აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელს ართმევენ ერთმანეთს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ 6 ივლისს თბილისში. ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
6 ივლისს თბილისში ვიზიტის დროს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ხელი მოაწერა მემორანდუმს საქართველოსთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ და პირობა დადო, რომ აშშ კვლავ აღმოუჩენს ქვეყანას მხარდაჭერას მთელი რიგი მიმართულებებით დაწყებული თავდაცვითი შესყიდვებით და დამთავრებული ინფორმაციის ფართო გაზიარებით.
კერიმ, საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი განსაზღვრავს „ჩვენს პარტნიორობას უსაფრთხოების სფეროში და იმ ნაბიჯებს, რომელსაც ერთად გადავდგამთ საქართველოს მოქნილობის და თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“.
„მემორანდუმი, რომელსაც ახლა აქ მოვაწერეთ ხელი, ხელს შეუწყობს თავდაცვითი და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შეძენას ქართული ძალების თავსებადობის, მდგრადობის და განთავსების გასაუმჯობესებლად... რათა მათ შეძლონ ნატოს სხვა ძალებთან მუშაობა და თანამშრომლობა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
„ეს დაეხმარება განათლებასა და წვრთნაში, ოპერატიული და ტაქტიკური პერსონალის გაცვლაში, რაც ჩვენს შორის ოპერაციების გაუმჯობესებას შესაძლებელს გახდის“, – განაცხადა მან.
„თავდაცვის მართვის საუკეთესო პრაქტიკა განხორციელდება... ეს ასევე მოიცავს ერთობლივი და კომბინირებული წვრთნების ჩატარებას გამოცდილების გაზიარების მიზნით“, - განაცხადა მან.
„ეს ასევე მოიცავს თანამშრომლობას სასაზღვრო, საზღვაო და საჰაერო უსაფრთხოების კუთხით და ასევე ადგილი ექნება ინფორმაციის მზარდ გაზიარებას“, – განაცხადა კერიმ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეერთებული შტატები და საქართველო ინფორმაციის გაზიარების გაძლიერებას მთელი რიგი ღონისძიებებით გეგმავენ, მათ შორის იმ სისტემების შენარჩუნებით, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის გაცვლას „აშშ–ის და საქართველოს მიმართ მტრული ქმედებების და კონკრეტული საფრთხეების ან საქართველოს უსაფრთხოების და რეგიონალური სტაბილურობის შესახებ“; ასევე თანამშრომლობით ამგვარი საფრთხეების ანალიზზე; საფრთხეების ერთობლივი შეფასებით, რაც ასევე მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ აშშ–ის სამხედრო ობიექტებს, აქტივებს და პერსონალს; ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებით, რაც უზრუნველყოფს გაზიარებული ინფორმაციის უსაფრთხოებას და დაცვას და ასევე სტრატეგიული კომუნიკაციის გაფართოებას „იმ საფრთხეებთან უკეთ გასამკლავებლად, რაც რეგიონის სტაბილურობას ემუქრება“.
პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა, რომელმაც სახელმწიფო მდივანთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს, განაცხადა, რომ ეს შეთანხმება იმ სფეროებს მოიცავს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და გაზრდისთვის.
მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
„რაც შეეხება დღევანდელ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაფართოებას, ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენაა მიმართული და რომელიც საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება, რომელიც საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. ეს ითვალისწინებს უფრო მეტ ერთობლივ წვრთნებს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. ეს დოკუმენტი წარმოადგენს კიდევ ერთ დადასტურებას საქართველოს და ამერიკას შორის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ამ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტში „საუბარია ყველაფერზე, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას შეკავების პოლიტიკის განხორციელებისათვის“. მისი თქმით, ამ მემორანდუმს მოყვება სამოქმედო გეგმა, რომელსაც ქართული და ამერიკული მხარეების თვის ბოლოს ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე შეიმუშავებენ, რათა 2016 წლის ბოლომდე დაიწყოს მემორანდუმის „რეალურ ცხოვრებაში განხორციელება“.
პენტაგონის და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს 7 ივნისს აშშ–ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე, რომ უსაფრთხოების სფეროში საქართველოს დახმარების პროგრამაში აშშ მეტ ყურადღებას მიაქცევს, რომ ქვეყანამ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები გაზარდოს. ბოლო ათწლეულის მანძილზე აშშ–ის დახმარების პროგრამები ძირითადად მიმართული იყო ქართველი სამხედროების მომზადებაზე საერთაშორისო მისიებში განთავსებისთვის, მათ შორის ავღანეთში, ხოლო წვრთნები საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისკენ იყო მიმართული.
ნატოში ინტეგრაცია
კერიმ, რომელიც თბილისიდან ხუთშაბათს უკრაინაში გამგზავრება და შემდეგ უკვე 8–9 ივლისს ვარშავაში ნატოს სამიტზე დასასწრებად, განაცხადა, რომ მართალია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში შენელებაა საერთაშორისო გამოწვევების გამო, მაგრამ ეს უიმედობის მომენტად არ უნდა იქნას განხილული.
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერად რჩება და გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომლის თანახმადაც, საქართველო გახდება ნატოს წევრი. „ჩვენ ამ განცხადებას ვარშავაშიც დავუჭერთ მხარს“, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, „პროცესის შენელებას თავისი მიზეზები ჰქონდა“, რადგან ბევრი საერთაშორისო გამოწვევაა, მათ შორის უკრაინასთან და სირიასთან დაკავშირებული.
„მაგრამ საქართველო უკვე არის ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და ქართველმა ხალხმა ნამდვილად პოზიტიურად უნდა შეხედოს იმას, რაც საქართველომ განახორციელა“, – განაცხადა კერიმ, „ამდენად, ამას არ განვიხილავ, როგორც უიმედობის მომენტს ან უკუსვლის პროცესს; ამას განვიხილავდი, როგორც შემდგომ პროცესს, რომლითაც მყარდება ნდობა და შესაფერისი დრო მოდის საბოლოო ნაბიჯების გადასადგმელად“.
კერის განცხადებით რუსეთის მიერ „საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია და მილიტარიზაცია მიუღებელია.“
„ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას რომ შეასრულოს მის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება, მათ შორის შეიარაღებული ძალების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე,“ დასძინა მან.
არჩევნები „კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი“
ჯონ კერი აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თბილისში გამართული კომისიის სხდომასაც თანათავმჯდომარეობდა, სადაც დემოკრატიაზე, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, სავაჭრო და ენერგეტიკულ საკითხებზე და ხალხთა შორის და კულტურულ გაცვლებზე ანუ იმ პრიორიტეტულ სფეროებზე იმსჯელეს, რომლებიც 2009 წელს ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაშია ასახული.
მან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები „კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი“ იქნება საქართველოსთვის და დაშინებისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„საქართველო რეგიონში მშვიდობიანი დემოკრატიული ცვლილების და საარჩევნო პირობების გაუმჯობესების მოდელია სხვებისთვის“, – განაცხადა კერიმ.
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უფრო მეტი უსაფრთხოებისკენ, მეტი სტაბილურობისკენ და მეტი კეთილდღეობისკენ ქვეყნის მოსახლეობისთვის. ყველა ჩვენს საუბარში ვიმსჯელეთ ისეთი საარჩევნო გარემოს საჭიროებაზე, რომელიც თავისუფალი იქნება დაშინებისგან და ასევე შემდგომი პროგრესის შესახებ მედიის თავისუფლების დასაცავად“, – განაცხადა მან.
ეს თემა ასევე იქნა განხილული ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში კერის პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრისას. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ეს ასევე ერთ–ერთი ის საკითხი იქნება, რომელსაც ის ხვალ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განიხილავს.
ჯონ კერი ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების ლიდერებს შეხვდება. უკრაინაში გამგზავრებამდე, ხუთშაბათს დილით სახელმწიფო მდივანი ასევე გამართავს შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან.
ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ახალი, 15 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5 წლიანი ეკონომიკური პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს უნარების განვითარებაში და ფერმერებს შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება. პროგრამის პირდაპირი ბენეფიციარები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მაცხოვრებლები იქნებიან.
6 ივლისს ხელი მოეწერა ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანიცაა საქართველოსა და აშშ-ის თანადაფინანსებით ფულბრაიტის გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეთა რაოდენობის გაორმაგება.
უკანასკნელად ჯონ კერი საქართველოს სენატორის რანგში სტუმრობდა 2008 წლის დეკემბერში.
ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტით 2012 წლის ივნისში მაშინ იმყოფებოდა, როცა ეს პოსტი ჰილარი კლინტონს ეკავა.