Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ში წილის დასაბრუნებლად სასამართლო დავას იწყებს
Civil Georgia, Tbilisi / 7 აგვ.'15 / 16:49


"რუსთავის 2"-ის შენობა თბილისში. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ქიბარ ხალვაშმა, რომელიც „რუსთავი 2“–ის თანამფლობელი იყო 2004–2006 წლებში, ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
 
„რუსთავი 2“ და ზოგიერთ ოპოზიციური პარტია, განსაკუთრებით კი ნაციონალურ მოძრაობა, აცხადებენ რომ ხალვაშის ქმედებები მთავრობის მიერ არის მართული, ხოლო ამ უკანასკნელს, მათი თქმით, სურს კონტროლი დაამყაროს ტელეკომპანიაზე. პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ მთავრობას ამ დავასთან არაფერი აქვს საერთო.

ტელეკომპანიაში, რომლის სარეკლამო შემოსავლებიც მისი რამოდენიმე კონკურენტის ერთად აღებულ სარეკლამო შემოსავლებს აღემატება, აქციების 91%–ს, პირდაპირ თუ ირიბად ლევან ყარამანიშვილი და გიორგი ყარამანიშვილი ფლობენ. 2015 წლის პირველ ნახევარში კომპანიამ რეკლამიდან 21.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც ორჯერ აღემატება მისი მთავარი კონკურენტის, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მიღებულ სარეკლამო შემოსავალებს.
 
2004 წლიდან მოყოლებული ტელეკომპანიამ რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი და ეს ცვლილებები, დიდ წილად, პოლიტიკურ მოვლენებთან იყო კავშირში. ყოფილ მფლობელებს შორის ხალვაში არ არის ერთადერთი, რომელსაც ახლა საკუთარი წილის დაბრუნება სურს.

2004 წელს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელიც მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრისთან ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული პირი იყო, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის სამი დამფუძნებლისგან – დავით დვალისგან, ჯარჯი აქიმიძისგან და აწ უკვე გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილისგან, საკონტროლო პაკეტი მიიღო. ხალვაში აცხადებს, რომ მან 7 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა, თუმცა ეს ყოფილმა მფლობელებმა გარიგებიდან წლების შემდეგ სადაო გახადეს.
 
2008 წლის ნოემბერში, სააკაშვილთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ, კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ 2004 წელს იგი აიძულა ხელისუფლებამ, რომ „რუსთავი 2“–ში საკუთარი წილი ხალვაშისთვის დაეთმო. კიდევ ორმა ყოფილმა მფლობელმა, დვალმა და აქიმიძემ, 2012 წლის ბოლოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს საკუთარი წილის დაბრუნების მიზნით; მათი თქმით, ისინი აიძულა ყოფილმა ხელისუფლებამ, რომ 2004 წელს საკუთარი წილები დაეთმოთ. 

ხალვაში „რუსთავი 2“–ის აქციების მფლობელად მანამ რჩებოდა, სანამ ოქრუაშვილი სააკაშვილის მოკავშირე იყო. 2006 წლის 20 ნოემბერს, რამდენიმე დღეში, რაც ოქრუაშვილმა მთავრობა დატოვა, გამოცხადდა, რომ ტელეკომპანიის მფლობელი გამოიცვალა. გარიგება, რომელსაც ახლა ხალვაში აპროტესტებს, დეკემბერში დასრულდა. ამის შემდეგ ტელეკომპანიის მფლობელებს შორის ჩნდება დავით ბეჟუაშვილის „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან“ დაკავშირებული კომპანია. ამის შემდეგ ტელეკომპანიამ კიდევ რამდენჯერმე გამოიცვალა მფლობელი, მათ შორის არა ერთი ოფშორული კომპანია, რომელთა ბენებიციარ მფლობელთა ვინაობა გაურკვეველი იყო. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღით ტელეკომპანიის აქციების ნაწილს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილიც ფლობდა.
 
ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა 5 აგვისტოს, რომ მისი კლიენტი წლებია უშედეგოდ ითხოვდა პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას მისი „შელახული საკუთრების უფლებების“ აღდგენის თაობაზე. ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ამ მხრივ წინსვლა არც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყოფილა და შედეგად, ხალვაში იძულებული გახდა  4 აგვისტოს სასამართლოში შეეტანა სარჩელი.
 
საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, ხალვაში აქციების დაყადაღებას ითხოვს, რაც არ მისცემს აქციონერებს საშუალებას, რომ გაყიდონ საკუთარი წილი ტელეკომპანიაში. ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს საბოლოო ვერდიქტამდე მისი კლიენტი „რუსთავი 2“–ის ქონების დაყადაღებასაც შეეცდება. 
 
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ყადაღა დაედო „რუსთავი 2“–ის კუთვნილ მანქანებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია ვერ შეძლებს მანქანების გაყიდვას, ან გაქირავებას, თუმცა სხვა მხრივ შეძლებს მათ გამოყენებას.
 
„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხალვაში, რომლის დაც, ფატი ხალვაში, კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატია, მთავრობის დაკვეთით მოქმედებს.

გვარამიამ, რომელსაც 2009 წლის ბოლომდე, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა ეკავა, 5 აგვისტოს განაცახდა: „ირაკლი ოქრუაშვილის მტაცებელი ქოფაკი, ქიბარ ხალვაში რომ სხვას რამის მიტაცებაზე ედავება, უკვე ძალიან სასაცილოა და ცინიკური“.
 
„რა თქმა უნდა, ეს არ არის ქიბარ ხალვაშის თამაში. თავისთავად ცხადია, ეს არის ხელისუფლების თამაში, რომელიც ნამდვილად შეპყრობილია ბოლო პერიოდში ტოტალიტარული შიზოფრენიით“, – განაცხადა მან. „რუსთავი 2–ს შეუტიეს ყველა მხრიდან, არსაიდან არაფერი არ გამოვიდა და ბოლო ‘კოზირი’ არის ქიბარ ხალვაში. როგორც სხვა მხარეებიდან არ გამოვიდა, არც ეს გამოვა. "რუსთავი 2" იდგება მყარად საკუთარი ინტერესების და ქართული დემოკრატიის დასაცავად“.
 
მან ასევე განაცხადა, რომ ხალვაშს ამჟამინდელ მფლობელებთან სამართლებრივი დავის მოგების „ნულოვანი შანსები“ აქვს. გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აქციების დაყადაღების თაობაზე უკვე არსებულ ვითარებას დიდად ვერ შეცვლის, რადგან აქციათა 9%-ის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე ისედაც „ბლოკავს“ ნებისმიერ ასეთ გარიგებას. ნინო ნიჟარაძე გოგი გეგეშიძის მეუღლეა, რომელიც შარშან მარტში გარდაიცვალა; 2009-2012 წლებში გეგეშიძე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი იყო და აქციათა 9%-ს ფლობდა. 
 
ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე განაცხადა, რომ ხალვაშის უკან ხელისუფლება დგას.
 
„რუსთავი 2–ის წინააღმდეგ კამპანია ბუმერანგად დაუბრუნდება ხელისუფლებას და იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ამ მთავრობისთვის“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტი უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
 
„ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა თავისუფალ მედიას „რუსთავი 2“–ის სახით... მე ვფიქრობ, რომ ეს არის გამოწვევა არა მხოლოდ „რუსთავი 2“–ისთვის, არა მხოლოდ ოპოზიციური ძალებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. „რუსთავი 2“–ის წინააღმდეგ ბრძოლას ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი წააგებენ“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა. 
 
მთავრობა ამ საქმესთან კავშირს უარყოფს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 8 აგვისტოს განაცხადა: „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი მედიის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ყველამ ნახა ამ სამი წლის განმავლობაში, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიას და ის დღეს აბსოლუტურად თავისუფალია – სხვა განზრახვა რომ ჰქონოდა ჩვენ მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა.“
 
„რაც შეეხება ამ კონკრეტულ დავას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ გარდა იმისა, რომ შემიძლია აღვნიშნო, რომ როგორც პრემიერ–მინისტრი და როგორც მოქალაქე, ვარ მომხრე ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის, თუმცა ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა და მე ვფიქრობ, რომ ამას სასამართლო გადაწყვეტს. ასე რომ, ამაში მთავრობის როლი არის ნულის ტოლფასი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
 
„მე არავითარი ინფორმაცია არ მაქვს, გარდა იმისა, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ ბატონი ქიბარ ხალვაში მიმართავს სასამართლოს, რომ თავისი დარღვეული უფლებები აღიდგინოს. ვერაფერს დავამატებ გარდა იმისა, რომ მე ვარ მომხრე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
 
ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს, რომ „რუსთავი 2“–ის გარშემო დავა „პოლიტიკური ქულების ჩაწერის ასპარეზად“ არ გამოიყენონ.
 
„საკითხის პოლიტიზირება დააზარალებს პირველ რიგში მედია საშუალებას და იქ მომუშავე ჟურნალისტებს. ჩვენ ვედავებით კომპანიის ნომინალურ მფლობელებს, რომლებზეც წილები ფორმალურად არის რეგისტრირებული და არა შემოქმედებით კოლექტივს, რომლის პროფესიონალიზი ეჭვს არ იწვევს. ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში პირობას დებს, რომ ჟურნალისტებს, მთელ შემოქმედებით გუნდს, გარანტირებული ექნებათ საქმიანობის  საუკეთესო პირობები, სრული ჟურნალისტური თავისუფლება და სარედაქციო ჩაურევლობა“, – განაცხადა ხალვაშის ადვოკატმა და მოუწოდა ადგილობრივ და საერთაშორისო უფლებადამცველ ჯგუფებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს უცხოელ დიპლომატებს, რომ თვალყური ადევნონ ამ საქმეს, „მიგვაჩნია, რომ მათი ჩართულობა იქნება გარანტია პროცესის გამჭვირვალობისა და სამართალწარმოების მიმდინარეობისას პოლიტიკური ზეწოლისა და სპეკულაციებისგან თავის დასაცავად“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32