შემთხვევაში, თუ მილებში არ იქნებოდა და მდინარე თავის კალაპოტში ივლიდა, რა მოხდებოდა“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ის იზიარებს იმ სპეციალისტების მოსაზრებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მდინარის დამატებით გვირაბებში მოქცევა არ იყო სწორი.

მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის ახალი პროექტის „სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად“ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან ამაყია“ ახალგაზრდების „თავგანწირული ქმედებებით“, რომლებიც მათ მოხალისეების ფორმით გამოიჩინეს წყალდიდობით დაზიანებული ადგილების გაწმენდისას. „ამ უბედურებაში მათ ნამდვილად აჩვენეს, რომ ქვეყანა საიმედო ხელშია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36