Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სასამართლომ „რუსთავი 2“–ის საქმის განხილვა 30 ოქტომბრისთვის გადადო
Civil Georgia, Tbilisi / 29 ოქტ.'15 / 14:24

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრების დავას განიხილავს, საქმის მოსმენა პარასკევს დილამდე გადადო.

ქიბარ ხალვაშმა, რომელიც 2004–2006 წლებში ტელეკომპანიის თანამფლობელი იყო, სამოქალაქო დავა სასამართლოში აგვისტოში დაიწყო და თავის სარჩელში აცხადებს, რომ 2006 წელს ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ტელეკომპანიის გაყიდვა აიძულა.

„რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა უთხრეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს ხუთშაბათს დაწყებულ სასამართლო პროცესზე, რომ მათ სხდომის გადადება სურდათ, რათა მისცემოდათ საკმარისი დრო არგუმენტების მოსამზადებლად იმ ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელიც მოწმემ წინა დღეს მისცა სასამართლოს.

მოსარჩელის ადვოკატებმა, რომლებიც სხდომის გადადების წინააღმდეგ იყვნენ, მოპასუხე მხარე პროცესის გაჭიანურების მცდელობაში დაადანაშაულეს.

თუმცა მოსამართლემ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ადვოკატების თხოვნა და სხდომა 30 ოქტომბრისთვის გადადო.

28 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე სასამართლომ  2005–2006 წლებში „რუსთავი 2“–ის წილების ღირებულების შეფასების ანგარიში მოისმინა და ამ საკითხზე ის ექსპერტი დაკითხა, რომელმაც ეს ანგარიში მოამზადა. ამ ანგარიშით, რომელიც მოსარჩელემ მტკიცებულების სახით წარადგინა, ხალვაში იმის ჩვენებას ცდილობს, რომ მას ცხრა წლის წინ ბევრად უფრო იაფად მოუწია „რუსთავი 2“-ის წილების გაყიდვა, ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო.

შეფასების დოკუმენტი მოსარჩელის დაკვეთით საქართველოს სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა, შოთა ივანაშვილმა მოამზადა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ნაშთების საფუძველზე. ექსპერტმა უთხრა სასამართლოს, რომ შეფასება აქტივების შემოწმების მეთოდის გამოყენებით განხორციელდა,  რაც ბიზნესის ღირებულების შეფასების სამიდან ერთ-ერთი მეთოდია. ექსპერტის თქმით, ამ მეთოდის გამოყენება ყველაზე რელევანტური იყო იმ პირობებში, როცა მას შესაფასებლად კომპანიის არასრული ფინანსური მონაცემები ქონდა.

ოთხშაბათის მოსმენაზე ექსპერტის თითქმის სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, „რუსთავი 2“–ის ადვოკატები ამაოდ ეცადნენ, რომ მის მიერ მომზადებული მტკიცებულება ძალადაკარგულად გამოეცხადებინათ იმ საფუძვლით, რომ ის საეჭვო ბუღალტრულ ნაშთებს ეფუძნებოდა; მოპასუხე მხარე ასევე აცხადებდა, რომ ანგარიში საერთაშორისო შეფასების სტანდარტების დაცვით არ ყოფილა მომზადებული. ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

28 ოქტომბრის მოსმენაზე „რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა კვლავ დააყენებს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების საკითხი და ის მოსარჩელის სასარგებლოდ მიკერძოებაში დაადანაშაულეს. ურთმელიძემ უთხრა მოპასუხეებს, რომ მოსამართლის აცილებაზე მათი მრავალგზის მოთხოვნა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას გავს.

გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 9-საათიანი კურიერის პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებაში მოსამართლე თამაზ ურთმელიძე „სამართლიანი სასამართლოს უფლების“ ჩამორთმევაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მოსამართლე ხელისუფლებამ „დაიქირავა“, რათა მან ხალვაშის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება და მაუწყებლის მფლობელის შეცვლით გააჩუმოს ოპოზიციური არხი. გვარამიამ 28 ოქტომბერს საღამოს ასევე დაადანაშაულა მოსამართლე „ნაჩქარევ“ სამართალწარმოებაში, რომელმაც, მისი თქმით, არ მისცა „რუსთავი 2“–ის ადვოკატებს საკმარისი დრო თავისი არგუმენტების მოსამზადებლად, რადგან სხდომა 29 ოქტომბრის დილისთვის დანიშნა. ეს სხდომა, როგორც ცნობილია, მოპასუხე მხარის შუამდგომლობით უკვე გადაიდო.

28 ოქტომბერს, როცა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი სხდომის გადადების თაობაზე, გვარამიამ მოსალოდნელი სასამართლო პროცესის პარალელურად მხარდამჭერებს „რუსთავი 2“-ის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა

„დადექით ჩვენს გვერდზე ხვალ 1 საათიდან... არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის რისკი – უკვე პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ მოსამართლე ურთმელიძე გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას – არამედ არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყონებლივ იქნება მიქცეული აღსასრულებლად და ჩვენს ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს“, – განაცხადა გვარამიამ ოთხშაბათს საღამოს და დასძინა, რომ სპეცრაზმი გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე და მათ შესაძლებელია მიიღონ ბრძანება, რომლის „ობიექტი იქნება რუსთავი 2“.

მისი გამოსვლიდან ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უარყო გვარამიას განცხადება  და მას „სრული სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“ უწოდა.     

„გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას“, – განაცხადა შსს–მ, „მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“.

თავის სატელევიზიო მიმართვაში, გვარამიამ ასევე უთხრა მაყურებლებს: „ჩვენ არ დაგვიჭიროთ მხარი; მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს, საკუთარი შვილების მომავალს... უახლოეს დღეებში წყდება ამ ქვეყნის მომავალი... ამ ქვეყნის ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს ვთხოვთ დახმარებას ამ საქმეში, მათ შორის მათაც, ვისთვისაც „რუსთავი 2“ არ არის მოსაწონი სხვადასხვა მიზეზების და გარემოებების გამო; საკითხი არ ეხება „რუსთავი 2“–ს, საკითხი ეხება ქვეყნის მომავალს“.

„სასამართლო ჩვენთვის ყრუა, სასამართლო ჩვენთვის ბრმაა. ჩვენ არ ვიმყოფებით სასამართლო პროცესზე, ჩვენ არ გვყავს მოსამართლე. ჩვენ საქმეს იხილავს დაქირავებული ზონდერი, რომელიც აუცილებლად და უტყუარად წარსდგება სასამართლოს წინაშე და პასუხს აგებს ყველა თავისი ქმედებისთვის“, – განაცხადა გვარამიამ.

მან გაიმეორა, რომ „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავემორჩილებით“, თუ მოსამართლე ქიბარ ხალვაშიც სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ ამ გადაწყვეტილებას დაუყონებლივ აღსრულების ორდერი მოყვება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11