Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სტოლტენბერგი: ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს ხელშესახები შედეგები აქვს
Civil Georgia, Tbilisi / 27 აგვ.'15 / 14:54

  • "მეტი საქართველოა ნატოში და მეტი ნატოა საქართველოში";
  • "ერთობლივი ცენტრი ეხმარება ნატოს ყოფნის გაზრდას საქართველოში";
  • "ყველა ვალდებულება დროულად სრულდება";
  • გენმდივანმა რეფორმების გზაზე „აღსანიშნავი პროგრესის“ გამო საქართველო შეაქო;
  • "მთავრობა მართლაც ერთგულია ამ რეფორმების გზის გაგრძელების მიმართ".

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელიც თბილისს ამ რანგში პირველად სტუმრობს, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, თუ მომავალი წლის ნატოს ვარშავის სამიტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის დიდი ხნის სასურველ წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებასთან დაკავშირებით.

თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს უკვე აქვს „საჭირო ინსტრუმენტები, რათა განაგრძოს წევრობისკენ სვლა“ და ეს მექანიზმები „ხელშესახებ შედეგებს“ იძლევა.

„მეტი საქართველოა ნატოში და მეტი ნატოა საქართველოში“, - განაცხადა მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის  შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც წინ უძღოდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნას კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე.

ერთობლივი ცენტრი, მისი თქმით, „ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს“.

„ეს დაეხმარება საქართველოს და ქართულ ძალებს კიდევ უფრო ქმედითუნარიანი და თანამედროვე გახდეს. და ეს ასევე გააძლიერებს თანამშრომლობას ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის“, - აღნიშნა ნატოს გენმდივანმა და ხაზი გაუსვა, რომ ეს ცენტრი „საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს“.

წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსება თანამშრომლობის იმ „არსებითი პაკეტის“ ნაწილია, რომელიც ნატომ საქართველოს უელსის სამიტზე 2014 წლის სექტემბერში შესთავაზა.

სტოლტენბერგის განცხადებით, არსებით პაკეტს უკვე მოაქვს „ხელშესახები შედეგები“; მან ამ კონტექსტში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ივლისში გამართული ერთობლივი წვრთნები ახსენა და ასევე განაცხადა, რომ ნატოს ექსპერტები უკვე „ინტენსიურად მუშაობენ“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ქვეყნის თავდაცვის სისტემის რეფორმის ხელშესაწყობად.

„ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ერთობლივად ავიღეთ, სრულდება და თანაც დროულად“, - განაცხადა მან, „ყველა ეს ძალისხმევა ეხმარება საქართველოს უფრო ახლოს მივიდეს ნატოს წევრობისკენ თქვენს მისწაფებასთან“. 

რუსეთის შეშფოთების თაობაზე კითხვის საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა პრესკონფერენციაზე თავის შესავალ სიტყვაში ნათქვამი, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი „თავისი შინაარსით და ფორმით არანაირად არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ“.

„სასწავლო ცენტრის საქმიანობა არანაირად არ იქნება  მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. მეტიც, იგი იდგება რეგიონალური უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში. ეს ცენტრი თავისი შინაარსით და ფუნქციით ხელს შეუწყობს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. რაც მთავარია, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მათი პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ასე რომ, კიდევ ერთხელ მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ცენტრი არანაირად არ შეიძლება იქნა აღქმული, როგორც რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული“, - აღნიშნა მან.

„მე ასევე  მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობა აგრძელებს პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყნებთან და რუსეთთან ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს. ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული დიალოგი და ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ შევინარჩუნოთ ეს პრაგმატული, კონსტრუქციული მიდგომა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას „ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ვარშავის სამიტის კონტექსტში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების მომზადებაზე და განვიხილეთ ამ მიმართულებით გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები“. მართალია ღარიბაშვილს დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ხშირად აცხადებს, რომ საქართველოს ვარშავის სამიტზე ნატოსგან MAP-ის მიღება სურს.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ იმავე გადაწყვეტილებით, სანამ საქართველო წევრი გახდება, მანამდე მან MAP-ის ეტაპი უნდა გაიაროს. მას შემდეგ საქართველოს MAP-ზე უარს ეუბნებიან.

„ეს შუალედური ნაბიჯი [MAP] ვარშავის სამიტის შემდეგ უნდა გაქრეს“, - განაცხადა ხიდაშელმა გასულ კვირას ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში.

ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის შანსებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა: „მე არ შემიძლია წინასწარ ვიმსჯელო იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სამიტზე უნდა იქნას მიღებული“.

„მაგრამ რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ საქართველოს უკვე აქვს საჭირო ინსტრუმენტები წევრობისკენ პროგრესის მისაღწევად. ვხედავთ, რომ გაქვთ წინსვლა რეფორმების გზაზე და მე მივესალმები ამას - თქვენი პოლიტიკური სისტემის, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას; მესმის, რომ კიდევ მეტი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ მე ძალზედ შთაგონებული  და გამხნევებული ვარ იმ პროგესით, რაც ვნახეთ და ვფიქრობ, რომ მთავრობა მართლაც ერთგულია ამ რეფორმების გზის გაგრძელების მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ ნატოს გენერალურ მდივანსა და საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს შორის 27 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა MAP-ი იყო.

„რაც აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ არავითარ შემთხვევაში MAP-ი არ უნდა იქნას განხილული, როგორც ერთადერთი ინდიკატორი წინსვლის და პროგრესის. MAP-ზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის ნატო-ს უფრო მეტი აქტიური ყოფნა საქართველოში; გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მეტი ერთობლივი წვრთნები, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს [ნატო-სთან] უფრო მეტ თავსებადობამდე“, - განაცხადა დონდუამ.

რეფორმების გზაზე „აღსანიშნავი პროგრესის“ გამო საქართველოს შექების შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა: „მოუთმენლად ველი პროგრესის გაგრძელებას, როცა საქმე მივა საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებამდე“.

მან ასევე მადლობა გადაუხადა თბილისს ნატოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობის გამო, სადაც საქართველო თავისი კონტიგენტით მეორე უმსხვილესი წვლილის შემტანი ქვეყანაა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28