ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა 18 მაისს, რომ ივლისში ვარშავის სამიტზე ალიანსი აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რომ მზად არის განაგრძოს ქვეყნის პრაქტიკული მხარდაჭერა.
„მყარად მჯერა, რომ ნატოს სამიტი ივლისში აღიარებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს, და კიდევ ერთხელ გამოხატავს მზადყოფნას, რომ საქართველოს ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა და ასევე პრაქტიკული თანადგომა აღმოუჩინოს, იმუშაოს საქართველოსთან რეფორმების განხორციელებაზე, ინსტიტუტების მშენებლობაზე და გააძლიეროს საქართველოს შესაძლებლობა შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით“, – განაცხადა მან ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას საქართველოს შესახებ ჰკითხეს.
„ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ საქართველოს უფლების დაცვას, რომ საკუთარი გადაწყვეტილებები თავად მიიღოს, განვაგრძობთ რეფორმებზე მუშაობას და დავეხმარებით საქართველოს ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – დასძინა მან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ ნატოს სამიტი ვარშავაში, რომელიც 8–9 ივლისს იგეგმება, საქართველოსთვის წარმატებული იქნება, თუ ქვეყანა მიიღებს „დამატებით“ ინსტრუმენტებს, რომლებიც „მეტ თავდაცვისუნარიანობას“ და შეკავების მექანიზმებს უზრუნველყოფს არსებული საფრთხეების ფონზე. მან ასევე განაცხადა, რომ თებერვალში გამართულ ნატო–საქართველოს თავდაცვის მინისტერიალზე თბილისმა წარადგინა გეგმა, რომელშიც „დეტალურად არის გაწერილი“ ის ინსტრუმენტები, რომლებიც, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნატოს ვარშავის სამიტის დეკლარაციაში აისახება და განხორციელდება, საქართველოს უფრო უსაფრთხოს გახდის.