Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს პარლამენტი გმობს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან რუსეთის „პროვოკაციულ ქმედებებს“
Civil Georgia, Tbilisi / 24 ივლ.'15 / 20:20

პარლამენტმა 24 ივლისს მიიღო ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომლითაც დაგმო რუსული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონის საქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან გამყოფი ხაზის კიდევ ერთი მონაკვეთის მონიშვნა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის სიახლოვეს, სადაც ასევე გადის ბაქო-სუფსის მილსადენის ნაწილი.

„რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ“ ქარული ოცნების შემოთავაზებულ რეზოლუციას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი არცერთის წინააღმდეგ.

ამავე თემაზე ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიების სიღრმეში გადმოწევის თაობაზე“ კი 15 ხმით 50-ის წინააღმდეგ ჩავარდა.

მიღებული რეზოლუციით, პარლამენტმა დაგმო რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული „აგრესიული ქმედება“, რომელიც „წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის, საკუთრებასა და გადაადგილებაზე ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის, ეთნიკური წმენდის პოლიტიკის გაგრძელებას“.  

„ეს პროვოკაციული“ ქმედება, რეზოლუციის თანახმად, ეწინააღმდეგება რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ საქართველოს მიმართულ ძალისხმევას, რომლის ფარგლებშიც „რადიკალური დაპირისპირების მიუხედევად“, თბილისმა „მოლაპარაკებების გზა აირჩია რუსეთთან ურთიერთობების მოსაგვარებლად“  და ასევე წარმოადგენს საქართველოს „ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ხელშეშლის მცდელობას“.

რეზოლუციაში საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს მთავრობას „ინტენსიურად განაგრძოს“ ამ საკითხზე ქვეყნის პოზიციის გაზიარება საერთაშორისო დონეზე, მათ შორის „გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში“ და ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მთავრობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან განიხილოს „მთელ პერიმეტრზე“ საქართველოს შსს-სთან „კოორდინირებული პატრულირების გაძლიერების“ და „მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის“ საკითხები.  ნაციონალური მოძრაობის პროექტი ამავე თემაზე „ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ  განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფის აღდგენას“ ითხოვდა. ხელისუფლების მტკიცებით, ადგილზე საპოლიციო წარმომადგენლობა არ არის შემცირებული.

ოკუპაციით დაზარალებულ მოსახლეობასთან მიმართებაში, რეზოლუცია მთავრობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის აღრიცხვისკენ და შემწეობის აღმოსაჩენად ფინანსური სახსრების მობილიზებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მთავრობას „კონფლიქტის  მოგვარების“ სტრატეგიაზე მუშაობის გააქტიურებისკენ, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გზით; ხოლო საპარლამენტო დელეგაციებს საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე პროცესების თაობაზე საერთაშორისო წარმომადგენლების „ინტენსიური“ ინფორმირებისკენ.

პარლამენტი თავის რეზოლუციაში ასევე მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რომელთაც ობიექტური შეფასება მისცეს მომხდარ ფაქტს და მუდმივად უჭერენ მხარს საქართველოს ინტერესებს.

როგორც მიღებულ რეზოლუციაში, ასევე ნაციონალური მოძრაობის შეთავაზებულ ვერსიაში აღნიშნულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფორმატში რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების შესრულების საჭიროება.

ეს საკითხი განიხილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს  რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2012 წლის ბოლოს დაიწყო იმ ვითარებაში, როცა ორ ქვეყანას დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი აქვს. ამ ფორმატში ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხები განიხილება და საქართველოს ხელისუფლება, ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, მის გაუქმებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

სწორედ ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება იყო ის ერთ-ერთი განსხვავებული საკითხი, რომლისკენაც ნაციონალური მოძრაობის ინიცირებული რეზოლუციის პროექტი მთავრობას მოუწოდებდა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების თქმით, ეს ფორმატი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე „ყალბ ილუზიას“ ქმნის, ოკუპაციის პრობლემის საერთაშორისო აქტუალობის დაქვეითებას იწვევს  და ასუსტებს ჟენევაში საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებულ მოლაპარაკებებს. 

სხვა განსხვავებები, რასაც ნაციონალური მოძრაობა თავის რეზოლუციის პროექტში ითხოვდა, იყო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის თაობაზე მოთხოვნის დაყენება და ყველა ზომის მიღება იმისათვის, რომ „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციების მიზეზებს შორის მოხვდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ხოლო მოთხოვნებში - დეოკუპაცია“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აბაშიძე-კარასინის ფორმატთან და ასევე სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის უთანხმოება ორი ალტერნატიული რეზოლუციის პროექტის განსახილველად გატანის მიზეზი ხდება. სწორედ ამ მიზეზით პარლამენტმა სულ ცოტა ორჯერ ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის მიერ ნოემბერსა და ოქტომბერში ინიცირებული რეზოლუციის პროექტები.

ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ფრაქცია არცერთ დოკუმენტს არ დაუჭერდა მხარს, სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა ერთიან რეზოლუციაზე კონსოლიდირება მაშინ, როცა „ორივე დოკუმენტის პათოსი არის აბსოლუტურად იდენტური“. მისი თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ ფიქრობენ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი გაანალიზების საფუძველზე უნდა "გადაიხედოს" და ის „მყისიერად“ არ უნდა გაუქმდეს.

დებატების დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ორ დოკუმენტს შორის „ფუნდამენტური“ განსხვავებაა, რადგან ქართულ ოცნებას „კაპიტულანტური“ მიდგომები აქვს რუსეთის მიმართ.

„გამორიცხულია, რომ ერთიანი პოზიცია შეიქმნას“, - განაცხადა თავის მხრივ ქართული ოცნების რეზოლუციის ინიციატორმა და ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ.

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა,  ქართული ოცნების დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ დებატების დროს, რომელიც ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა, განაცხადა, რომ იმ „უმძიმესი“ მემკვიდრეობის და „გამოუსწორებელი შეცდომების“ გამო, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა „ცელქმა პრეზიდენტმა“ რუსული ოკუპაციის კუთხით დატოვა, ამ ხელისუფლების სტრატეგიაა „ტაქტიკური ქმედება", რათა „მაქსიმალურად ავირიდოთ თავი კონფლიქტისაგან“. 

„ის, რომ არ იყოს ომი, არ ნიშნავს იმას, რომ იყოს დანებება“, - უპასუხა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან აკაკი ბობოხიძემ, „თქვენ ზიხართ მატარებელში, რომელსაც ჩემი ქვეყანა მიყავს მოსკოვისკენ“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8