ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად იმ კვალიფიციური სუბიექტების რაოდენობა, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებენ, 11-დან 20-მდე გაიზარდა და ასევე, ნაწილობრივ შეიცვალა იმ პარტიების კონფიგურაცია, რომელთაც ცესკოში წევრის დანიშვნის უფლება ექნებათ დაფინანსების სიდიდეზე დაყრდნობით.
პარტიების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 22 ნოემბერს გამოსცა.
საბიუჯეტო დაფინანსებას, კანონმდებლობა იმ პარტიებს მიაკუთვნებს, რომელთაც უკანასკნელ საპარლამენტო და ასევე ადგილობრივ არჩევნებში ხმათა 3% მაინც დააგროვეს დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში. დაფინანსების ოდენობას განსაზღვრავს ასევე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრის მიერ პარლამენტში ფრაქციის შექმნა.
სწორედ ამ კრიტერიუმზე დაყრდნობით გაეზარდა მრეწველთა პარტიას დაფინანსება, რადგან მისი წარდგენით პარლამენტში არჩეულმა ერთადერთმა დეპუტატმა, ხაშურის მაჟორიტარმა სიმონ ნოზაძემ ქართული ოცნების დახმარებით უმრავლესობის ფარგლებში 6-წევრიანი ფრაქცია შექმნა.
კანონმდებლობის მიხედვით, 13-წევრიან ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნა იმ 7 კვალიფიციურ პარტიას შეუძლია, რომლებსაც სხვებზე მეტი დაფინანსება აქვთ.
ეს პარტიები, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების მიხედვით, არიან: „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“, რომლის წლიური საბიუჯეტო დაფინანსებაც 2 082 238 ლარს შეადგენს; ნაციონალური მოძრაობა - 1 122 526 ლარი; ნინო ბურჯანაძის გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 997 037 ლარი; ნაციონალურ მოძრაობასთან საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკში გაერთიანებული პარტია ევროპული საქართველო - 895 726 ლარი; საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 744 008 ლარი; 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობასთან ბლოკში გაერთიანებული ქრისტიან-კონსერვატიული პარტია - 598 698 ლარი; მრეწველთა პარტია - 536 572 ათასი ლარი.
მრეწველებმა, რომელთაც საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 0.78% მიიღეს, ცესკოს მიღმა დატოვეს „თავისუფალი დემოკრატები“, რომელთაც 4.63% დააგროვეს არჩევნებზე და საბოლოო ჯამში, 512 196 ლარის ოდენობით წლიური საბიუჯეტო დაფინანსება მიიღეს.
ამდენად, ცესკოში წევრი პარტიული კვოტით ეყოლება ქართულ ოცნებას და მასთან საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფ მრეწველებს; ნაციონალურ მოძრაობას და მასთან ბლოკში მყოფ კიდევ ორ პარტიას - ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიას და ევროპულ საქართველოს; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას; და პატრიოტთა ალიანსს. ეს უკანასკნელი, ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირებული ორი პარტია, ცესკოს ამჟამინდელ შემადგენლობაში წარმოდგენილი არ ყოფილა.
ცესკოში ადგილს დაკარგავენ კონსერვატორები, რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები. ამ ორმა უკანასკნელმა პარტიამ გააკრიტიკა ქართული ოცნება ცესკოში ადგილის მოსაპოვებლად მრეწველებთან გარიგების გამო.
სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს ასევე დანარჩენი თორმეტი პარტია: ლეიბორისტული პარტია - 472 812 ლარი; დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველო - 241 625 ლარი; კონსერვატიული პარტია (რომელიც საპარლამენტო არჩევნებში არა დამოუკიდებლად, მაგრამ ქართული ოცნების სიით გავიდა, თუმცა ადგილობრივ არჩევნებზე მაშინდელი მმართველი კოალიციის ბლოკში იყო) – 236 572 ლარი; რესპუბლიკური პარტია - 236 572 ლარი; ეროვნული ფორუმი - 236 572 ლარი; პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის და მისი პარტნიორი საარჩევნო ბლოკში გიორგი ვაშაძის „ახალი საქართველო“, რომელთაც ხმათა 3.45% მიიღეს საპარლამენტო არჩევნებზე, თითოეული 195 511 ლარს მიიღებს; პატრიოტთა ალიანსთან ბლოკში გაერთიანებული ხუთი პარტია: ტრადიციონალისტები, კახა კუკავას თავისუფალი საქართველო, პარტია თავისუფლება, საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობა და ახალი ქრისტიან დემოკრატები 87 024 ლარს მიიღებენ თითოეული წლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, კვალიფიციური სტატუსის მქონე 20 პარტიის წლიური დაფინანსება ჯამში 9 739 296 ლარს შეადგენს.