Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, EBRD და აზიის განვითარების ბანკი ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ჩამორთმევის წინააღმდეგ აფრთხილებენ
Civil Georgia, Tbilisi / 27 ივნ.'15 / 15:30

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილში საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

წერილი, რომელიც 24 ივნისით არის დათარიღებული, აფრთხილებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი განიხილავს და რომელიც ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევას და ცალკე სააგენტოსთვის გადაცემას ითვალისწინებს, „საფრთხეს შეუქმნის საბანკო სექტორის სტაბილურობას და ძირს გამოუთხრის მდგრადი ზრდის პერსპექტივებს“.

წერილს ხელს აწერენ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქეით ჯულიანი; EBRD–ის დირექტორი კავკასიის, მოლდოვას და ბელარუსის საკითხებში ბრუნო ბალვანერა; სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფიტსი და მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალი.

ქვემოთ მოცემულია წერილის არაოფიციალური თარგმანი:

„მოგმართავთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცოტა ხნის წინ წარდგენილი ცვლილებების პროექტის თაობაზე, რომლითაც საბანკო ზედამხედველობა ჩამოერთმევა საქართველოს ეროვნულ ბანკს და შეიქმნება საბანკო ზედამხედველობის ახალი სააგენტო. მიგვაჩნია, რომ კანონში ცვლილებების ამოქმედება იმ ფორმით, როგორც ის პარლამენტს წარედგინა, დაასუსტებს საქართველოში საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობას და ხარისხს, საფრთხეს შეუქმნის საბანკო სექტორის სტაბილურობას და ძირს გამოუთხრის მდგრადი ზრდის პერსპექტივებს. ქვემოთ მოცემულია ჩვენი წუხილის მიზეზები.
 
საქართველოს შემთხვევაში, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ჩამორთმევა გონივრულად არ მიიჩნევა. მართალია სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული პრაქტიკაა, მაგრამ 2008–2009 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ არსებული ტენდენციაა, რომ საბანკო ზედამხედველობა ცენტრალური ბანკის ნაწილი იყოს, რათა გაძლიერდეს კავშირი მონეტარულ პოლიტიკასა და ფინანსურ სტაბილურობას შორის. ამგვარი კოორდინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ეკონომიკური ზრდის შენელებისა და ლარის გაუფასურების გამო საბანკო სექტორმა შესაძლოა ზეწოლა განიცადოს. ვინაიდან საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ფინანსური სექტორის პროფესიონალების შეზღუდული რაოდენობაა, საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკის ფარგლებში არსებობა დამატებით უპირატესობას წარმოშობს, რადგან ეს სპეციალიზებული კომპეტენციის [მქონე სპეციალისტებს] ერთ ინსტიტუტში უყრის თავს,  რაც ეფექტურობას და ხარისხს უწყობს ხელს.  ამიტომაც, იმ ქვეყნებს, რომლებიც ფინანსური ბაზრების განვითარების მსგავს ეტაპზე იმყოფებიან და შესაძლებლობების ანალოგიური შეზღუდვები გააჩნიათ, სავალუტო ფონდი, EBRD და აზიის განვითარების ბანკი მოუწოდებენ სიფრთხილით მოეკიდონ ცენტრალური ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას.

არგუმენტები, რომლებიც მოყვანილ იქნა ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ჩამორთმევის სასარგებლოდ, დამაჯერებლად არ გამოიყურება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ 2014 წლის მაისსა და ივნისში გაკეთებული საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის შეფასების დოკუმენტით,  ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობა დადებითად შეფასდა. დოკუმენტში აღნიშნულია მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით მოხდა და დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ რისკების ადრეულ ეტაპზე ზედამხედველობის რეჟიმის შემოღება და საზედამხედველო რესურსების ეფექტიანად გადანაწილება.
 
მმართველობის მოდელმა, რომელიც ახალი საბანკო ზედამხედველობის სააგენტოსთვის არის შემოთავაზებული, შესაძლოა არასათანადო დამოუკიდებლობა გამოიწვიოს. გვაშფოთებს ის წინადადება, რომლითაც პარლამენტს ახალი საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრების დანიშვნის უფლებამოსილება ენიჭება. ეს ძირს გამოუთხრის ძალაუფლების კონტროლისა და განაწილების პრინციპს, რომელიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დანიშვნის არსებულ პროცედურებშია ჩადებული (სადაც პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატს და პარლამენტი მას ამტკიცებს) და შედეგად მივიღებთ საბანკო ზედამხედველობის პოლიტიზირებას. ასევე არსებობს იმის რისკი, რომ ახალი სააგენტო შესაძლოა ძალიან სუსტი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს უფრო სუსტი რეგულირების შემოღების ლობირებას საბანკო სექტორის მიერ, რაც საფრთხეს შეუქმნის ფინანსური სექტორის სტაბილურობას. შეზღუდულმა საოპერაციო დამოუკიდებლობამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საზედამხედველო სააგენტოს შესაძლებლობას, რომ ისედაც მწირი საექსპერტო ცოდნის მობილიზება მოახდინოს.           
 
ასევე გვაშფოთებს ის, რომ ახალი კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა წარდგენილი, ყველა ძირითად დაინტერესებულ მხარესთან ან გარე ექსპერტებთან კონსულტაციის გარეშე, ასევე ის გაურკვევლობა, რაც ამან გამოიწვია. 2015–2016 წლებში ქართულ ბანკებს თავიანთი კაპიტალის გაზრდა შეიძლება მოუწიოთ, რათა საბალანსო უწყისები გააძლიერონ. საკანონმდებლო ცვლილებებით გამოწვეული გაურკვევლობა და საბანკო ზედამხედველობის კუთხით მკვეთრი ცვლილება ინვესტორების მხრიდან ნდობას რისკის ქვეშ აყენებს და ბანკების წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებას კიდევ უფრო გაართულებს. ბანკებს მოუწევთ დელევერიჯი [ვალის ტვირთის შემცირება],  რაც თავის მხრივ დაკრედიტებას და ეკონომიკურ ზრდას დააზარალებს.

ამ მიზეზების გამო ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს თავდაპირველად წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ის მნიშვნელოვან რისკებს შეუქმნის ზედამხედველობის დამოუკიდებლობას და მის ხარისხს, ასევე მონეტარულ პოლიტიკასთან კოორდინაციას. ჩვენი საუკეთესო რჩევაა, რომ საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს დარჩეს. თუმცა, თუ თქვენ მყარად გაქვთ გადაწყვეტილი, რომ ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს ჩამოაშოროთ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ თქვენს კანონპროექტში გათვალისწინებული იყოს ზემოთ გამოთქმული წუხილები და რომ თქვენი წინადადებები ბაზელის კომიტეტის ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების შესაბამისი იყოს [Core Principles for Effective Banking Supervision]. კანონპროექტში ასევე ასახული უნდა იყოს, თუ რამდენად იქნება გარანტირებული ნებისმიერი ახალი სააგენტოს საოპერაციო დამოუკიდებლობა, მათ შორის მისი ბიუჯეტის სტრუქტურა და სააგენტოს ხელმძღვანელ(ებ)ის დანიშვნის პროცესი; უნდა არსებობდეს ახალი სააგენტოს ანგარიშვალდებულების სისტემა, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების და თანამშრომლების სამართლებრივი დაცვის სისტემა. კანონპროექტი ასევე უნდა უზრუნველყოფდეს, რომ ზედამხედველობის ხარისხი არ დასუსტდება მისი ახალი სააგენტოსთვის გადაცემის დროს. და ბოლოს, მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან კონსულტაციის გამართვა ნებისმიერ კანონპროექტზე, ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების გათვალისწინებით, რომელიც ევროკავშირის და ევროპის ცენტრალური ბანკის მხარდაჭერით საბანკო ზედამხედველობის და ეროვნული ბანკის კანონმდებლობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
 
ვაფასებთ თქვენს პირად ჩართულობას ამ მნიშვნელოვან საქმეში და მზად ვართ თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, რათა გამოვნახოთ ის გამოსავალი, რომელიც საბანკო ზედამხედველობას (და ეროვნულ ბანკს) დამოუკიდებლობას შეუნარჩუნებს და უზრუნველყოფს მისი მმართველობის და ოპერირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13