Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„რუსთავი 2“–ის მფლობელები უარყოფენ დროებითი მმართველების შემოთავაზებას
Civil Georgia, Tbilisi / 9 ნოე.'15 / 13:03

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის 91%–იანი წილის მფლობელებმა უარი თქვეს სასამართლოს მიერ დანიშნული დროებითი მმართველების შემოთავაზებაზე და განაცხადეს, რომ  „ხელისუფლების მიერ დანიშნულ პოლიტიკურ ცენზორებთან“ „არაფერი გვაქვს სალაპარაკო“.

სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს დანიშნულმა „რუსთავი 2“–ის დროებითმა მმართველებმა ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს შესთავაზეს დაესახელებინათ „ნებისმიერი“ პირი, რომელსაც ისინი ტელეკომპანიის მართვის საკითხებში სრულ უფლებამოსილებას მიანდობდნენ. მათი თქმით, ეს წინადადება მიზნად ისახავდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაში იმ ვაკუუმის აღმოფხვრას, რომელიც სასამართლოში „რუსთავი 2“–ის საკუთრებაზე დავის შესახებ პროცესის მიმდინარეობის ფონზე შეიქმნა.

„ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცენდენტო რეაქციის ფონზე, კონსტიტუციური სივრციდან მთლიანად გასულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ დროებით უკან დაიხია და მესამე პირების სახელით შემოგვთავაზა დაგვესახელებინა ჩვენთვის მისაღები კანდიდატი, რომელსაც ე.წ. "დროებითი მმართველები" მიანიჭებდნენ "სრულ უფლებამოსილებას" ტელეკომპანიის მართვასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია „რუსთავი 2“–ის მფლობელების, ძმებ გიორგი და ლევან ყარამანიშვილების წერილობით განცხადებაში, რომელიც შაბათს საღამოს გამოქვეყნდა.

„ივანიშვილის ხელისუფლება“ მინიშნებაა იმ ბრალდებებზე, რომ ხელისუფლებას ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად აკონტროლებს. ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელს, რომელიც ტელეკომპანიაში საკუთარი წილის დაბრუნებას ითხოვს, „რუსთავი 2“ და ბევრი ოპოზიციური პარტია მთავრობის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ გეგმად მიიჩნევენ, რაც ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას და გაჩუმებას ისახავს მიზნად.

„ამ შემოთავაზებაში ისევე, როგორც "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად მიმდინარე შეტევის ყველა სხვა დეტალში, ნათლად ჩანს რუსული პოლიტიკური მენტალობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი, როცა მხარე, რომელიც თავად არის პრობლემის ერთადერთი წყარო, გამოხატავს, ვითომდა, დახმარების სურვილს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. ჩვენი ხალხი არაერთხელ გამხდარა ასეთი ცინიზმის მსხვერპლი, თუნდაც ჩვენ მშობლიურ აფხაზეთში“, – ნათქვამია ყარამანიშვილების განცხადებაში, რომლებიც ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ახლობლებად მიიჩნევიან.

„ბუნებრივია, არ ვაპირებთ ხელისუფლების მიერ საქართველოს კონსტიტუციის გვერდის ავლით დანიშნული პოლიტიკური ცენზორების ლეგიტიმაციას მათთან თანამშრომლობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია ყველა კანონიერი საშუალება, "რუსთავი 2"-ს მოუხსნას ის პრობლემა, რომელიც მან თავად შექმნა. ჩვენ კი ვაგრძელებთ ბრძოლას ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი, სამართლებრივი გზით“, – აცხადებენ ტელეკომპანიის მფლობელები.

დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი ტელეკომპანიის დროებით მმართველებად სასამართლოს 5 ნოემბრის სადავო გადაწყვეტილების შედეგად დაინიშნენ.

განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ გამოიტანა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც სასამართლოს გზით ტელეკომპანიაში საკუთარი წილების დაბრუნებას ცდილობს; პირველი ინსტანციის სასამართლოში მან საქმე მოიგო, თუმცა ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელები სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავენ.

5 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსამართლემ „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილებები შეუჩერა.

„რუსთავი 2“–ის ადვოკატები მმართველების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებასაც გეგმავენ.   

გვარამიამ, რომელმაც დაგმო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც უკანონო, განაცხადა, რომ ის არ დაემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ გამოვა საკუთარი კაბინეტიდან.

თუმცა, კომპანია ვერცერთ იმ ქმედებას ვერ განახორციელებს, რასაც მისი მმართველების ნებართვა სჭირდება, რადგანაც გვარამიასაც და დამენიასაც უფლებამოსილება აქვთ შეჩერებული, ხოლო დროებით მმართველებს თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება პრაქტიკულად არ შეუძლიათ  – შექმნილ სიტუაციას, როგორც ორივე მხარე აღიარებს, შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ტელეკომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8