Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარნეულის საარჩევნო უბანზე მომხდარმა დაპირისპირებამ ხმის მიცემის პროცესი შეაფერხა
Civil Georgia, Tbilisi / 8 ოქტ.'16 / 19:13

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე 48–ე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც იქ დაპირისპირება მოხდა.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ საჯარო სკოლას, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც ფანჯრები ჩაიმსხვრა.

საარჩევნო უბნის წინ შეკრებილი ათობით მამაკაცი  შეჭრას შეეცადა შენობაში, რომელსაც პოლიცია იცავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა ერთი პოლიციელი დაშავდა.

საღამოს ადგილზე სპეცრაზმი მივიდა და იქ შეკრებილები სკოლის ეზოს გარეთ გაიყვანა.

თავიდანვე არ იყო ცნობილი, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი, მაგრამ პარტია ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ ერთმანეთი დაადანაშაულეს მის პროვოცირებაში.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ საარჩევნო ყუთი „გაქრა“ უბნიდან  და მან მმართველი პარტიის მხარდამჭერები საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

ტუღუშის თქმით, ეს „ისტერიკა და ძალადობა“ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ქართული ოცნება მარცხდება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარყო ის ფაქტი, რომ საარჩევნო ყუთი გაიტაცეს.

"დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საარჩევნო ყუთი არის საარჩევნო უბანზე", - განაცხადა ცესკოს წარმომადგენელმა ანა მიქელაძემ და დასძინა, რომ ადგილზე პოლიცია იცავს მას.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომელთაც დაპირისპირების პროვოცირება მოაწყეს და შენობაში შეჭრას შეეცადნენ, მარნეულში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის მხარდამჭერები იყვნენ. კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები შენობაში შეჭრას შეეცადნენ, რათა საარჩევნო ყუთი გაეტაცათ. ნაციონალურმა მოძრაობამ უარყო, რომ მისი აქტივისტები იმყოფებოდნენ ინციდენტის ადგილას.

იმამკულიევმა, რომელიც ინციდენტის ადგილას მივიდა, უთხრა ჟურნალისტებს, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების აქტივისტები, მათ შორის პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკიდან, იყვნენ შეკრებილი საარჩევნო უბანთან და ხმების გაბათილებას ითხოვდნენ.    

საუბნო კომისიის შესასვლელში მდგომმა ერთ-ერთმა ადამიანმა მიმართა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს: „ეს ხალხი დააწყნარეთ, ქვებს ნუ ისვრიან, თავი გაუტეხეს პოლიციელებს“, რაზეც იმამკულიევმა უპასუხა: „მე ვარ პასუხისმგებელი ამჟამად, რომ ჩემი მოსვლისთანავე არავინ არავის არ ესვრის“.

შემდეგ მან განაცხადა: "აქედან მე ვეუბნები ბატონ კვირიკაშვილს, რომელიც პირდებოდა მოსახლეობას, რომ იქნება მშვიდი გარემო არჩევნებისთვის. ბატონო კვირიკაშვილო, ან თქვენ უნდა მოხვიდეთ დღეს აქ და დაამშვიდოთ ეს ხალხი ან ჩვენ შევდივართ შიგნით და უნდა გამოვიტანოთ ეგ ყუთი და აქ გავხსნათ, რომ გაბათილდეს ეს ყველაფერი".

"მე მინდა, რომ ქართული ოცნება გამოვიდეს პირდაპირ ეთერში და აღიაროს თავისი მარცხი; მე ამ ხალხს ვერაფრით ვერ გავაჩერებ", - განაცხადა იმამკულიევმა.

თბილისში, საარჩევნო უბნების დახურვამდე 2 საათით ადრე ჟურნალისტებთან საუბრისას ბურჭულაძემ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებულია და მან მოუწოდა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომ დამარცხება აღიაროს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას ნაციონალური მოძრაობისა და პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის მომხრეები შეეცადნენ.

„ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა“, - აცხადებს შსს და დასძენს, რომ „საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს“.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ 48–ე საარჩევნო უბანზე განთავსებული საარჩევნო ყუთი „დაცული და მთლიანია“. 

„ხმის მიცემა შეჩერებულია“ , განაცახდა მან. „იმ შემთხვევაში თუ არსებობს რაიმე ტიპის პრეტენზია, ყველა უნდა დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში“.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6