Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს
Civil Georgia, Tbilisi / 10 ნოე.'15 / 18:24

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე სასამართლოში ერთმანეთს ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები და ნაციონალური მოძრაობა ედავებიან და სიტყვის თავისუფლების დაცვა აქ არაფერ შუაშია, რის წარმოჩენასაც, მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში და მათი შეცდომაში შეყვანის გზით ცდილობს.

მან უარყო ბრალდებები „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების ჩართულობის შესახებ და განაცხადა, რომ „მე თუ ამ პროცესებს ვმართავდი ან მთავრობა, მაშინ იმდენი ჭკუაც გვეყოფოდა“, რომ მოსამართლეს არ მიეღო გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე და „ამდენი აჟიოტაჟის საშუალება არ მიგვეცა“, რაც „პოლიტიკურად ძალიან გვაზიანებს“.

ივანიშვილის განცხადებით, მართალია კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებს არ გაცდენია, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, რასაც პასუხი უნდა გასცენ ზემდგომმა ინსტანციებმა, რათა „აღარ დარჩეს არავითარი ეჭვი“.

„მე არ ვარ შემფასებელი და არც კი შევეცდები შევაფასო სასამართლოს გადაწყვეტილება. კითხვები? კითხვები არსებობს ჩემი მხრიდანაც. ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ არა ჩვენ და პოლემიკაში შევიდეთ ერთმანეთთან ტელევიზიების წინ, არამედ ისევ სასამართლომ“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს 10 ნოემბერს მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამართული ღონისძიების შემდეგ.

„პოლიტიკურად არავინ არ არის მთავრობაში დღეს ისეთი ბრიყვი - და მითუმეტეს ჩემზე მიანიშნებენ ყველაზე მეტს, რომ ამის ჭკუა არ მყოფნიდა, რომ ასეთი კოზირი არ უნდა გადამეგდო მაგათთვის  - ზეპირი მოსმენის გარეშე მმართველის დანიშვნა. მაგრამ აქვე ხაზს ვუსვამ, არ იფიქროთ რომ მე სასამართლოს ვაკნინებ. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა,   წამგებიანი იყო, მაგრამ სამართლებრივად ჯერ არავის არ დაუსაბუთებია, რომ ურთმელიძემ კონსტიტუცია დაარღვია და თუ ვინმეს არ მოწონს  ურთმელიძის გადაწყვეტილება და პოლიტიკურად ეს ძალიან გვაზიანებს, მე არ ვმალავ... ამისთვის არსებობს ისევ სასამართლო და მხოლოდ სასამართლო“, - განაცხადა მან.

„შემდგომმა ინსტანციებმა უნდა მოახერხონ და ამაზე პასუხი უნდა გასცენ საზოგადოებას და აღარ უნდა დარჩეს არავითარი ეჭვი“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

თუმცა მან ისიც თქვა, რომ მეორეს მხრივ, ტელეკომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნის მოთხოვნაში, რაც სასამართლოს წინაშე ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა დასვა, ასევე „ვერ ჩაერეოდა“ მთავრობა.

„მათ აქვთ აბსოლუტურად კანონიერი უფლება, რომ მათ იდავონ საკუთრებაზე, რომელიც წაართვეს, წაგლიჯეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

„ერთ მხარეს არის დავით დვალი და ქიბარ ხალვაში, მეორე მხარეს გახლავთ გვარამია გამოკვეთილად და მთელი ნაციონალური მოძრაობა. მეპატრონეები, ყარამანიშვილები ბოლოს მოქოქეს, მაგრამ  ვერ მოქოქეს“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

„დავით დვალი და [ჯარჯი] აქიმიძე გახლავთ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები თავის დროზე, მათ დიდი წვლილი აქვთ ამ ტელევიზიის შექმნაში; იმის შემდგომ მათ მოექცნენ ძალიან უხეშად, პრეტენზია აქვთ, რომ წაართვეს ტელევიზია; შემდეგ [მეპატრონე] გახლდათ ხალვაში - ხალვაშიც კარგად იცით პირდაპირი მნიშვნელობით, არათუ მარტო ტელევიზია,  მას დაუწვეს ყველაფერი და კაცმა გაასწრო საზღვარგარეთ და მეორე მხარეს ისევ გავიხსენოთ გვარამია და მისი ბიოგრაფიაც, რა კავშირი აქვს მას „რუსთავი 2“-თან. ის გახლდათ მთავარი პროკურორის მოადგილე“, - განაცხადა მან.

ქიბარ ხალვაშმა სასამართლო დავა „რუსთავი 2“-ში წილების დასაბრუნებლად აგვისტოში დაიწყო. 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ეს დავა ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა, თუმცა განაჩენის დაუყოვნებლივი აღსრულების თეორიული შესაძლებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამორიცხა და „რუსთავი 2“-ის 91%-იანი წილის მფლობელებმა ლევან და გია ყარამანიშვილებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მეგობრებად მიიჩნევიან, განაცხადეს, რომ დავას სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებში გააგრძელებენ.

ამის შემდეგ, ისევ მოსამართლე ურთმელიძემ 5 ნოემბერს ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობით გამოიტანა ახალი განჩინება „რუსთავი 2“-ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის შესახებ, რის შედეგადაც გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ და ისინი შესაბამისად, რევაზ საყევარიშვილმა და დავით დვალმა უნდა შეცვალონ. თუმცა გვარამია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის დატოვებას არ აპირებს, ხოლო დროებითი მმართველები ამ ფონზე თავიანთი მოვალეობების შესრულებას არ ჩქარობენ. ამ ვითარებას კი შეუძლია უარყოფითი გავლენა იქონიოს ტელეკომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე. იმავდროულად, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები „რუსთავი 2“-ის შენობასთან, სადაც კარვებია გაშლილი, მუდმივად მორიგეობენ ტელეკომპანიის დაცვის მიზნით.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ამ სიტუაციაში საზოგადოება პირობითად ორად არის „გახლეჩილი“. ერთ მხარესაა „ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების“, რომელიც, მისი თქმით,  აღშფოთებულია „ამ ცინიზმის მაქსიმუმით, პიკით“, რაც უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის მცდელობას, რომ სამართლებრივი დავიდან ყურადღება გადაიტანოს და წარმოაჩინონ ისე, რომ „თუ მათ არ მართეს ტელევიზია, საქართველოს საშინელება ემუქრება“; მეორე მხარეს კი, ივანიშვილის თქმით, არის „გაცილებით უფრო მცირე 200-დან 2000 კაცამდე“, რომლებიც მიიჩნევენ,  რომ „ეს ჭეშმარიტად არის ბრძოლა თავისუფალი მედიისთვის და თავისუფალი სიტყვისთვის“.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ურყოფით საერთაშორისო რეაქციებზე, რაც „რუსთავი 2“-ის საქმეს მოყვა და განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის უცხოელებისთვის „ცრუ ინფორმაციის“ მიწოდებაში, რაზეც „ჩვენ გვიწევს პასუხების გაცემა“.

„ჩვენ ნუ გვექნება რეაქცია და აგრესია ნურც ევროპელებზე და ნურც ამერიკელებზე, ნურც დიპლომატებზე მათ რიცხვში და ნურც ჟურნალისტებზე. მობილიზება ნაციონალურმა მოძრაობამ კარგად იცის და დღესაც ამას ახერხებენ და აწუხებენ გარეთ ჟურნალისტებსაც და დიპლომატებსაც“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ ყველა კითხვას უნდა გავცეთ პასუხი და მათ რიცხვში იმათაც, ვინც თქვენ დაასახელეთ - ევროპა და ამერიკა, საერთაშორისო მედია და ა.შ.“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ოპონენტები ავრცელებენ აზრს, რომ  „ძალიან ხშირად მათი [უცხოელი დიპლომატების] დაუსაბუთებელი განცხადება, რომელიც ერთი ერთზე იმეორებს ნაციონალური მოძრაობის პოზიციას, ჩვენ შეგვიძლია ვუარყოთ, უგულვებელყოთ ან უხეშად ვუპასუხოთ - არა, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენ აუცილებლად პატივი უნდა ვცეთ ყველა განცხადებას, აუცილებლად ყურად უნდა ვიღოთ“.

ივანიშვილმა თავის კომენტარში ასევე ახსენა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აუდიოჩანაწერები და განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას „რუსთავი 2“-ის დასაცავად „კარვები და ხელჩართული ომები უკვე მობილიზებული აქვთ. თქვენ ჩანაწერში ნახეთ, რომ ისინი ამისთვის ემზადებოდნენ“ და სურთ, რომ  „ლინჩის წესზე დაიყვანონ“ პროცესები.

„საბოლოო ჯამში ვერ მიაღწევენ ამას და ეს არ მოხდება“, - განაცხადა ივანიშვილმა  და დასძინა, რომ  „რაც უფრო დიდხანს მოიხმარს „რუსთავი 2“-ს ნაციონალური მოძრაობა, მით უფრო ღრმად წავა ქვემოთ“.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ „გვარამია და ეს ჯგუფი“ შეეცდებიან გამორთონ „რუსთავი 2“ ისევ იმისთვის, რომ „დააზიანონ მაქსიმალურად ხელისუფლება“.

„რუსთავი 2“ ჩემთვის, როგორც ტელევიზია და მთავრობის წევრებისთვის, ვისთანაც მქონია მე საუბარი, საინტერესოა სწორედ ასეთ ფორმაში, როგორიც დღესაა“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ტელეკომპანიის მხრიდან ოპონირების რეჟიმი არჩევნების მოგებას ხელს უწყობს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13