22 ოქტომბერს ოთხ უბანზე ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით გამარჯვებული ვერცერთი კანდიდატი პირველივე ტურში ვერ იგებს არჩევნებს და მაჟორიტარის გამოსავლენად მარნეულისა და ზუგდიდის ერთმანდატიან ოლქებში მეორე ტურები დაინიშნება.
განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბანზე 68 ხმით მოუგო ქართული ოცნების კანდიდატს თამაზ ნავერიანს. ამ შედეგების გათვალისწინებით, აკმამედ იმამკულიევი ხმათა 48.11%-ით უსწრებს თამაზ ნავერიანს, რომელსაც 43.43% აქვს.
მარნეულის მსგავსად, 50%-იანი ბარიერის მიღმა დარჩნენ მაჟორიტარი კანდიდატები ზუგდიდის 66-ე ოლქშიც, სადაც განმეორებითი კენჭისყრა შაბათს 38–ე, 79–ე და 108–ე უბნებზე გაიმართა.
ამ სამი უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ნაციონალური მოძრაობიდან 543 ხმით დამარცხდა ქართული ოცნების კანდიდატთან ედიშერ თოლორაიასთან, რომელმაც განმეორებით არჩევნებში სამივე უბანზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმების თანახმად.
განმეორებითი კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, თოლორაია, რომელიც 2014 წლიდან ზუგდიდის პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი იყო, ვიდრე მაჟორიტარად კენჭისყრის გამო გადადგებოდა, ხმათა 48.63%-ით ამარცხებს რულოვსს, რომელსაც პირველ ტურში 44.8% აქვს მიღებული.
ზუგდიდის სამ უბანზე 22 ოქტომბერს ასევე გაიმართა გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა, რომელმაც ასევე ვერ გამოავლინა გამარჯვებული პირველივე ტურში, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ასევე მეორე ტური გამოვლენს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ბესიკ გაბუნიას (44. 82%) და ქართული ოცნების კანდიდატს ლაშა გოგიას (44.17%) შორის; ამ უკანასკნელმა განმეორებით კენჭისყრაზე, 515 ხმით, ორჯერ მეტი უპირატესობით დაამარცხა მეტოქე ნაციონალური მოძრაობიდან.
ცესკოს განცხადებით, მეორე ტურები მარნეულსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სავარუდოდ 30 ოქტომბრისთვის გაიმართება; სწორედ ამ დღეს არის დანიშნული პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები დანარჩენ 48 ერთმანდატიან ოლქში, სადაც პირველმა ტურმა ასევე ვერ გამოავლინა გამარჯვებული მაჟორიტარები განსხვავებით იმ 23 ოლქიდან, სადაც ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატებმა 8 ოქტომბრის არჩევნებზე გაიმარჯვეს.
8 ოქტომბერს არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარი დარღვევების გამო შედეგების გაბათილებამ განაპირობა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება ოთხ უბანზე - მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე შედეგები იმის გამო გაბათილდა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები საარჩევნო უბანზე შეჭრას შეეცადნენ და ხმის მიცემის პროცესი ჩაშალეს, რისთვისაც 6 პირია დაკავებული; ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის 79–ე და 108–ე უბნებზე კი შედეგების გაბათილება საარჩევნო უბნების დარბევამ განაპირობა, რის გამოც ორი პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის ერთ-ერთს, რომელიც სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდამჭერია, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.