Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს და გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ბერლინში ვიზალიბერალიზაციაზე იმსჯელეს
Civil Georgia, Tbilisi / 8 ივნ.'16 / 19:29

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 8 ივნისს ბერლინში ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდა და  ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილა, რომელიც სავარაუდოდ, გადავადდება გერმანიის წინააღმდეგობის გამო.

ორივე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ევროპაში მიმდინარე სხვა მოვლენებისგან იზოლირებულად არ განიხილება  და ეს საკითხი სხვა ქვეყნების ვიზალიბერალიზაციის პროცესთან არის კავშირში.

ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ნორბერტ ლამერტმა, რომელიც საქართველოს შარშან თებერვალში სტუმრობდა, აღიარა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მისაღებად საჭირო ყველა კრიტერიუმი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის გერმანია–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხი და ის ევროკავშირის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტას მოითხოვს, რაც თავის მხრივ ასევე დამოკიდებულია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე სხვა ქვეყნებთან.

ლამერტმა, რომელიც თარჯიმნის საშუალებით საუბრობდა, ასევე განაცხადა, რომ უნდა გამოინახოს გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მინისტრების 10 ივნისის შეხვედრაზე მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა საბჭოში იმ პრინციპებზე მოხდება შეთანხმება, თუ როგორ უნდა წარიმართოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი იმ ფონზე, როდესაც საქართველომ უკვე დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი. 

მართალია უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის, რომელმაც, ევროკავშირის თქმით, ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა, ყველაზე ნაკლებად სადავოა თურქეთთან, უკრაინასთან და კოსოვოსთან შედარებით, მაგრამ საქართველოს საკითხი, როგორც ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა მიმდინარე კვირას სტრასბურგში, თურქეთისთვის და გარკვეულწილად უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გარშემო არსებული უთანხმოების „მძევალია“.

„როიტერის“ ინფორმაციით, ზოგიერთი დიპლომატი ბრიუსელში იმასაც ამბობს, რომ გერმანია შესაძლოა თანხმობის მიცემისგან თავს  იმიტომ იკავებს, რომ არ სურს საქართველოს უვიზო რეჟიმი უკრაინაზე ადრე მიეცეს, რადგან ამან შესაძლოა „კიევში პროდასავლური პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პოზიციები შეასუსტოს“.  

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თავის გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ის ახლა „უფრო ოპტიმისტურადაა“ განწყობილი.

„ჩვენ ვართ მეგობრებთან, პარტნიორებთან, ამიტომ ყველა საკითხი განვიხილეთ ღიად და კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ის ვალდებულება, რაც მას ჰქონდა შესასრულებელი, თუმცა, არის საკითხები, რომელიც გადასაწყვეტია ევროკავშირის დონეზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხებიც ძალიან მალე გადაწყდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

„საქართველოში მიმდინარე არც ერთი მოვლენა და პროცესი არ არის მაგიდაზე განსახილველი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა უსუფაშვილმა, რომელიც მიანიშნებდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის დამოკიდებული საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე, „პირიქით, როგორც მოისმინეთ, ბატონი თავმჯდომარისგან, საქართველოს შიდა პროცესები, ანუ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ჩვენს კოლეგებს და პარტნიორებს მიანიშნებს იმაზე, რომ უფრო სწრაფად მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა უფრო დაგვიანებით. საქართველოში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ცხოვრება პირიქით იქით მიანიშნებს ჩვენს პარტნიორებს, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწარაფად იქნას მიღებული“.

„ვიზალიბერალიზაციის საკითხში არათუ საქართველო და გერმანია, არამედ საქართველო და ევროკავშირიც არ ვმოქმედებთ იზოლირებულად სხვა პროცესებისგან და სხვა მოვლენებისგან“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი, ვიზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, მიგრაციის საკითხები, სხვა თემები, რომლებიც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ, ქართველებმა, თუ გვინდა გავხდეთ ოდესმე ევროპის სრულფასოვანი წევრი, უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ ევროპული სიკეთეების გათავისება, არამედ ევროპული პრობლემების გადაწყვეტაში ჩვენი წვლილის შეტანაც“, – განაცხადა მან.

„ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვისმენთ ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს იმ ნიუანსებთან დაკავშირებით, რომელიც იხილება სხვადასხვა დონეზე და ვართ ძალიან ოპტიმისტური, რომ კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იქნება მალე და იქნება დადებითი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ამასთანავე, ჩვენ ყველა თავს ვიკავებთ კონკრეტული თარიღების დასახელებისგან, თუმცა თქვენ უკვე მოისმინეთ მკაფიო განწყობა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ყველას ინეტერესშია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული“, – დასძინა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28