სანდრა რულოვსი, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში იყრის კენჭს.
ის ზუგდიდის №66 ერთმანდატიან ოლქში ნაციონალურმა მოძრაობამ, იმ ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა, რომლის თავმჯდომარეც ოდესის ახლანდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი იყო, ვიდრე საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავდა.
ყოფილმა პირველმა ლედიმ, რომელიც ივლისიდან ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობდა, განუცადა მხარდამჭერებს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში 19 აგვისტოს გამართულ აქციაზე, რომ საქართველო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „დაპაუზებულია“ და მას არ სურს „პასიურად" ყოფნა და ამიტომაც მიიღო „ძალიან, ძალიან რთული გადაწყვეტილება“ პოლიტიკაში წასვლის თაობაზე.
„არ მინდა პასიურად ვიჯდე სახლში, არ მინდა ველოდო; ბევრმა მითხრა: ‘არ გინდა პოლიტიკა, ეს არის ტალახის სროლა, ეს არის დისკრედიტაცია, სკანდალები, უბედურება და სიბინძურე’ - ვიცი, მეც ადამიანი ვარ, რა თქმა უნდა, ეს მაწუხებს, მაგრამ უფრო მეტად მაწუხებს, რომ ქვეყანა ისევ გაქრება რუკიდან, როგორც 90-იან წლებში. ჩვენ ეს გვინდა? საქართველოს წინსვლა გვინდა“, - განაცხადა რულოვსმა აქციის მონაწილეებისადმი თავის მიმართვაში, რომელშიც ეთნიკურად ჰოლანდიელი ექს პირველი ლედი ასევე იყენებდა მეგრულს.
„ბევრმა ასე თქვა: ‘თქვენ გაქვთ ეს ძალა, თქვენ გაქვთ ეს სუფთა სინდისი, სუფთა გული, რომ შეხვიდეთ პოლიტიკაში’. რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა ბოლო თვეები, ძალიან, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა აქციაზე, სადაც მის გვერდით დეპუტატი და ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე და პარტიის სხვა ლიდერები იდგნენ.
„ძალიან ხშირად მიშას ვესაუბრებოდი ამაზე, რომ თვალებში შეგხედავ-მეთქი და მე ნამდვილად უნდა ვიცოდე, რომ რაც მოხდა ცუდი [ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში], აღარ განმეორდეს და დამიჯერეთ, მე აქ არ ვიდგებოდი, თუ არ ვიქნებოდი დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ ძალადობის გამეორება ნამდვილად არ გვექნება“, - განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ წარდგენის ადგილად სოფელი კორცხელი შეირჩა, როგორც ნაციონალური მოძრაობის „მომავალი გამარჯვების სიმბოლო“.
მაისში, ადგილობრივი საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე კორცხელში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მოიგო მაჟორიტარული მანდატი, აჯობა რა 10 ხმით ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან მთავარ კონკურენტს. კენჭისყრის მიმდინარეობის დროს საარჩევნო უბნის გარეთ ძალადობა მოხდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი ლიდერი და აქტივისტი ქართული ოცნების მხარდამჭერებმა სცემეს.
„კორცხელი არის სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელიც მაისში მოვიპოვეთ ერთად და დღევანდელი დღიდან, კორცხელი იქნება სიმბოლო იმ გამარჯვების, რომელსაც მოვიპოვებთ აქაც, ზუგდიდში, სამეგრელოშიც და მთელ საქართველოში“, - განაცხადა ბაქრაძემ, „ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მიზანი არის იმ უკუსვლის და იმ შავბნელ წარსულში დაბრუნების გაჩერება, რომელსაც დღეს გვათავაზობს ქართული ოცნება და ივანიშვილი“.
„ჩვენ 2012 წლის არჩევნები დაუმსახურებლად არ წაგვიგია - წავაგეთ შეცდომებიდან გამომდინარე, მაგრამ არც ივანიშვილი წააგებს შემთხვევით ამ არჩევნებს... ჩვენ დავინახეთ ოთხი წლის განმავლობაში, რომ ივანიშვილმა ყველაფერი არათუ ვერ შეძლო, არც კი მოინდობა და რაც მოინდომა და რაც შეძლო, ეს ძალიან კარგად დავინახეთ - მისი ბიზნესის კიდევ უფრო განვითარება თქვენს ხარჯზე“, - მიმართა მხარდამჭერებს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა ნიკა მელიამ კორცხელში, სადაც სამი თვის წინ მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე თავად იყო.
მმართველმა პარტიამ, ზუგდიდის №66 ერთმანდატიან ოლქში, სადაც სანდრა რულოვსი იყრის კენჭს, თავის მაჟორიტარ კანდიდატად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია წარადგინა, რომელმაც 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები 52.14%-ით მოუგო მეორე ადგილზე გასულ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თენგიზ გუნავას, რომელმაც ხმების 41.1% მიიღო.
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ერთმანდატიანი ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის.
პარლამენტის დანარჩენი 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ.