Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობაში ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები შეიცვალნენ
Civil Georgia, Tbilisi / 1 სექ.'15 / 11:45

  • კვირიკაშვილი ეკონომიკის სამინისტროდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად გადავიდა;
  • პრემიერი: ეკონომიკის განვითარების მიზანი ‘განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას’;
  • პრემიერი: ევროპული მიმართულება ‘რა თქმა უნდა, გაძლიერდება და გაგრძელდება’;
  • კვირიკაშვილი: ‘განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ ურთიერთობებზე’;
  • კვირიკაშვილი:  ‘ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი’;
  • ‘თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში, პროდასავლური მიმართულების გარდაც’.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ეკონომიკის მინისტრი იყო, საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად, ხოლო თბილისის ვიცე-მერს, დიმიტრი ქუმსიშვილს ეკონომიკის მინისტრის პოსტზე წარადგენს, 1 სექტემბერი, 2015 წელი. ფოტო: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია

გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც 2012 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ხელმძღვანელობდა, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა, შეცვალა რა ამ პოსტზე თამარ ბერუჩაშვილი.

კვირიკაშვილი ახალ რანგში ვიცე-პრემიერის პოსტს შეინარჩუნებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს მთავრობაში ცვლილებები გამოცხადების დროს.

დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრი გახდა და ამ პოსტზე მისი ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა. მარტში  ვიცე-მერად დანიშვნამდე, ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

„მთავრობა კონცენტრირებული არის ისეთ ეკონომიკურ განვითარებაზე, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და სარგებელი მოაქვს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და სწორედ ეს მიზანი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკას და შიდა ეკონომიკურ დღის წესრიგს“, - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა ახალ მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის წარდგენის დროს.

„ამიტომ, ამ ორი სფეროს კონსოლიდაცია ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა მან.

„მე მიმაჩნია, რომ ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იქნება ძალიან წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი ცოდნა და გამოცდილება დაგვეხმარება ისეთი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც კიდევ უფრო მჭიდრო კავშირში იქნება ჩვენს ეკონომიკურ პრიორიტეტებთან და ჩვენს ქვეყანას მეტ წარმატებას მოუტანს საგარეო მიმართულებით, ასევე ეკონომიკის პოლიტიკის გაძლიერებით. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გიორგი ამ ფუნქციას განსაკუთრებით ეფექტიანად შეასრულებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს “გამოკვეთილი ევროპული არჩევანი და ჩვენი ეს გზა, ეს მიმართულება, რა თქმა უნდა, გაძლიერდება და გაგრძელდება“.

„ამ მიმართულებით ვართ ლიდერები რეგიონში და გვაქვს უკვე ძალიან სერიოზული შედეგები, რასაც დღეს სტაბილური განვითარება სჭირდება“, - დასძინა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა  უკვე ყოფილ მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს გაწეული სამსახურისთვის და განაცხადა: „მე მინდა, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, ახალმა მინისტრმა გადაწყვიტოს, თუ სად  გააგრძელებს ქალბატონი თამარი მუშაობას“. 

კვირიკაშვილმა, რომელსაც მცირე საგარეო პოლიტიკური გამოცდილება აქვს, განაცხადა, რომ  „ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია იქნება უმთავრესი პრიორიტეტი“.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ასევე ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რათა ის ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომლებიც საქართველოს დასავლეთის ქვეყნებთან გააჩნია, ტრანსფორმირებული იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში  - ეს იქნება პირველი პრიორიტეტი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა.

„თუმცა ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში, პროდასავლური მიმართულების გარდაც, ეს არის, რა თქმა უნდა, აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ეს არის ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა მან.

კვირიკაშვილი, რომლის კარიერაც ფინანსურ და საბანკო სექტორთან იყო დაკავშირებული, ვიდრე ის 2012 წელს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნებოდა, 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი იყო ახალი მემარჯვენეებიდან; დეპუტატობის დროს ის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

კვირიკაშვილი 2006-2011 წლებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის  კუთვნილი „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი იყო.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართველ დიპლომატებს საგარეო საქმეთა ახალ მინისტრ ყოველწლიურ ამბასადორიალზე წარუდგენს, რომელიც თბილისში 2-4 სექტემბერს გაიმართება.

კვირიკაშვილის შემცვლელმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკის მინისტრად წარდგენის შემდეგ თავის გამოსვლაში „აღებული ეკონომიკური კურსის უწყვეტობის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ქუმსიშვილი 1999-2011 წლებში ივანიშვილის „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

მთავრობაში ამ ახალ დანიშვნებს პარლამენტის დამტკიცება არ სჭირდება. ეს პროცედურა მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როცა კაბინეტის 20 წევრიდან მესამედზე მეტი იცვლება. 

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს „ძალიან სწორი და გონივრული“ საკადრო ცვლილებები „ჩვენი მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14