Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ღარიბაშვილი: ნაციონალურ მოძრაობას ‘არ აქვს უფლება დარჩეს პოლიტიკაში’
Civil Georgia, Tbilisi / 22 ოქტ.'15 / 14:37


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე საუბრობს 22 ოქტომბერს; ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ასევე ჩანს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ფოტოზე.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა „დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“, რომელსაც პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვს და პარტიის წინააღმდეგ გამოხატული „აგრესია“ ბუნებრივია მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაღებული დაკავებულთა მიმართ  სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის მისამართით განაცხადა: „მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ“.

თავის ვრცელ განცხადებაში პრემიერ–მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრების დავაზეც გააკეთა კომენტარი და ასევე განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ „ პროვოკაციას“ თავი უნდა დაანებოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გააფრთხილა, რომ ეს ოპოზიციური პარტია იმას მიიღებს ხალხისგან, რასაც „იმსახურებენ“. 

„გუშინაც გავრცელდა ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოები, სადაც ჩანს ყველაფერი ცხადად, თუ როგორ ექცეოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, საკუთარ მოქალაქეებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მე მინდა საზოგადოებას შევახსენო ძალიან მოკლედ ეს ისტორია. ამ კადრებში აღწერილი არის საშინელი წამება. მსხვერპლები არიან ჩვეულებრივი ადმიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელში, სამეგრელოში, მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ არასოდეს. მე ვიცი ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც სახლიდან ღამის სამ საათზე მოიტაცეს, მას ჰყავდა სამი თვის ორსული მეუღლე, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ სახლში, მუცელიც მოეშალა იმ ქალს, წაიყვანეს ეს კაცი აწამეს ისე, როგორც თქვენ ნახეთ ამ ვიდეოში და შემდეგ იმის გამო, რომ მას ვერ აღიარებინეს თუ ვერ ააღებინეს საკუთარ თავზე არჩადენილი, შეუმდგარი დანაშაული, სხვა მიზეზით - ნარკოტიკების ჩადებით  გაასამართლეს“, - განაცხადა მან. 

„ამას რატომ ვყვები ახლა მე, რა თქმა უნდა, არ მინდოდა ამ საკითხს მივბრუნებოდი და კიდევ ერთხელ შემეხსენებინა საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს დღეები მე მესმის შეფასებები იგივე ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებიგან, მათ კიდევ აქვთ რაღაც პრეტენზიები“, - განაცხადა მან.

„და მე მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას. ამ ადამიანებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რომ საზოგადოებას ელაპარაკონ ისეთი ენით, როგორითაც ელაპარაკებიან. იმის მაგივრად, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მათ ყოველდღე ბოდიში მოეხადათ საზოგადოებისთვის მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის, ისინი კვლავაც აგრძელებენ უტიფრად საზოგადოების შეურაცხყოფას, ქართველი ხალხის შეურაცხყოფას და მცდელობას, რომ  შექმნან რაღაც არეულობა და ქაოსი“, - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

„ეს, რა თქმა უნდა, არის სრული აბსურდი. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს და რომლისთვისაც მისაღები არის ის, რაც ხდება ამ ვიდეოებში, ის წამება, ის გაუპატიურება და ის არაადამიანური მოპყრობა და მე ძალიან მაინტერესებს უბრალოდ  რამდენი ადამიანი არის საქართველოში, რომლებიც მხარს უჭერენ ასეთ დანაშაულებრივ, ასეთ სასტიკ საქმიანობას“.

„მე საერთოდ მიმაჩნია, როგორც მოქალაქეს, რომ ასეთ ადამიანებს არ აქვთ უფლება დარჩნენ პოლიტიკაში და ჩემთვის სააკაშვილი, მისი მთავრობა და მისი ლიდერები არიან იმ ნიღბიანი ადამიანის, რომელიც აუპატიურებს ადამიანებს ამ ვიდეოებში - ეს არის მათი სიმბოლო, ამ ორგანიზაციის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ჩემთვის მართლაც გასაკვირია - მე ამ დღეების განმავლობაში ვუსმენდი სხვადასხვა ექსპერტებს, ადამიანებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, რომლებიც აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, არა იმ მხილებულ ფაქტებზე, არამედ აქცენტებს აკეთებენ იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოების გავრცელება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ეს ვიდეოები სისხლის სამართლის საქმეს ერთვოდა და ასევე ხელმისაწვდომი იყო საქმეში ჩართული ადვოკატებისთვის.

„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ 21 ოქტომბერს შანტაჟის შესახებ გაკეთებულ ბრალდებებზე საუბრისას, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ბრალდებები, „პროვოკაციას გავს“.

„მე ასევე მოვისმინე „რუსთავი 2“-ის დირექტორის გაუგებარი განცხადება, თუმცა მე გუშინვე მქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან და ვიცი, რომ გუშინვე დაიწყეს ამ საქმის შესწავლა და ძიება“, - განაცხადა მან. 

„ეს, ერთი შეხედვით, გავს პროვოკაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ უნდა შეისწავლონ, გამოიძიონ ამ ადამიანს თუ ვინმე მართლა რაღაც ვიდეოთი ემუქრებოდა, ჯობია ჩვენც ვიცოდეთ. თუმცა მე ვერ შევატყვე, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე პირადად, რომ მას [გვარამიას] რაიმე დასამალი აქვს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შემდეგ მან კომენტარი გააკეთა „რუსთავი 2“–ის საკუთრების დავაზე, რომელსაც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. პრემიერ–მინისტრმა განახადა, რომ მოსარჩელე ქიბარ ხალვაშმა, რომელიც „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელია და რომელიც მაუწყებელში საკუთარი წილის დაბრუნებას ცდილობს, სამართალს ვერ მიაღწია და ვერ აღიდგინა საკუთარი უფლებები „წართმეულ ქონებაზე“ მთავრობის დახმარებით, ვინაიდან ამჟამინდელი ხელისუფლება არ ერევა მედიასთან დაკავშირებულ საქმეებში.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი პრინციპი არ იცვლება. ეს არის მედიის თავისუფლება, ის რაც ხდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, მე კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავაფიქსირო, რომ ამაში მთავრობის ჩართულობა არის აბსოლუტურად გამორიცხული. ვიმეორებ, რომ ეს არის კერძო დავა ორ სუბიექტს შორის, სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მხედველობაში ჰქონდა რა ხალვაშის პოზიცია, რომ „რუსთავი 2“-ის რეალური მფლობელი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

„ქიბარ ხალვაშმა სამი წლის განმავლობაში ვერ მიაღწია ჩვენს მთავრობასთან, პირდაპირ ვაცხადებ ამას და ვაღიარებ, ამ კაცმა ვერ მიაღწია სამართალს, ვერ აღიდგინა დარღვეული უფლებები, წართმეული ქონება ვერ დაიბრუნა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ასე მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ მთავრობის ჩარევა ნებისმიერი ფორმით ისეთ საკითხებში, რომელიც უკავშირდება მედია საქმიანობას, არის ყოვლად მიუღებელი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენი ჩართულობა ამ საქმეში არის აბსოლუტურად გამორიცხული. ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებ, რომ დამოუკიდებელ, თავისუფალ სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და ამის შემდეგ მხარეებს ექნებათ უფლება და საშუალება, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდ და სტაბილურ გარემოს ყველგან  და არცერთ მხარეს არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის საშუალებას“, - განაცხადა მან.

„რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა 21 ოქტომბერს, რომ ის სასამართლოს ნებისმიერი იმ განაჩენის აღსრულებას შეეწინააღმდეგება, თუ ის მაუწყებლის მფლობელის შეცვლას შეეხება.

„მე მითხრეს, რომ სასამართლოსთან ასევე აპირებენ გარკევულ პროვოკაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა მხედველობაში ჰქონდა რა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიმდინარე აქცია, რომელიც 22 ოქტომბერს სასამართლო სხდომის პარალელურად იმართება „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად.

„მე ვიცი, რომ ამაზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ, თითქოს  ე.წ. „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერები, რეალურად ნაციონალური მოძრაობის სადისტები და მხარდამჭერები აპირებენ შეკრებას, ბავშვების მიყვანას და შემდეგ რაღაც პროვოკაციის მოწყობას“, - განაცხადა მან.

„მე ვაფრთხილებთ ყველას, ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციას; ბოლო შანსი გაქვს თქვენ ყველას, მე ვგულისხმობ, ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ  პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ, რა თქმა უნდა, ისინი კანონს გადავლენ და კანონს დაარღვევენ, არამედ ხალხისგან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა მათ ვერ დააფასეს, ჩვენგან ვერ დააფასეს ადამიანური მოპყრობა, ამიტომ კიდევ ერთხელ მსურს განვაცხადო, რომ დღეს საქართველო არის და ჩვენი სახელმწიფო არის იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ და ნურავის ნუ ექნება განცდა იმისა, რომ ასეთ სადისტებს, ასეთ არაადამიანებს, რომლებიც ალბათ ორმოცდაათი-ასი კაცია დარჩენილი სულ  - და მაინტერესებს რამდენია დარჩენილი და გამოვიდნენ და ვნახოთ  - ნუ ექნებათ განცდა, რომ ასეთ ადამიანებს სახელმწიფო რაიმეს უფლებას მიცემს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„და კიდევ მოგიწოდებთ ყველას, სხვათაშორის მოვისმინე ექსპერტების შეფასებები, არასამთავრობო  ორგანიზაციების შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კადრების გავრცელება არის ცუდი. კი ბატონო, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს არის ცუდი. საზოგადოებამ ნახა შოკისმომგვრელი ვიდეოები. ორი წლის წინ ეს საქმე, ჩემი [შინაგან საქმეთა] მინისტრობის დროს იქნა გამოძიებული ჩვენს მიერ, ჩვენ მაშინ შეგნებულად გადავწყვიტეთ, რომ ამ ვიდეოების გავრცელება  არ შეიძლებოდა იმისათვის, რომ არ გამოწვეულიყო რაღაც  საყოველთაო აგრესია ისევ ნაციონალების მისამართით.  ჩვენ ისევ ეს ადამიანები დავიცავით რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ჩვენ, დიახ, ორი წლის წინ დავიცავით, ადამიანურობა გამოვიჩინეთ კიდევ ერთხელ, მაგრამ ახლა იმის გამო, რომ როგორც ჩანს მათ შიგნით გუნდში აქვთ სერიოზული არეულობა გარკვეული კომერციული ინტერესების გამო, ისინი ავრცელებენ ამ ვიდეოებს თავად, ჩემი ინფორმაციით, ასეთი რამ ხდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„ასე რომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს კიდევ ერთხელ საბოლოოდ და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რასთან გვქონდა ჩვენ საქმე წლების განმავლობაში, რომ ეს არ იყო რაღაც მოგონილი ისტორიები, რომ ეს არ იყო დადგმული ისტორიები. ეს არის რეალური ისტორიები. ეს არის რეალური გამოძიების შედეგად დადგენილი ისტორიები. და მე ძალიან მაინტერესებს უბრალოდ, მივმართავ ისევ ამ პატივცემულ ადამიანებს, ეს მსხვერპლი, რომ ყოფილიყო, რომელიც ამ ვიდეოებში ფიგურირებს, მათი ოჯახის წევრი, მათი ახლობელი, მათი მეგობარი, მაინტერესებს მაშინ როგორ შეფასებას გააკეთებდნენ. მაშინ მთავარი აქცენტი იქნებოდა იმაზე როგორ მოხდა ამ ვიდეოს გავრცელება, თუ იმ საშინელებაზე, რაც ხდება ამ ვიდეოში. მე მაქვს იმედი, რომ სამართლიანობის შეგრძნება ყველას გვაქვს და ჩვენ სიმართლე უნდა ველაპარაკოთ ხალხს“, - განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, საზოგადოება არის აღშფოთებული, მე მესმის ძალიან კარგად და შოკირებული არის იმ ვიდეოების ნახვით, რომლებიც ამ დღეებში გავრცელდა მედია საშუალებებით. და, რა თქმა უნდა, მე მესმის მათი ეს აგრესია და მათი რეაქცია. ყოველდღე მიდის ნაციონალური მოძრაობის ოფისების დახურვა თუ აგრესიის მიტანა. ეს რეაქცია არის ჩემთვის გასაგები და ბუნებრივი. ნებისმიერ ადამიანს ასეთი რეაქცია გაუჩნდებოდა ამ კადრების ნახვის შემდეგ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„ამის მიუხედევად, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ წესრიგი და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს ამ პროტესტის გამოხატვაც და ეს რეაქცია არ უნდა გადავიდეს კანონს მიღმა. ეს მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან. 

„თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ დემოკრატიულ გარემოს, სივრცეს და ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა. ამით, რა თქმა უნდა, მე არ ვახალისებ არც ძალადობას, თუმცა მეორეს მხრივ, მე არ მაქვს უფლება ავუკრძალო ადამიანებს გამოხატვის უფლება და თავისუფლება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11