Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სეპარატისტულ აფხაზეთში რეფერენდუმი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩაშლილად გამოცხადდა
Civil Georgia, Tbilisi / 11 ივლ.'16 / 12:25

სეპარატისტულ აფხაზეთში კვირას გამართული რეფერენდუმი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო ჩაშლილად გამოცხადდა.

სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მხოლოდ 1 628 ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებზე, რაც 1.2%–ია ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობისა, რაც 133 000–ს შეადგენს, იტყობინება „აფსნიპრესი“.

იმისათვის, რომ რეფერენდუმი ჩატარებულად გამოცხადებულიყო, მასში პოტენციურ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტს უნდა მიეღო მონაწილეობა.    

ცესკო–ს ინფორმაციით, 1 628 ამომრჩეველიდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეფერენდუმში, 750–მა მხარი დაუჭირა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ხოლო 761–მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომლებიც რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადებას ითხოვდნენ, კენჭისყრის წინა დღეს ბოიკოტი გამოაცხადეს.

აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ განკარგულებას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე 1 ივნისს  მოაწერა ხელი, რასაც დაახლოებით სამი თვით ადრე წინ უძღოდა ოპოზიციის მიერ ცესკო–ში შეტანილი პეტიცია  ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.

თუმცა, კენჭისყრამდე ხუთი დღით ადრე, 5 ივლისს, ოპოზიციური პარტიის „ამცახარას“ მხარდამჭერები და წევრები ქუჩის აქციაზე შეიკრიბნენ და ხელისუფლებას რეფერენდუმის გადადება მოსთხოვეს იმ მოტივით, რომ მათ კამპანიისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდათ; ოპოზიცია ასევე აცხადებდა, რომ არ ჰქონდა წვდომა სახელმწიფო ტელევიზიაზე, რათა საკუთარი გზავნილი მიეტანა ამომრჩევლებამდე.

საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ასეული დემონსტრანტი 5 ივლისს სოხუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შეჭრას შეეცადა; ოცამდე ადამიანი დაშავდა. ხელისუფლებას ოპოზიციის ზოგიერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწია – შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერდა, ხოლო ვადაგასული პასპორტების მქონე ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება მიეცათ; თუმცა აფხაზეთის ლიდერმა რეფერენდუმის გადადებაზე უარი თქვა.

პარტია „ამცახარამ“ 9 ივლისს განაცხადა, რომ ხაჯიმბას მიზანი რეფერენდუმის ფაქტობრივი ჩაშლა იყო, რათა ოპოზიციისთვის საკმარისი დრო არ მიეცა ვადამდელი  საპრეზიდენტო არჩევნების სასარგებლოდ კამპანიის ჩასატარებლად, რომ შემდეგ ეს ოპოზიციის წარუმატებლობად წარმოეჩინა. 

„ამას საზოგადოებრივი პროტესტის კიდევ უფრო დიდი ტალღა მოყვება“, – განაცხადა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა, „სახელმწიფომ არ შექმნა პირობები ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოხატვისთვის... ჩვენ არ ვაღიარებთ რეფერენდუმის შედეგებს“.

10 ივლისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო ოპოზიციის ბრალდებები.

„ცრუ ბრალდებები და რეალობის დამახინჯება ოპოზიციის დამახასიათებელი ნიშანი გახდა. მისი წარუმატებელი მცდელობები, რომ ხალხს რამდენიმე დაინტერესებული პირის სუბიექტური პოზიცია მოახვიოს თავს, ხაზს უსვამს ოპოზიციური ძალების წარუმატებლობას და მათ მიმართ ხალხის უნდობლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გასულ თვეს, რეფერენდუმის დანიშვნის დროს ხაჯიმბა ამბობდა, რომ რეფერენდუმის ჩატარება ოპოზიციის რეალური განზრახვა არ ყოფილა; მისი თქმით, ოპოზიცია იმედოვნებდა, რომ ის უარს ეტყოდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რასაც შემდეგ ისინი ქუჩის აქციებისა და „დესტაბილიზაციისთვის“ საბაბად გამოიყენებდნენ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8