Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები ჩააგდო
Civil Georgia, Tbilisi / 10 ივნ.'16 / 14:00

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი 10 ივნისს, რამდენიმე თვიანი გაჭიანურების შემდეგ გამართულ კენჭისყრაზე ჩააგდო.

გადაწყვეტილების მიღებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა ვერცერთმა კანდიდატმა ამ ხმების ნახევარიც კი ვერ დააგროვა იმ ფონზე, როცა ქართული ოცნების უმრავლესობაში არ იყო ერთიანი პოზიცია კანდიდატებთან მიმართებაში.

თავდაცვის მინისტრის მოქმედმა მოადგილემ ანა დოლიძემ, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თებერვალში წარადგინა, 36 ხმა მიიღო. დოლიძე 2004 წლიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას თავმჯდომარეობდა, 2006 წლიდან კი აქტიურად იყო ჩართული კამპანიაში, რომლის მთავარი მოთხოვნა სანდრო გირგვლიანის საქმეში ეჭვმიტანილი მაღალჩინოსნების დასჯა იყო. 2007 წლიდან მან აშშ-ში განაგრძო სწავლა, სადაც შემდგომში სხვადასხვა უნივერსიტეტებში ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 2015 წლის მაისში კი დოლიძე თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის მოადგილედ დაინიშნა.  

თამარ ლალიაშვილმა, რომელიც 1993-1999 წლებში პროკურორი, ხოლო შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, ვიდრე  2005 წლის ბოლოს უზენაესი სასამართლოს ე.წ. მეამბოხე მოსამართლეებთან ერთად გაათავისუფლებდნენ თანამდებობიდან, 27 ხმა მიიღო.

ნონა თოდუამ, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ლალიაშვილთან ერთად მარტში წარუდგინა პარლამენტს დასამტკიცებლად და რომელიც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა სამართლის სფეროში, მხოლოდ 22 ხმა დააგროვა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა კენჭისყრის შემდეგ ქუთაისში ჟურნალისტებთან საუბარში კანდიდატურების ჩაგდება შეაფასა, როგორც პარლამენტის „დამარცხება სასამართლოს გაძლიერების საქმეში“.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ყავს მოკავშირეები სასამართლოს გაძლიერების საკითხში. დღეს პარლამენტმა ვერ მოახერხა მურუსიძე შეეცვალა დოლიძით, დღეს პარლამენტმა ვერ გაბედა მხარი დაეჭირა პროფესიული ნიშნით წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის. ფაქტიურად ამით საქართველოს პარლამენტმა მოახდინა უზენაესი სასამართლოს პარალიზება“, - განაცხადა მან. 

მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ლალიაშვილმა „გაუგებარი“ უწოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც „არ ასაბუთებს და არ ამბობს რატომ გვითხრა არა“.

„მე მრჩება წარმოდგენა ‘არა’ დოლიძეს, ‘არა’ თოდუას, ‘არა’ ლალიაშვილს, მაგრამ სამაგიეროდ ‘კი’ მურუსიძეს და მისნაირ მოსამართლეებს“, - დასძინა მან იუსტიციის საბჭოს მდივანზე და სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველ მოსამართლე ლევან მურუსიძეზე მინიშნებით, რომლის ახალი ვადით დანიშვნას სააპელაციო სასამართლოში იმ ფონზე, როცა მას 10-წლიანი ვადა ეწურებოდა უზენაეს სასამართლოში,  მწვავე საზოგადოებრივი კრიტიკა მოყვა.

„სასამართლო სისტემას სჭირდება არა მარტო რეფორმა, არამედ ტრანსფორმაცია - ეს ნიშნავს ღიაობას, რადიკალურ რეფორმებს და ახალი ხალხის შესვლას იქ“, - განაცხადა ერთ-ერთმა კანდიდატმა ანა დოლიძემ, „რაც უფრო დაგვიანდება ახალი სისხლის შეტანა სასამართლო სისტემაში, მით  უფრო დაგვიანდება სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილება“.

საქართველოს კანონმდებლობა პრეზიდენტს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენის მხოლოდ ორ შესაძლებლობას აძლევს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართულმა ოცნების უმრავლესობამ უზენაეს სასმართლოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები ჩააგდო. ანალოგიური მოხდა 2014 წლის აგვისტოში, თუმცა მაშინ ორ თვეში ხელმეორედ წარდგენილ იმავე კანდიდატებს პარლამენტმა უკვე მხარი დაუჭირა.

10 ივნისს გამართულ კენჭისყრას ბოიკოტის გამო არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები, რომლებიც ასევე არ უჭერდნენ მხარს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12