Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეას მხარი დაუჭირა
Civil Georgia, Tbilisi / 24 სექ.'15 / 17:33

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 24 სექტემბერს მხარი დაუჭირა სამოქალაქო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ წარდგენილ წინადადებას პარლამენტში სავალდებულო კვოტირების შემოღების თაობაზე, რათა გაიზარდოს ქალთა წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში.

წინადადების მხარდაჭერის შემდეგ, პროცედურა ითვალისწინებს იმას, რომ კომიტეტმა განაგრძოს მუშაობა ამ საკითხზე კანონპროექტის ოფიციალური ინიცირებისთვის.

კომიტეტის ექვსმა წევრმა, მათ შორის თავმჯდომარემ,  ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ გაიზიარა წინადადება, რომ კანონმდებლობით დაწესდეს სავალდებულო კვოტირება და პარტიების საარჩევნო სიებში ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის, ხოლო გამოკლებული პარლამენტარის ადგილი დაიკავოს სიაში მომდევნო იმავე სქესის კანდიდატმა.

ეს წინადადება პარლამენტს შესთავაზა კოალიციამ „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს აერთიანებს და გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებს ლობირებს.

კოალიციის სურვილია, რომ როგორც პარლამენტის, ისე საკრებულოების არჩევნებისთვის პარტიულ სიებში ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის.

არსებული საარჩევნო სისტემით, 150–წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს 73 წევრი  ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში ირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი  პროპორციული წესით ნაწილდება. 

„ჩვენ ვითხოვთ 38 ქალს 150 პარლამენტარიდან და ეს არ არის ბევრი“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე წინადადების წარდგენისას საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საფარის" წარმომადგენელმა ბაია პატარაიამ, რომლის თქმითაც, სავალდებულო კვოტირებას, როგორც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელ „დროებით“ ზომას, საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს.

ამჟამად, პარლამენტში 17 ქალი დეპუტატია, რაც 150–წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს დაახლოებით 11.3%–ია. საკრებულოებში კი მთელი საქართველოს მასშტაბით არჩეული დეპუტატების მხოლოდ 11.6%-ს შეადგენენ ქალები.

იმავდროულად, პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატის ნანა ყეინიშვილის მიერ უკვე ინიცირებულია ცალკე ცვლილებების პროექტი საარჩევნო კოდექსში, რომელიც ასევე სავალდებულო კვოტირების სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

ამ ინიციატივის თანახმად, რომლის საპარლამენტო განხილვებიც ჯერ არ დაწყებულა, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატთა საარჩევნო სიის პირველ ხუთ ათეულში ყოველი მესამე განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა იყოს წარმოდგენილი, რაც 150-წევრიან პარლამენტში მინიმუმ 23 ქალის წარმოდგენას უზრუნველყოფს. ასეთივე პრინციპია გათვალისწინებული საკრებულოს კანდიდატთა პარტიული სიების პირველი ოცეულისთვის.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ პირადად ის 50%-იანი სქესთა ბალანსის შემოღებას ემხრობა, ასევე აღნიშნა, რომ კვოტირების საკითხი „არ არის მარტივი“ და მის ირგვლივ „კონსენსუსის“ მიღწევა იქნება საჭირო.

კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხს მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ბესელიას მოადგილის, ქართული ოცნების დეპუტატის გედევან ფოფხაძის სახით, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის ეს არ არის უფლებებთან დაკავშირებული თემა და პოლიტიკაში მოსვლისთვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი „პროფესიონალიზმი“ უნდა იყოს.

„არანაირი კვოტირება არანაირი ნიშნით არ არის მისაღები. ნებისმიერი ქალბატონისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს, რომ კვოტირებით მოხვდეს პარლამენტში“, - განაცხადა დეპუტატმა ფოფხაძემ, თუმცა როცა საკითხი კენჭისყრაზე დადგა, მას მხარი დაუჭირა.

დეპუტატმა გუგული მაღრაძემ ქართული ოცნებიდან განაცხადა, რომ „დროებითი სპეციალური ზომების“ შემოღება იმისთვის არის საჭირო, რომ საქართველოში არ არის სქესთა შორის „საწყისი თანაბარი პირობები“.

„ის, რომ შვედეთის ეკონომიკა დღეს და შვედეთის ცხოვრების პირობები არის მართლა შესაშური მთელ მსოფლიოში, ეს ძალიან დიდი პროცენტით არის იმის დამსახურება, რომ ქალი და მამაკაცი თანაბრად მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში  - თანაბრად იღებს ხელისუფლებასაც და თანაბრად იღებს პასუხისმგებლობასაც. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ეს [კვოტირება]- უკეთესი ცხოვრების მოწყობისთვის“, - განაცხადა მაღრაძემ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტში განხილვას პარლამენტის ოპოზიციონერი წევრები არ დასწრებიან, თუმცა სხდომაზე იმყოფებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც ასევე დაუჭირა მხარი სავალდებულო კვოტირების შემოღებას. მისი თქმით, ეს სულ ცოტა იმისკენ უბიძგებს, რომ პარტიებს სიების შედგენისას გაუჩენს ვალდებულებას, რომ  „ეძიონ კომპეტენტური ქალი კანდიდატები“.

პარლამენტში თავის ყოველწლიურ გამოსვლაში მარტში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაიმეორა თავისი მხარდაჭერა კვოტირების სისტემის დანერგვის მიმართ.

თბილისში მარტში ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მართალია, ზოგადად, ის რაიმე სავალდებულო კვოტირების შემოღების წინააღმდეგია, მაგრამ „მინდა მოგახსენოთ, რომ მე ვარ თანასწორობის მომხრე და თუ ვხედავ, რომ თანასწორობა ვერ მიიღწევა კვოტების გარეშე, მე მაშინ ვხდები კვოტების მომხრე“.

თუმცა, უსუფაშვილმა ასევე ივარაუდა, რომ პარლამენტში ამ ინიციატივის მხარდამჭერთა საკმარისი რაოდენობის მოპოვება ადვილი არ იქნება და დასძინა, რომ მის რესპუბლიკურ პარტიაშიც კი არ არსებობს ერთიანი პოზიცია კვოტირების სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით.

ამჟამად საქართველოს კანონმდებლობა ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც მეტ ქალს შეიყვანენ თავიანთ პარტიულ სიებში. თუმცა, სამუშაო ჯგუფმა „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში“ განაცხადა, რომ ეს წახალისება სრულიად არასაკმარისია გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38